სტაბილურობისა და სხვა არაერთი პრობლემის მქონე სირიის ახალ ხელისუფლებასთან მსოფლიოს ლიდერები უკვე ამყარებენ პირველ კონტაქტებს: HTS-ის ლიდერს შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; შეხვდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის საგარეო მინისტრიც.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების ფონზე ჩნდება შანსი, საქართველომ იმუშაოს სირიის ახალ ფაქტობრივ მმართველებთან რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევაზე.
თუმცა, ანალიტიკოსების თანახმადვე, ამ შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯები, პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობები და იზოლაციის მზარდი რისკი ხელს უშლის.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, უყურებს თუ არა სირიაში შეცვლილ ვითარებას, როგორც ახალ შესაძლებლობას, უცნობია;
„კარგი შესაძლებლობა“
სირია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“ 2018 წლიდან აღიარებს.
„საქართველოს ნორმალური ხელისუფლების პირობებში, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ ვითარების გამოყენება შეიძლებოდა, რათა სირიის ახალ ხელისუფლებას უკან წაეღო ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე თურმანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.
თუმცა ამჟამად თორნიკე თურმანიძეს, - რონდელის ფონდის უფროს მკვლევარს, - ეს არარეალისტური ჰგონია. „არა მგონია, რაიმე ძალისხმევა გამოიჩინონ“.
2020 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ დარწმუნებული იყო, „ერთ დღესაც სირია … დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება და ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება“.
ამჟამად „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
რადიო თავისუფლებამ სამინისტროს 9 იანვარს მიმართა კითხვით - ჰქონდათ თუ არა სირიაში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ამ საკითხზე, - თუმცა პასუხი არ მიუღია.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიაც ამბობს, რომ „ამჟამად არსებობს უნიკალური შანსი, სირიამ გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“. მისი თქმით, „ეს არის საერთო სასიცოცხლო ეროვნული ინტერესის საგანი. დიპლომატიურმა კორპუსმა უკვე უნდა იმოქმედოს“.
ის იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაო დაწყებულია: „მე მაინც მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენილია და ესმის ამ საკითხის მნიშვნელობა, ამაზე უნდა მუშაობდეს ყოველგვარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩარევის გარეშე“, - უთხრა კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას.
სირია და ოკუპირებული ტერიტორიები
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ, კერძოდ, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა - კრემლის მჭიდრო მოკავშირემ, - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო.
ამას საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით უპასუხა. სირიის გადაწყვეტილება დაგმეს საქართველოს მაშინდელმა პარტნიორებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატომ.
მანამდე, 2011 წელს, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, სოხუმმა სირიიდან ეთნიკური აფხაზების გაყვანა დაიწყო და 500-მდე ოჯახი სოხუმსა და მიმდებარე ქალაქებში გადავიდა. სირიაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები მე-19 საუკუნის მუჰაჯირების შთამომავლები იყვნენ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მინიჭებული ჰქონდათ „თანამემამულის“ სტატუსი.
ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს „ეხო კავკაზასთვის“ მიცემული ინტერვიუს თანახმად, 2011-18 წლებში მიმდინარეობდა „ნაყოფიერი მუშაობა სხვადასხვა უწყებასთან“ აღიარების მოსაპოვებლად. მათ შორის, სოხუმის დელეგაცია ჩავიდა საერთაშორისო გამოფენაზე დამასკში, შეხვდა სირიის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
„დამოუკიდებლობის“ ცნობას ორ წელიწადში, 2020 წელს მოჰყვა დედაქალაქ დამასკში „აფხაზეთის საელჩოს“, 2021 წელს კი - აფხაზური სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის გახსნა [დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს, საჯარო განცხადებების მიუხედავად ასეთი გეგმების შესახებ, „საელჩო“ არ გაუხსნია].
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი სირიას დიპლომატიური ბრძოლის პლაცდარმად იყენებდა.
დამასკში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საელჩოს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავდნენ უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლობებთანაც და კავშირების დამყარებას ცდილობდნენ, - მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
განსაკუთრებულად აქტიურობდა აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში, ბაგრატ ხუტაბა.
