თუმცა „ოცნების“ საჯარო განცხადებები ჰგავს საქართველოს კიდევ ერთი მეზობლის, აზერბაიჯანის ავტორიტარი ლიდერის გზავნილებს, მათ შორისაა:
- საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ფრანგი პოლიციელების მწვავე კრიტიკა;
- იმედის დამყარება 2025 წლის 20 იანვარზე - აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე - იმ პირობებში, როცა შტატების ხელისუფლებასთან ორივეს დაძაბული ურთიერთობები აქვს;
- მინიშნებები, რომ დასავლეთი ამ ქვეყნების სუვერენიტეტის მტერია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „მტრის ხატის“ შექმნა ავტორიტარული მმართველობის მახასიათებელია, რათა შეცდომების მუდმივი გადაბრალებით, საკუთარი მმართველობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები გადაფარონ.
განსაკუთრებით ბოლო დროს, საქართველოს და აზერბაიჯანის მმართველი წრეები ცდილობენ რიტორიკის აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის განცხადებებთან დაახლოებასაც.
„ამერიკაში სოროსის ეპოქა დასრულდა“
2025 წლის 7 იანვარს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისივე მთავრობის კონტროლირებად მედიასთან კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები, საფრანგეთი და კანადა. ეს ის დასავლური ქვეყნებია, რომლებიც, თავის მხრივ, მის ავტორიტარულ მმართველობას აკრიტიკებენ ხშირად.
„ამერიკაშიც დასრულდა სოროსის ეპოქა. ბაიდენის ადმინისტრაციას, ფაქტობრივად, სოროსისეული მმართველობის მოდელით მართავდნენ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა ამ ინტერვიუში.
„სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“, - უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ეს განცხადება გაიმეორა „ქართულმა ოცნებამ“ 8 იანვარს და ციტატას განმარტება დაურთო: „ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმებაო“.
7 იანვარს „ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე გამოეხმაურა ტრამპის მხარდამჭერი ტექ-მილიარდერის, ილონ მასკის კრიტიკას სოროსის მიმართ და განაცხადა:
„20 იანვრის შემდეგ, უნდა დაიწყოს სოროსის ფონდის და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის განდევნა ქართული საზოგადოებიდან, როგორც მთავარი ბოროტების - ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედისა“.
იმედები ტრამპის ინაუგურაციაზე
2025 წლის 20 იანვარზე - შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე - იმედებს ამყარებენ ილჰამ ალიევიც და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც. იმედი აქვთ, - ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ, - რომ შტატების ხელისუფლება მათ კრიტიკას შეწყვეტს.
აი, რას ამბობს ილჰამ ალიევი იმავე, 7 იანვრის ინტერვიუში:
- „ბატონი ტრამპი ხელისუფლებაში სრულიად ახალი დღის წესრიგით ბრუნდება… მისი პირველი ვადისას აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში პრობლემა არ ყოფილა. პირიქით“;
- „ტრამპი იზიარებს ჩვენი საზოგადოების გაზიარებულ ღირებულებებს. ოჯახურ ღირებულებებს, მორალურ ფასეულობებს“;
- „დიდი იმედი გვაქვს [ურთიერთობების დათბობის]... მჯერა, რომ თუ ორივე მხარის ინტერესი იქნება, შეგვიძლია აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აწევა“.
20 იანვარზე იმედებს ამყარებდნენ „ოცნების“ ლიდერები, მოგვიანებით კი გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის რისკები დააზღვიეს.
- „როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე“, - თქვა რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ 1 დეკემბერს. შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას კობახიძემ მაშინ უწოდა „დროებითი მოვლენა“;
- „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა“, - ირაკლი კობახიძე, 30 დეკემბერი;
- „ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, - „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, 23 დეკემბერს;
- „ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი“, - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 24 დეკემბერს.
ზარი ტრამპთან
ილჰამ ალიევმა 2024 წლის 6 ნოემბერსვე - არჩევნების დასრულებისთანავე - საჯაროდ მიულოცა დონალდ ტრამპს გამარჯვება. ასე მოიქცა ირაკლი კობახიძეც.
ალიევმა 25 ნოემბერს დაურეკა ტრამპს და პირადადაც მიულოცა გამარჯვება. ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, ესაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობაზეც.
„ოცნების“ არცერთ ლიდერს კი ჯერ ეს შესაძლებლობა - მცდელობის მიუხედავად, არ მისცემია.
ამასთან, საქართველომაც და აზერბაიჯანმაც აშშ-ის მეტოქესთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, - რომლის მიმართაც დონალდ ტრამპსაც და მის დასახელებულ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ხისტი პოზიციები აქვთ, - 2023 და 2024 წლებში გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.
„მაკრონმა თავის თავს მიხედოს“
პრეზიდენტი ალიევი ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და საფრანგეთის პოლიტიკას აზერბაიჯანის მიმართ. თავის მხრივ, ტრადიციულად, პარიზის მიერ ბაქოს კრიტიკა ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და ყარაბაღის კონფლიქტში სომხებისადმი მოპყრობას მიემართება.
7 იანვარს ალიევმა მაკრონსა და საფრანგეთზე თქვა:
- „მგონი ბატონ მაკრონს აზერბაიჯანის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. რაღაც მანიით არის შეპყრობილი და თავის ყველა ცოდვას ჩვენ გვაბრალებს“;
- „თუ იმდენად გავძლიერდით, რომ საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რაღაცის შეცვლა შეგვიძლია, უბრალოდ ამით უნდა ვიამაყოთ“;
წინა საღამოს, 6 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საგარეო ჩარევაზე საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში და ამ კონტექსტში აზერბაიჯანს დაადო ხელი: „თავად საფრანგეთი აღმოჩნდა მიუღებელი ჩარევის წინაშე, - მის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ახალ კალედონიაში, სადაც აზერბაიჯანმა იფიქრა, რომ შეძლებდა საკუთარი პრობლემების მოგვარებას, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთს“.
- „საფრანგეთს, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად წარმოაჩენს, არასოდეს გაუკრიტიკებია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა აზერბაიჯანთან მიმართებით“, - განაცხადა წინა დღეს, 6 იანვარს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხან ჰაჯიზადამ;
- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში „მაკრონის რეჟიმი მილიტარიზაციისა და გეოპოლიტიკური ინტრიგების პოლიტიკას ატარებს“. ამ სიტყვებით უპასუხა სამინისტრომ პარიზის მიერ ერევნისათვის საარტილერიო სისტემების, ფრანგული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემამ.
მაკრონი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებასაც და „ქართულ ოცნებაში“ მას ასე პასუხობენ:
- „საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც მაკრონმა საქართველოში არჩევნებს რუსეთის მიერ გაყალბებული უწოდა და ხელახალ არჩევნებზე ისაუბრა;
- „რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მოგვიანებით კი X-ზე დაწერა: „განა საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“.
ამ კომენტარებს ერთი თვით უსწრებდა მაკრონის ერთსაათიანი ზარი ივანიშვილთან, სადაც მან „ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება“ მოითხოვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა საქართველოს გამოც გააკრიტიკა. ილჰამ ალიევმა 18 დეკემბერს განაცხადა:
„კარგია, რომ ვითარება [საქართველოში] უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის. და აქაც, კიდევ ერთხელ, ხედავთ, რომ მაკრონის ყურები გამოჩნდა. კაცი თავის ქვეყანაში ვერ ისვენებს, უნდა, აუცილებლად შეძვრეს საქართველოში“.
„ქარდების და პოსტების ომი“
შტატების ხელისუფლების მიმართ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების არამეგობრული დამოკიდებულებების შემდეგ, შტატების საელჩოებმა ბაქოსა და თბილისში რამდენჯერმე მკვეთრად კრიტიკული პოზიცია დაიკავეს.
- „ყველაფერი გასაგებია“, - ამ ორი სიტყვით გამოეხმაურა 2 დეკემბერს საელჩო თბილისში ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან დაკავშირებით;
- „ნუ აბრალებთ სხვებს“, - ეს სიტყვები 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. საელჩოს თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
2024 წლის ბოლოს მსგავსი პოსტები გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ ბაქოში - აზერბაიჯანის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიაში „ანტიამერიკული კამპანიის“ პასუხად.
