Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ შეაღწია გადახდის აპარატებში? - პროტესტის ხმები ტრანსპორტში და ჰაკერების ძებნა


პროტესტი გადახდის აპარატებით ტრანსპორტში
პროტესტი გადახდის აპარატებით ტრანსპორტში

თბილისის ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები, 24 იანვარს, დილის 10 საათისთვის, მოულოდნელად „ალაპარაკდნენ“. უწყვეტი პროტესტის მესიჯებად ქცეული ფრაზები ზოგიერთ ავტობუსში კიდევ 5 საათი ისმოდა.

გადახდის აპარატებიდან მთელ ხმაზე ისმოდა:

  • საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები - „აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“.
  • ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცნობილი გამონათქვამი -„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“.
  • საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
  • შეძახილი - „დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“.
  • „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის სიტყვები - საოკუპაციო რეჟიმისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ.
  • „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ცნობილი გინებაც, პარლამენტის სხდომიდან.
  • სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხმა - „გამარჯობა, საქართველო“.
  • ასევე - ფრაგმენტები საუბრებიდან, ინტერვიუებიდან - სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებზე ლაპარაკობენ.

თავიდან, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა - გაოცებული მოქალაქეები მოლაპარაკე აპარატების ვიდეოებს აქვეყნებდნენ. საპროტესტო მესიჯების გასაჩერებლად აპარატების გათიშვა გახდა საჭირო. შედეგად - საჯარო ტრანსპორტის მგზავრები ფულს ვეღარ იხდიდნენ და უფასოდ მგზავრობდნენ.

მომხდარი მერიამ - თავიდანვე კიბერთავდასხმად შეაფასა. შს სამინისტრომაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას“ გულისხმობს.

როგორ და როდის გამორთეს ჩანაწერები?

„თბილისის მიკროავტობუსის” მძღოლმა, ირაკლი როგავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის „მარშრუტკაში“ ჩანაწერები სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ტრიალებდა, ამასობაში სამი რეისის [სარაჯიშვილი-ზაჰესი] შესრულება მოასწრო და სულ ცოტა - 150 მგზავრი გადაიყვანა.

როგავა იხსენებს მგზავრების გაოგნებულ სახეებს - მგზავრთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო ჩანდა - რამდენიმეწუთიანი ჩანაწერი მონოტონურად, გაუჩერებლად მეორდებოდა, „მაგრამ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ“; რადგან, მძღოლის მსგავსად, უმეტესობას მოსწონდა, რაც ამ არაორდინარული მგზავრობის დროს ხდებოდა.

„მძღოლი მხოლოდ ხმას ვერ გამორთავდა, თუ საერთოდ არ გამორთავდა აპარატს - მექანიკურად. მექანიკურად გამორთვა ადვილია, გამოაძრობ და მორჩა, მაგრამ მაშინ სამარშრუტო ხაზის ნომერიც ითიშება [აღარ ანათებს]. როცა სისტემურად თიშავენ აპარატს, როგორც ახლა გააკეთეს - ხაზის ნომერი მაინც ჩანს”, - გადახდის აპარატი ირაკლი როგავას მიკროავტობუსში დაახლოებით 15:00 საათისთვის ჩაქრა, რაც მისთვის ნიშანი იყო, რომ სისტემა გაითიშა. მანამდე, როგორც ახსოვს, ასე 13:00 საათისთვის - მხოლოდ ჩანაწერები გამოირთო.

მძღოლი გვეუბნება, რომ მგზავრობისას მას დისპეტჩერიც დაუკავშირდა, მაგრამ აპარატის „მექანიკურად გამოძრობა არავის დაუძალებია”.

შპს „თბილისის მიკროავტობუსი” მერიის კონტრაქტორი კერძო კომპანიაა, რომელიც მილიონიანი თბილისის მგზავრებს ემსახურება.

ავტობუსის მძღოლებმა რადიო თავისუფლებასთან საჯაროდ ლაპარაკზე უარი თქვეს, თუმცა მათაც დაადასტურეს, რომ:

  • გადახდის აპარატების ერთადერთი ფუნქცია, მხოლოდ მგზავრობის საფასურის მიღებაა;
  • სიგნალს მხოლოდ პლასტიკური ბარათის მიდებისას გამოსცემენ და „არასოდეს ლაპარაკობენ“;
  • ამ აპარატებს კავშირი არა აქვს მიკროფონთან, რომლითაც მძღოლს შეუძლია მგზავრებს მიმართოს;
  • მათი მეშვეობით არ ცხადდება გაჩერებების დასახელებები.

„სადღაც 14:30 საათზე ზოგიერთ ავტობუსში ეს ხმა [ჩანაწერები] ჯერ კიდევ ისმოდა. ეტაპობრივად ხდებოდა ამ საკითხის მოგვარება - სისტემას გადატვირთვა, განახლება სჭირდებოდა და ეს დროს მოითხოვდა”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიის „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში”, რომელიც დედაქალაქში ავტობუსების, მეტროსა და საბაგიროს მუშაობას მართავს - თუმცა, მათი განმარტებით, აპარატებთან მათ არანაირი კავშირი არა აქვთ და ტექნიკურად არც ჩანაწერებისა თუ უშუალოდ გადახდის აპარატების გამორთვის პროცესში ჩარეულან.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერჯერობით არ არის დათვლილი ზარალი - რომელიც კომპანიას მგზავრების უფასოდ გადაყვანის დროს მიადგა. საქმე ის არის, რომ გადახდის აპარატების გამორთვის შემდეგ, მგზავრობის საფასურის გადახდა შეუძლებელი იყო.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” გვეუბნებიან, რომ რამდენიმე ასეული ავტობუსიდან აუდიოჩანაწერები მხოლოდ ნაწილში ჩაირთო, ზუსტად რამდენში - დათვლილი არ არის.