იგი 2020-21 წლებში სირიაში შეხვდა ომანის, იემენის, ირანის, პაკისტანის, ინდოეთისა და, ასევე, ჩინეთის დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს. ხუტაბა ესწრებოდა საელჩოების გამართულ ღონისძიებებს, კავშირებს აბამდა სავაჭრო პალატებთან და კულტურის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ საქართველოს ნაწარმოები არაღიარების პოლიტიკა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი მხარდაჭერა დისკომფორტს უქმნიდა რუსეთის ფედერაციას და ის „საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაციას“ ცდილობდა.
მოგვიანებით, 2022 წელს, სირიამ და „აფხაზეთმა“ ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს, რომლითაც უკრაინაში „რუსეთის სპეცოპერაციას“ - სრულმასშტაბიან შეჭრას - „მხარდაჭერა გამოუცხადეს“.
ალ-ჯოლანის დე ფაქტო მმართველობა
2024 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა სირია შეცვალა.
ასადის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხე ჯგუფების კოალიციამ, დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ (HTS-ის) მეთაურობით, - რომელსაც თურქეთი უჭერდა მხარს, - 27 ნოემბერს ელვისებური იერიში წამოიწყო.
ბაშარ ალ-ასადმა 8 დეკემბერს მოსკოვს შეაფარა თავი. ასადების 50-წლიანი საოჯახო დინასტიის მმართველობა დასრულდა.
8 დეკემბერსვე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს „ისტორიული შესაძლებლობა“ სირიელებისთვის, რათა აღადგინონ თავიანთი ქვეყანა. მან ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი სირიელებს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარება.
ამავდროულად, HTS-ი, რომელსაც ტერორისტულ დაჯგუფებებთან კონფლიქტი აქვს, თავადაც კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტულ ორგანიზაციათა რეესტრში; ის ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული ჰყავთ გაეროს, ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა არაერთ ქვეყანას.
ჯგუფს მეთაურობს აჰმედ ალ-შარაა, იგივე მოჰამედ ალ-ჯოლანი. სწორედ ის არის ამჟამად სირიის დე ფაქტო მმართველი.
„სირია არ არის საფრთხე მსოფლიოსათვის“, - განუცხადა მან BBC-ს. გამოვიდა ინიციატივით, სირიას მოეხსნას დასავლეთის სანქციები, რადგან ის „ძველი რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული“.
ალ-შარაამ მოითხოვა, რომ HTS-ი ამოიღონ ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან. თქვა ისიც, რომ „სირია ავღანეთი არ გახდება“.
დებს პირობას, რომ ქვეყანაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები დაცული იქნებიან, - რაც დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე.
2024 წლის 29 დეკემბერს ალ-შარაამ პირობა დადო, რომ სამ წელიწადში სირიის კონსტიტუციას შეცვლის, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში არჩევნებს ჩაატარებს.
ვის ხვდება ალ-ჯოლანი?
2024 წლის 30 დეკემბერს ალ-ჯოლანი, იგივე ალ-შარაა დედაქალაქ დამასკში შეხვდა უკრაინის დელეგაციას, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ხელმძღვანელობდა. სიბიჰა შეხვდა ასევე თავის სირიელ კოლეგასაც.
„ჩვენსა და უკრაინას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ასევე სამეცნიერო სფეროში“, - განუცხადა სირიის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ჰასან ალ-შიბანმა უკრაინელ სტუმარს. მან ასევე თქვა, რომ „ნორმალური ურთიერთობა“ სურს რუსეთსა და ირანთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ მისი წინამორბედის, ასადის რეჟიმს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ სირიას ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა, ელჩის ვიზიტის შემდეგ კი, 2 იანვარს, განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.
3 იანვარს სირიას ეწვივნენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო. ისინი სირიის დე ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ მიიღო. ეს დასავლელი პოლიტიკური ფიგურების პირველი ვიზიტი იყო ასადის გაქცევის შემდეგ.
რა ელის დე ფაქტო საელჩოს?
8 დეკემბერს, - ასადის გაქცევის შემდეგ, - სირიაში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი, მუჰამედ ალი ქვეყანაში დარჩა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი შამბამ ამავე დღეს განაცხადა, რომ „საელჩო განაგრძობს მუშაობას“ და „შენობაში არავინ შესულა“.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო უწყების პერსონალის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა „ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და აფხაზეთის დიპლომატიური მისიების“ წარმომადგენლებთან ერთად.
