Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკვლევა ბიზნესგარემოსა და კონკურენციის პოლიტიკის შესახებ


მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა ორი პრეზენტაცია გააცნეს. საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში - ეს ის საკითხებია, რომლებიც ეკონომიკის ექსპერტებმა თავიანთ პრეზენტაციებში მოაქციეს.

მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო წლიდან წლამდე უმჯობესდება, ბიზნესგარემოს გამოკვლევაზე მომუშავე ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ სფეროში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ბიზნესგარემოს სრულყოფის კონცეფცია საზოგადოებას დავით ნარმანიამ, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა წარუდგინა. სახელმწიფოს დომინანტური როლი ეკონომიკისა და ბიზნესის კეთებაში - დავით ნარმანია ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას სწორედ ამ მიმართულებით ხედავს. მისი მტკიცებით, სახელმწიფო ცდილობს უცხოური კრედიტების აღებითა და მიღებული დახმარებებით წაახალისოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, რათა მიიღოს ნომინალური ზრდის მაჩვენებელი. სახელმწიფოს მხრიდან ამ ფორმით წახალისებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ არის წარმატების და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, მიაჩნია დავით ნარმანიას და ქართულ ბიზნესგარემოში არსებულ სხვა პრობლემებზეც მიუთითებს:

ქვეყანაში მონოპოლიების და ოლიგოპოლიების საქმიანობის შეზღუდვა - ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია ...
დავით ნარმანია
”ძალიან მაღალია საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები, ხშირია ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საგადასახადო განაკვეთები არ არის მაღალი, ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის რთული ადმინისტრაციული პროცედურები. ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ჩვენს რეგიონში.”

როგორც დავით ნარმანია ამბობს, მცირე და საშუალო ბიზნესი ხელისუფლების არანაირ პრიორიტეტებში არ ხვდება და ამის დასტურად მას ახალი საგადასახადო კოდექსი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, დავით ნარმანიას თქმით, 2011 წლის პირველი იანვრიდან შემოღებული მცირე ბიზნესის ფიქსირებული გადასახადები ფორმალურ მხარედ იქცა და ვერ შექმნა მისი სტიმულირების მყარი სამართლებრივი თუ ეკონომიკური გარანტიები.

დავით ნარმანია ლაპარაკობს პრობლემებზე საკუთრების უფლების დაცვის მხრივაც, რაც ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. აქვე გეტყვით, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის უკანასკნელ ინდექსში საქართველო 142 ქვეყანას შორის საკუთრების უფლების დაცვის კუთხით 120-ე ადგილზეა და ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს.

ქვეყანაში იგნორირებული თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია, ბაზარზე არსებული მონოპოლიები და ოლიგოპოლიები - დავით ნარმანიას თქმით, ეს ფაქტორები ქართულ ბიზნესგარემოს მნიშვნელოვნად აზარალებს:

დავით ნარმანია
დავით ნარმანია
”ქვეყანაში მონოპოლიების და ოლიგოპოლიების საქმიანობის შეზღუდვა - ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია. ამის მერე კანონმდებლობითა და გარკვეული პროცედურებით თავისუფლად შეიძლება სიტუაცია ჩარჩოებში ისე მოექცეს, რომ კომპანიები მნიშვნელოვნად არ შეიზღუდონ. ის, ვინც ბუნებრივად მიაღწია ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ მან ეს მდგომარეობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და არ უნდა დააწესოს, თავისი გავლენიდან გამომდინარე, ხელოვნურად მაღალი ფასები.”

ბიზნესში არსებული კონკურენციის პოლიტიკა გაიხადა გამოკვლევის საგნად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ლაფაჩმა. როგორც ის ამბობს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის განვითარების რაიმე პოზიტიური საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ინიციატივა არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით 2010 წელს მიღებულ კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც, მისი თქმით, ქაღალდზე ნამდვილად კარგად გამოიყურება. როგორც ქეთევან ლაფაჩი ამბობს, ქვეყანას დღემდე არ გააჩნია კონკურენციის პროცესების დამცავი არც ქმედითი საკანონმდებლო ბაზა და არც შესაბამისი ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ ის თავის პუბლიკაციაში რამდენიმე რეკომენდაციის შესახებ წერს:

გადამწყვეტია ის, რომ ქართული ეკონომიკა, ქართული ექსპორტი, ინვესტიციები იზრდება. ქართული კომპანიები არიან წარმატებული კომპანიები და ე.ი. საქართველოში წარმატებული ბიზნესის კეთება შესაძლებელია ...
ვახტანგ ლეჟავა
”უნდა შეიქმნას ცხადი და გამჭვირვალე წესები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენციის დაცვასა და განვითარებას. და ასევე უნდა შეიქმნას შესაბამისი ინსტიტუტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ყოველგვარი სამთავრობო ჩარევებისგან და, რაც მთავარია, ის უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალი, მიუკერძოებელი კადრებით.”

ექსპერტთა აზრს, რომ საქართველოს ბიზნესგარემოში უკანასკნელ წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა, კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ლეჟავა, რომელიც ოპონენტთა საპირისპიროდ რამდენიმე არგუმენტს იშველიებს:

”არ ვიცი, ალბათ ეს ექსპერტები თვითონ არ აწარმოებენ ბიზნესს, ამიტომ მათი აზრი ამის თაობაზე ალბათ არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია ის, რომ ქართული ეკონომიკა, ქართული ექსპორტი, ინვესტიციები იზრდება. ქართული კომპანიები არიან წარმატებული კომპანიები და ე.ი. საქართველოში წარმატებული ბიზნესის კეთება შესაძლებელია.”

როგორც ვახტანგ ლეჟავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დონე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ხელისუფლებას და ზოგადად საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ შეეძლო წარმოედგინა.
XS
SM
MD
LG