ერთი კვირის წინ რუსეთის მოქალაქეობის გარეშე დარჩა კან კვარჩიაც - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომელიც, ლეუან მიქაასთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლებში. 2024 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამ დეპუტატს: გარი მულდაროვს, დავით სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს.
პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდით, მოსკოვი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას იყენებს, როგორც ახალი კავკასიური პოლიტიკის ინსტრუმენტს.
ლეუან მიქაა ჩართული იყო 2024 წლის ნოემბერში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში, რომლებსაც მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
პროტესტი მოყვა ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომლის წინააღმდეგი იყო ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილი. სწორედ კვარჩიამ და მიქაამ გადაკეტეს 2024 წლის 11 ნოემბერს გუმისთის ხიდი მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა უშიშროების ძალებმა ოპოზიციის წარმომადგენლები დაიჭირეს.
ლეუან მიქააც და კან კვარჩიაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას გუნდის წევრები არიან.
რუსეთის შს სამინისტროს განმარტებით, აფხაზეთის მკვიდრი კვარჩია რუსული პასპორტის გარეშე დარჩა იმ „ქმედებების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს“.
კან კვარჩია არის აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი, ადგურ არძინბას ახლო მეგობარი და 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. კვარჩია ასევე ცნობილია, როგორც 2024 წლის დეკემბერში ე.წ. პარლამენტის სხდომაზე მომხდარი სროლის საქმის ფიგურანტი. შემთხვევის შედეგად დაიღუპა დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, თავად კვარჩია კი დაიჭრა.
როგორც ადგილობრივი მიმომხილველები წერენ, 15 თებერვლისათვის დანიშნული ე.წ. არჩევნების წინ მოვლენების ასეთი განვითარება არანაირად არ ასხამს წყალს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ადგურ არძინბას წისქვილზე, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატის ახლო წრეში იმყოფება არა უბრალოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე დეპუტატი, რომელიც სისხლიან გარჩევებშია ჩართული, არამედ პერსონა, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია სოხუმის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორისთვის, რუსეთისთვის.
ადგურ არძინბა, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, სავარაუდოდ, შეეცდება თავი დაიცვას ოპოზიციის საყვარელ სტილში: დაადანაშაულოს მოქმედი ხელისუფლება იმაში, რომ არ შეუძლია ადეკვატური ოპონირება გაუწიოს მოსკოვს, როცა საქმე ეხება თანამემამულეების ინტერესების დაცვას.
სავარაუდოდ, სწორედ ამგვარი ბრალდებების პრევენციის მიზნით, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა გაარკვიოს პარლამენტის წევრ კან კვარჩიასა და სამოქალაქო აქტივისტის, ლეუან მიქაას რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.
რას ერჩიან კვარჩიას?
კან კვარჩიას რუს ოპონენტთა შორის არიან ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ მეთაური და რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე აფტი ალაუდინოვი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი.
2024 წლის 30 სექტემბერს ზატულინმა განაცხადა, რომ კან კვარჩია ერთ-ერთია იმათ შორის, ვინც საფრთხეს უქმნის „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჩამოყალიბებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს“.
ზატულინის თქმით, „კვარჩია ქირქილებდა, რუსეთის არმია იმდენად სუსტია, რომ ხარკოვის აღებაც კი არ შეუძლიაო“.
„ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც მადლობელი უნდა იყვნენ, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა აფხაზეთს და აღიარა მისი დამოუკიდებლობა. <...> აფხაზეთში უხეშად ილახება რუსეთის მოქალაქეების უფლებები, რაც გამოწვეულია იმით, რომ რესპუბლიკაში კვლავ მძლავრობს უწინდელ ისტორიასთან დაკავშირებული სინდრომი, როდესაც აფხაზები საკუთარ მიწაზე უმცირესობაში იყვნენ.
ამის გამო გასაქანი ეძლევა შეთქმულების თეორიებს, რომ თუ დაამტკიცებენ კანონს აპარტამენტების შესახებ, აფხაზეთში რუსეთიდან 150 ან 140 მილიონი ადამიანი ჩასახლდება და, შედეგად, აფხაზებს არსად ექნებათ საცხოვრებელი და ისინი აღარ იქნებიან ამ მიწის ბატონ-პატრონი“, - განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა, რომლის თქმითაც, აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ და, ამავდროულად, „ზიანს აყენებენ რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს“, არანაირ უხერხულობას არ განიცდიან იმის გამო, რომ ჯიბეში ორი პასპორტი უდევთ.