თუმცა 15 დეკემბერს შამბამ განაცხადა, რომ „საელჩოს ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია“, ხოლო „აფხაზეთის საელჩო აგრძელებს მუშაობას, ის გადავიდა ახალი ხელისუფლების მფარველობის ქვეშო“.
საგარეო 2018-ში: „როცა სირიაში რეჟიმი დასრულდება“...
საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უკანასკნელი, 2019-22 წლების სტრატეგია, სტრატეგიულ მიზნებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ასახელებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების უზრუნველყოფას“.
2018 წელს, როდესაც თბილისმა დამასკთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიული ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებზე მიუთითებდა და აცხადებდა:
„ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
ასეთი განცხადებები გააკეთეს სირიის ოპოზიციური ჯგუფების კიდევ ერთი პოლიტიკური პლატფორმის, სირიის უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის პრეზიდენტმა, ნასრ ალ-ჰარირიმ, ასევე, სირიის ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა აბდურახმან მუსტაფამ. მუსტაფასთან შეხვედრა თურქეთში საქართველოს მაშინდელმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ გამართა.
2020 წლის 6 ოქტომბერს - აფხაზეთის დე ფაქტო საელჩოს გახსნის შემდეგ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა:
„დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს“.
ანალიტიკოსების თანახმად, სწორედ ახლა დადგა ეს პერიოდი და საჭიროა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, - დასავლელი პარტნიორების, ასევე, თურქეთის დახმარებით.
„ნაკლებად სავარაუდოა“
„ეს უნიკალური შესაძლებლობაა „აღიარების“ გაწვევის მისაღწევად. ახლა ხდება სირიის ხელისუფლების ჩამოყალიბება და მისი მომავალი საგარეო-პოლიტიკური იდენტობის გამოძერწვა“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
„ამ საქმეში ნამდვილად შესაძლებელი იყო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობა, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული კონტაქტები სირიის ახალ ხელისუფლებასთან“, - ამბობს თორნიკე თურმანიძე, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი.
„მაგრამ ვინაიდან „ქართული ოცნება“ დაკავებულია მხოლოდ ავტორიტარიზმის შენებით, - და თან პირდაპირ არის მიბმული რუსეთის ხელისუფლებას, - ნაკლებად სავარაუდოა, მათ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგან“, - ამბობს ის.
მისი თქმით, ნორმალურ პირობებშიც კი, საქართველო ამ საქმეს დამოუკიდებლად, შესაბამისი რესურსების არქონის გამო, ვერ შეეჭიდებოდა და საჭიროა დასავლელი პარტნიორების პოტენციალის გამოყენება.
„ახლა, როცა ყველანაირად გაუარესებულია ურთიერთობა ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული, ეს შესაძლებლობაც, სავარაუდოდ, ვერ იქნება გამოყენებული“, - მიაჩნია თურმანიძეს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, - რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, - და კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს.
მათ შორის არ არის თურქეთი, რომელმაც პრეზიდენტ ერდოანის დონეზე, - „ქართულ ოცნებას“ მიულოცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაც და მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციაც.
GIP-ის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ შესაძლებელია თურქეთის დახმარებით რაიმე კონტაქტის დამყარება: „შეიძლება თურქული ფაქტორის გამოყენება. ნებისმიერი საშუალება უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ეს მომენტუმი არ ჩავარდეს“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.
თორნიკე თურმანიძე კი ამბობს: „თურქეთის კუთხიდან მიდგომა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა, ალბათ, ამ შემთხვევაშიც კოორდინირება იქნებოდა საჭირო დასავლეთთან. ნებისმიერ შემთხვევაში, პრაქტიკულად, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, რომ ახლანდელი ხელისუფლება არის ორიენტირებული ეროვნული ინტერესების განხორციელებაზე“.
16 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის კვალდაკვალ, საქართველოს ტერიტორიები, - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც დღემდე სამხედრო ძალით აქვს დაკავებული, - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო.
მოსკოვის, ასევე, ცხინვალისა და სოხუმის მცდელობების მიუხედავად, დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, ამჟამად ოთხ ქვეყანას აქვს აღიარებული. ესენია:
- ნიკარაგუა (2008)
- ნაურუ (2009)
- ვენესუელა (2009)
- სირია (2018)
ფორუმი