Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთელი ქვეყანა ამისკენ მივდიოდით“ - როგორ მოკლეს ე.წ. დეპუტატი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში?


აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვახტანგ გოლანძიას ხსოვნას.
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვახტანგ გოლანძიას ხსოვნას.

ამ დრომდე მიმალულია ადგურ ხარაზია, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი, რომელსაც კოლეგის მკვლელობისთვის ეძებენ.

საკომიტეტო მოსმენაზე ამტყდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა ვახტანგ გოლანძია, კან კვარჩია კი დაიჭრა. ეს სისხლიანი გარჩევა პარლამენტის შენობაში მოხდა.

აფხაზეთში ბოლო ერთი თვეა მწვავე ენერგეტიკული კრიზისია. ხალხი გამოსავალს ეძებს. 19 დეკემბერს, ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მაინინგის აკრძალვაზე მსჯელობდნენ - კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას განიხილავდნენ.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კვარჩიასა და ხარაზიას შორის ჩხუბი ატყდა, ვახტანგ გოლანძია კი მათ გაშველებას ცდილობდა. ადგურ ხარაზიამ იარაღიდან ოთხჯერ გაისროლა. ტყვია გოლანძიას იღლიასთან მოხვდა, კვარჩიას - ხელში.

ვახტანგ გოლანძია
ვახტანგ გოლანძია

სროლის შემდეგ ხარაზია მიიმალა, დაშავებულები კი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ვახტანგ გოლანძია ვერ გადაარჩინეს, კან კვარჩიას მდგომარეობა სტაბილურია.

„აბაზა ტივის“ ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული ვახტანგ გოლანძია აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, იბრძოდა შენაერთ „დელფინში“. 2022 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი გახდა.

კან კვარჩია ამავე პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენს. ის დე ფაქტო ხელისუფლებას აკრიტიკებს და ხშირად საუბრობს ჩინოსნების ინტერესებზე კრიპტოვალუტის სფეროში.

კან კვარჩია
კან კვარჩია

ადგურ ხარაზია - ახლანდელი „დეპუტატი“ და სოხუმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი - ადამიანის იარაღით დაჭრაში ადრეც არის მხილებული. „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, რომ მან 2020 წელს ჩხუბის დროს კაცი დაჭრა ფეხში. მაშინ ხარაზიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრეს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის წინასწარგანზრახვით ზიანის მიყენება და იარაღის უკანონოდ გამოყენება.

ადგურ ხარაზია
ადგურ ხარაზია

19 დეკემბერს მომხდარის შემდეგ ხარაზიას ბიოგრაფია ბევრმა გაიხსენა. საინფორმაციო სააგენტო „აიაშარა“ ფეისბუკზე წერს, რომ აღარ უნდა აირჩიონ ისეთი ხალხი, ვისაც კრიმინალური წარსული აქვს: „ვინც მხოლოდ ქრთამის ასაღებად და სამშობლოს გასაყიდად მოდის ხელისუფლებაში“.

მომხდარს ინტერნეტში გამოეხმაურა „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი იზიდა ჭანია და თქვა, რომ ახლანდელი პარლამენტი უკვე სრულად დისკრედიტირებულია.

„ღამის სხდომები, ამომრჩეველთა აზრის იგნორირება, ჩუმად შეთანხმება, ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება... პრეზიდენტის არჩევნების ნაცვლად პარლამენტის არჩევნებს უნდა ვატარებდეთ. შეუძლებელია, ამ პარლამენტით კანონები არა კონკრეტული ადამიანების, არამედ ხალხის სასარგებლოდ შევცვალოთ“.

პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 25 თებერვალს არის დანიშნული.

„ჩეგემსკაია პრავდის“ რედაქტორი ინალ ხაშიგი აფხაზურ ფორუმზე წერს, რომ რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო: „ძალიან მენანება ვახტანგ გოლანძია, მართლა წესიერი კაცი იყო და შემთხვევას ემსხვერპლა. მაგრამ ემოციების გარეშე თუ ვისაუბრებთ, რა შემთხვევა? მთელი ქვეყანა ამისკენ მივდიოდით...

ჩვენ ავიყვანეთ ეს ელიტა პიედესტალზე, მივეცით უფლება, ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის რაც მოეპრიანებოდათ ის ექნათ. ნორმალურ საზოგადოებაში მათ „შპანა“ ერქმეოდათ და ციხეში ისხდებოდნენ, ჩვენთან კი პატივცემული ადამიანები არიან“.

ადგურ ხარაზიას ახლა მთელ აფხაზეთში ეძებენ. დე ფაქტო პარლამენტი სოხუმის ხელისუფლების გენპროკურატურის მიმართვას ელოდება, რომ მას კანონით მინიჭებული ხელშეუხებლობა მოუხსნას.

საკითხი, რომელმაც ე.წ. დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია, განსაკუთრებით ბოლო თვეებში გახდა მნიშვნელოვანი, როდესაც აფხაზეთის ათასობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათ შორის - საავადმყოფოები და სკოლებიც.

აფხაზეთში ელექტროენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგზე, თან ისე, რომ მაინინგის ფერმები დენის გადასახადს არ იხდიან. ამასთან, აფხაზეთს უჭირს გამოძებნოს საკმარისი ფული რუსული ელექტროენერგიის კომერციულ ფასად შესაძენად. 2024 წლის ნოემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს მთლიანად შეუწყვიტა ყველა სახის ფინანსური დოტაცია და სოციალური დახმარება (გარდა პენსიებისა).

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG