სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ სირიის დე ფაქტო მმართველი აჰმედ ალ-შარაა შეხვდა უკრაინის დელეგაციას, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სირიის სახელმწიფო სააგენტო "სანამ".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა სირიას დამატებით სასურსათო დახმარებას გაუგზავნის.
სიბიჰა შეხვდა ასევე თავის სირიელ კოლეგას. "ჩვენსა და უკრაინას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ასევე მეცნიერო სფეროში", - განუცხადა სირიის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ჰასან ალ-შიბანმა უკრაინელ სტუმარს.
ალ-შარაა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მოჰამედ ალ-ჯოლანი, დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" მეთაურია. ამ გაერთიანების წინამძღოლობით მოხდა სირიაში ხანგრძლივი მმართველის, ბაშარ ასადის დამხობა.
"ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული გაეროსა და აშშ-ის მიერ.
29 დეკემბერს ალ-შარაამ პირობა დადო, რომ სამ წელიწადში სირიის კონსტიტუციას შეცვლის, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩაატარებს არჩევნებს.
მან ასევე თქვა, რომ ნორმალური ურთიერთობა სურს რუსეთთან და ირანთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ მისი წინამორბედის, ასადის რეჟიმს.
ფორუმი