„ამ ბოლო დროს გახშირდა სკოლის ეზოს „მჩაგვრელების“ [„ბულიების“] მსგავსი ლექსიკა მოგონილი „ამერიკელი ბუების“ [ბუა - მოჩვენებითი არსება] წინააღმდეგ… ეს ვერ გადაგვატანინებს ყურადღებას იმ ფაქტიდან, რომ აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი უსუსური ბრალდებების გამო ზის ციხეში“, - დაწერა საელჩომ 23 დეკემბერს.
„რეჟიმის უსაფრთხოება“ და ეროვნული უსაფრთხოება
საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ირაკლი სირბილაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ილჰამ ალიევის ანტიდასავლური რიტორიკა ორ მთავარ ფუნდამენტს ეყრდნობა: „რეჟიმის უსაფრთხოებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას“.
„საქმე ისაა, რომ ავტორიტარულ რეჟიმში ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა ხშირად რთულდება“, - ამბობს ანალიტიკოსი.
- რეჟიმის უსაფრთხოებაზე: ალიევი დასავლეთს აკრიტიკებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ორმხრივ ურთიერთობებში შემოტანის გამო;
- ეროვნული უსაფრთხოების საკითხები კი შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, სომხეთთან ურთიერთობებსა და ალიევის საგარეო-პოლიტიკურ ამბიციებს.
„ეროვნული უსაფრთხოების მხრივ ალიევი განსაკუთრებით აკრიტიკებს საფრანგეთსა და ევროკომისიას, რადგან, როგორც ცალკე საფრანგეთის მთავრობა, ისე ევროკომისია, სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება სომხეთს, რაც ალიევისთვის წითელი ხაზია. მისი კრიტიკა ასევე შეეხო ბაიდენის ადმინისტრაციასაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ევროკომისიამ შექმნეს თანამშრომლობის საერთო ფორმატი სომხეთთან, აზერბაიჯანის გვერდის ავლით“, - ამბობს ის.
კიდევ ერთი საკითხი - ალიევის საგარეო პოლიტიკის ხედვის შეფერხებაა: „დასავლეთის როლის გაზრდა სამხრეთ კავკასიაში და მათი ახლო ურთიერთობები სომხეთთან საფრთხეს უქმნის ალიევის ამბიციას, სისრულეში მოიყვანოს ისეთი პროექტი, როგორიც არის ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რაც აზერბაიჯანს დააკავშირებს ნახიჩევანთან“, - ამბობს სირბილაძე.
ამ ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანი ცდილობს, მაინც ჰქონდეს კონსტრუქციული და ტრანზაქციული ურთიერთობები ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც ენერგოსაჭიროებები გააჩნიათ და ცდილობენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების შენარჩუნებასო, - ამბობს ანალიტიკოსი:
„მისი ბუნებრივი რესურსებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანს გააჩნია ფუფუნება, ცალკეული დასავლელი ქვეყნები ან მათი ადმინისტრაციები აკრიტიკოს და ამ კრიტიკის მიუხედავად ეს ქვეყნები მაინც იყვნენ დაინტერესებული აზერბაიჯანთან ურთიერთობის შენარჩუნებით ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტრანზიტი და ენერგეტიკა“.
განსხვავებულია საქართველოს შემთხვევა.
„რუსეთის ინტერესების ხელშეწყობა“
ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური განცხადებების მიზანი, ირაკლი სირბილაძის შეფასებით, „ერთი მხრივ, ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, დასავლეთთან ურთიერთობების მიზანმიმართული გაფუჭებით სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაა“.
„ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას „სუვერენულ პოლიტიკად“ მოიხსენიებს - ბოლო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირს, წევრ ქვეყნებს, ძველ პარტნიორებს, მაგრამ თავს იკავებს რუსეთის ფედერაციისადმი მსგავსი - ან თუნდაც უფრო მსუბუქი - კრიტიკისაგან.
ეს მაშინ, როდესაც ილჰამ ალიევი ხშირად მკვეთრად აკრიტიკებს, დასავლეთთან ერთად, რუსეთის ფედერაციას, - და მასთან გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულება ამაში ხელს არ უშლის.
ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მოძრავი აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა.