„მე არ ვარ ამ რეპრესიული ღონისძიებების მომხრე. არავინ ართმევს მათ აფხაზეთის მოქალაქეობას. როგორც აფხაზეთის მოქალაქეებს, სრული უფლება აქვთ იცხოვრონ თავიანთ სამშობლოში, მაგრამ შეწყვიტონ თავის წარმოჩენა რუსეთის მოქალაქეებად“, - განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.
კან კვარჩია ასევე მოხვდა ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ მეთაურისა და რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის აფტი ალაუდინოვის თვალსაწიერში. 2024 წლის 30 სექტემბერს რუსულმა ტელეგრამარხმა „საიდუმლო კანცელარიამ“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ სწორედ კან კვარჩია იყო წინააღმდეგი, სოხუმში გამართული გამოფენიდან მოეხსნათ ჩეჩენი საველე მეთაურისა და ტერორიზმში ბრალდებული შამილ ბასაევის ქება-დიდების შემსხმელი ექსპოზიცია.
„კან კვარჩია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არასოდეს იყოს ძმობა და ერთობა ჩეჩენ და აფხაზ ხალხს შორის. მინდა კითხვა დავუსვა აფხაზებს და ამ ამხანაგ კანს. ნუთუ მართლა მზად ხართ იმისთვის, რომ თქვენი პირადი ინტერესების განსახორციელებლად ურთიერთობა გაიფუჭოთ კავკასიის ყველა ხალხთან? როდისღაც, ალბათ, შამილ ბასაევი იყო გმირი, მაგრამ შემდეგ ის გაგიჟდა, პირსისხლიანი მკვლელი გახდა. მის სინდისზეა უამრავი ადამიანის სიკვდილი”, - განაცხადა მაშინ აფტი ალაუდინოვმა, რომლის თქმითაც, ბასაევმა ჩაიდინა „ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქციელი ჩეჩენი ხალხის ისტორიაში, როცა მძევლები აიყვანა ბუდიონოვსკის სამშობიარო საავადმყოფოში (დაიღუპა 129 ადამიანი. 1995 წლის ივნისი). გარდა ამისა, „ახმატის“ მეთაურის თქმით, ბასაევი „პირდაპირ მონაწილეობდა მისი ძმის მკვლელობაში“.
„აფხაზეთის გმირის“, შამილ ბასაევის ფოტო გამოიფინა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმში, რაც მწვავედ გააკრიტიკა სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩომ, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიუღებლად მიიჩნევდნენ ტერორისტის პორტრეტის გამოფენას.
ფოტოსთან დაკავშირებული სკანდალის გამო მუზეუმმა დახურა თანამედროვე ისტორიის დარბაზი, თუმცა რუსული საინფორმაციო სააგენტოებისათვის მიცემულ კომენტარში მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ფოტოს ჩამოხსნას მანამ, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას (ან არ გამოიცემა საგანგებო ბრძანება) ბასაევისთვის აფხაზეთის გმირის წოდების ჩამორთმევის შესახებ.
შამილ ბასაევი მონაწილეობდა 1992-93 წლების ომში. განსაკუთრებული დამსახურებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, ვლადისლავ არძინბამ მას „აფხაზეთის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოგვიანებით ბასაევმა მოაწყო არაერთი გახმაურებული ტერორისტული აქტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რის გამოც წლების განმავლობაში ოფიციალურად მიიჩნეოდა რუსეთის N1 ტერორისტად.
შამილ ბასაევმა აიღო პასუხისმგებლობა ბესლანის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მძევლად აყვანაზე, რომლის შედეგადაც დაიღუპა 333 ადამიანი, მათ შორის - 186 ბავშვი.
რას ერჩიან ლეუან მიქაას?
2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში კვარჩიასა და ადგურ არძინბასთან ერთად ართული იყო ლეუან მიქააც. როგორც ადგილობრივი მიმომხილველები ამბობენ, ის ცნობილია თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით, რომლის რიგებშიც გამოირჩევა ახალგაზრდული ორგანიზაცია „ХараХПицунда“. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ ფართო აღიარება მოიპოვა 2023 წელს გამართული საპროტესტო აქციების დროს, როცა რუსეთისათვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის საკითხი წყდებოდა.
ლეუან მიქაას კავშირები აქვს თურქეთის პოლიტიკურ წრეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, თურქეთის კავკასიური საზოგადოებების ფედერაციასთან (KAFEED).
2023 წელს მიქაამ მონაწილეობა მიიღო თურქეთში გამართულ კონფერენციაში, სადაც აფხაზეთის პოლიტიკური მომავალი განიხილებოდა. მაშინ თურქული მედია წერდა, რომ „პრაგმატიკოსი, ბ-ნი მიქაა“ იმათ შორისაა, ვისაც სჯერა, რომ კავკასიის რეგიონის ხალხების კეთილდღეობა მხოლოდ ანკარის შუამავლობით მიიღწევაო.
2024 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზეთში სკანდალი გამოიწვია ოპოზიციური ტელეგრამარხების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, კერძოდ იმან, რომ ასლან ბჟანია, რომელიც მაშინ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, დმიტრი კოზაკთან შეხვედრაზე განიხილავდა აფხაზი ე.წ. დეპუტატებისათვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს.
საუბარი იყო იმ დეპუტატებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, რათა განეხილათ მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი“.
ასლან ბჟანიამ მაშინ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ არ აუღია ვალდებულება, რომ ინფორმაციას მიაწვდიდა რუსულ მხარეს.
2024 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს დავით სანაკოევს, ძამბოლატ მედოევსა და გარი მულდაროვს. მეტიც, მათ რუსეთში შესვლაც აეკრძალათ 2049 წლამდე. მიზეზად დასახელდა „მოქმედებები, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან“. ე.წ. ოსი დეპუტატები მოითხოვდნენ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის გადახედვასა და შეცვლას.
რის მიღწევას ცდილობს მოსკოვი?
Telegram-არხი „აფხაზია-ცენტრი“ დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, კრემლის ახალი კავკასიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომლის ამოქმედებასაც შეიძლება ჰქონდეს შემდეგი პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგები:
- რუსეთის ფედერაცია ხაზს უსვამს, რომ ბჟანიას გადადგომა და რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის შეჩერება ეწინააღმდეგება მოსკოვის ინტერესებს
- ანტირუსული რიტორიკა დაუსჯელი არ დარჩება
- ეს გაკვეთილია სხვა აფხაზი პოლიტიკოსებისთვის
- კვარჩიასა და მიქაას აფხაზმა ოპონენტებმა მოახერხეს რუსების დარწმუნება იმაში, რომ ეს ორი პოლიტიკოსი პროთურქული და პროდასავლური პოლიტიკის გამტარებლები არიან
- რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას სავარაუდოდ მოჰყვება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, რაც ავტომატურად გამოიწვევს კვარჩიასა და მიქაას იზოლაციას
მოსკოვი რომ ღიად მტრობს ე.წ. ოპოზიციას და კვლავინდებურად მხარს უჭერს ბჟანიას ხელისუფლებას, კარგად ჩანს სოციოლოგიური კვლევიდანაც, რომელიც 24 იანვარს გამოაქვეყნა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ).
ВЦИОМ-ის მტკიცებით, სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18 წლის და უფროსი ასაკის აფხაზეთის 1634-მა მკვიდრმა, რომელთა ხმები 15 თებერვლის არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ასე განაწილდა:
- ბადრა გუნბა, მმართველი პარტიის კანდიდატი და ასლან ბჟანიას დროს ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი – 32%
- ადგურ არძინბა, აფხაზეთის სახალხო მოძრაობისა და ოპოზიციის ლიდერი – 15%
- ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში – 7%
- რობერტ არშბა, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი – 5%
- ადგურ ხურხუმალი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე – 5%
- ყველას წინააღმდეგ – 4%
- გაუჭირდა პასუხის გაცემა - 34%
ВЦИОМ-ის ინფორმაციით, „მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დეკლარირებული აქტივობა 69%-ია: 51%-მა უპასუხა, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 18%-მა კი - დიდი ალბათობით მიიღებს.
„რუსეთისადმი დამოკიდებულების შესახებ კითხვაზე, გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (91%) განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება საკმაოდ პოზიტიურია“, - იუწყება ВЦИОМ-ი.
თუმცა, სპეციალისტების შენიშვნით, აფხაზეთში არ ტარდება რეგულარული სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც სოციოლოგებს აქტუალურ საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების იდენტიფიცირების საშუალებას მისცემდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებულმა იშვიათმა კვლევებმა ყოველ ჯერზე წამოჭრა კითხვები, რადგან არაფერი იყო ცნობილი არც მეთოდოლოგიისა და არც რესპონდენტთა შერჩევის შესახებ.
ფორუმი