პრეზიდენტი ალიევი რუსეთს აკრიტიკებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონისთვის, რის გამოც, მისი თქმით, ავიაკატასტროფა თავიდან ვერ აირიდეს, ასევე - მომხდარი მოვლენების „შენიღბვისთვის“.
„რუსეთის სახელმწიფო უწყებების მიერ ამ ინციდენტის შენიღბვა და აბსურდულ თეორიებზე ფოკუსირება იწვევს გაოცებას, სინანულსა და სამართლიან აღშფოთებას… უდანაშაულო ხალხი დაიღუპა“, - განაცხადა მან 6 იანვარს.
კიდევ ერთი მსგავსება და, ამავე დროს, მთავარი განსხვავება „ოცნების“ ხელისუფლებისა და ალიევის რიტორიკაში „მშვიდობისა“ და „სტაბილურობის“ გზავნილებია. ორივე მათგანი ქვეყანაში სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორად წარმოაჩენს თავს.
თუმცა ეს „მშვიდობა“ მათთვის განსხვავებულად მიიღწევა: აზერბაიჯანის შემთხვევაში, სამხედრო ძალით - 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომით, რასაც 2023 წლის ბოლოს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისგან სრული დაცლა და ბაქოს მიერ ტერიტორიაზე კონტროლის სრულად აღდგენა მოჰყვა.
თუმცა ალიევისათვის „სტაბილურობა“ რეგიონში სტაბილურობასაც ნიშნავს და, მისი ბოლო განცხადების თანახმად, ამას სომხეთის არსებობა უშლის ხელს. 7 იანვარს, როდესაც ალიევმა თავისივე მთავრობის კონტროლირებულ მედიასაშუალებებს მისცა ინტერვიუ, ის მორიგჯერ დაემუქრა სომხეთს, მოითხოვა „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა და მას უწოდა „ფაშისტური სახელმწიფო“, რომელიც „უნდა განადგურდეს“.
„ოცნების“ შემთხვევაში კი „სტაბილურობა“ „პრაგმატიზმსა“ და „სიფრთხილეზე“ - ოპონენტების ხედვით კი, რუსეთის დაყვავებაზე - გადის.
„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, - მის მიერ დასავლეთის კრიტიკა არ გამომდინარეობს რეალური ეროვნული უსაფრთხოების პრობლემიდან ან საქართველოს რეალური ეროვნული ინტერესებიდან“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე და განმარტავს:
„ფრთხილი მოქმედებებით ივანიშვილის ხელისუფლებას შეეძლო დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსის შენარჩუნება და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერება, თუმცა მათ დასავლეთთან სრული კონფრონტაცია და ამით საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანების გზა აირჩიეს“.
„ქართული ოცნება“ ფრთხილ ქმედებებს დიპ სტეიტთან/გლობალური ომის პარტიასთან დაპირისპირებით ხსნის, რომელიც, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს ბოლო განცხადებაც იმეორებს, საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას ცდილობდა და „საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი“.
სირბილაძე ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სარგებლობს კრემლის მხარდაჭერით და ცდილობს საქართველოში რუსული გავლენისთვის სასათბურე პირობების შექმნას - პატარა, რესურსების არმქონე საქართველოს მიერ დასავლეთისა და ევროკავშირის ქვეყნების ასეთი აღვირახსნილი და მოუზომელი კრიტიკის ახსნა ამ ეტაპზე სხვაგვარად შეუძლებელია“.
„ქართული ოცნება“ ცდილობდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებასაც, - რისთვისაც, მისივე ხედვით, ჩინეთთან ურთიერთობების ახალ, სტრატეგიულ დონეზე აყვანა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე ამბობს, ამ სცენარის გასავითარებლადაც საჭიროა დასავლეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები:
„ამის საპირისპიროდ, მწვავე ანტიდასავლური რიტორიკის გამოყენებით, „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთთან ყველა არსებული პოლიტიკური ხიდი დაწვა, ხოლო ჩინეთთან ახლო ურთიერთობები, სავარაუდოდ, იქნება მთავარი წინაღობა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა გამოუვალი მდგომარეობა საგარეო ურთიერთობებში - ამ გამოუვალი მდგომარეობის ერთადერთი ბენეფიციარი კი რუსეთის ფედერაციაა“.
ფორუმი