ასევე, კომპანიაში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, რომ, ჩანაწერების ჩახშობის მიზნით, ზოგიერთ ავტობუსში მძღოლებმა გადახდის აპარატები „დასკოჩეს”. შეკითხვაზე - შეამოწმეს თუ არა ფაქტის ნამდვილობა - პასუხია - „არა”. „დასკოჩილი“ აპარატების ფოტოები 24 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ვისი პასუხისმგებლობაა?

მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებენ „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“; ხოლო საქართველოს ბანკს კონტრაქტი მერიასთან აქვს გაფორმებული.

გადახდის აპარატებს ლათინური ასოებით აწერია - “AZRY” [„აზრი“]. ამ სახელწოდების კომპანიაში რადიო თავისუფლების შეკითხვებს დილით არ უპასუხეს - ვითარებაში გარკვევის საჭიროების მიზეზით. ხოლო დღის მეორე ნახევარში მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

კომპანიის ვებსაიტის თანახმად, 2004 წელს შექმნილი „აზრის“ ბიზნესი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსაც მოიცავს და მის შეთავაზებებს შორის - პროგრამული უზრუნველყოფაც არის,

პროტესტის ხმა ტრანსპორტში

„აპარატები გადაუდგნენ ამ რეჟიმს", „გაიხაროს, ვინც ეს მოიფიქრა“, „კარგი ალიყურია“, „ნეტა ავტობუსებს არ დაიჭერენ ჯანყისთვის?“ - სატრანსპორტო სიურპრიზს დიდი აღფრთოვანება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, უწყვეტ პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე საზოგადოების მხრიდან.

მათ უხაროდათ, რომ საპროტესტო მესიჯები ბევრთან მივიდა - ჩვეულებრივ მგზავრთა შორის, რომელთა ნაწილი შესაძლოა პროტესტს ეწინააღმდეგება, გულგრილია მის მიმართ ან ჯერჯერობით შორიდან უყურებს.

„ოდიში ნიუსის” რედაქტორმა, ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ ფეისბუკში გამოაქვეყნა ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომლებსაც 24 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები საათების მანძილზე უსმენდნენ. წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ „200-მდე სატრანსპორტო საშუალებაში, სხვადასხვანაირი - სულ ოთხი სახის - ჩანაწერი ისმოდა”.

უკვე ღამით, პლატფორმა X-ზე განცხადება გამოქვეყნდა საერთაშორისო ჰაკერული ჯგუფის - Anonymous [ანონიმუსი] - სახელით.

ტექსტში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს „ანონიმუსთან“ აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა და ეს იყო „გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები და ჩამოაყალიბა ავტორიტარული რეჟიმი“.

„ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაულები, დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დარჩება.

ქართველ ხალხს: ადექით, შეეწინააღმდეგეთ და დაიბრუნეთ თქვენი თავისუფლება. მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში. დღეგრძელობა საქართველოს!” - წერია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დამნაშავეების ძებნა 24 იანვარს, დილიდანვე დაიწყო

„სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს”, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღის პირველ ნახევარში, ვიდრე შსს გამოძიების დაწყებას დაადასტურებდა.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას“ გულისხმობს და ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს - 3-დან 6 წლამდე.

კიბერშეტევა - „ჰაქტივიზმი“

ზუსტად ჯერ არავინ იცის, რა მოხდა 24 იანვარს.

„აუდიოჩანაწერი სისტემაში ბევრი მეთოდით შეიძლება მოხვდეს და აუცილებელი არ არის დაჰაკვა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე, თუმცა - რადგან გამოძიება კიბერშეტევის მუხლით დაიწყო, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჰაქტივიზმთან.

„ჰაქტივიზმი გულისხმობს იდეოლოგიურად მოტივირებულ ჰაკერობას, როდესაც ჰაკერთა ჯგუფი ახორციელებს კიბეროპერაციას იმისთვის, რომ საკუთარი მოწოდება გააჟღეროს.

ასეთ შემთხვევაში, ჰაქტივიზმი არის ხოლმე ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება - როცა აქტივისტები ამ სახით გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ მსოფლმხედველობას”, - დღეს საქართველოში მიმდინარე პროტესტის მიმართ სრული სოლიდარობის მიუხედავად, გოცირიძე აღნიშნავს, რომ ჰაქტივიზმიც კიბერდანაშაულად ითვლება და, შესაბამისად - ისჯება კიდეც.

თუმცა ჰაკერების კვალის მიგნება, ანდრო გოცირიძის განმარტებით, იოლი საქმე არ არის, ისევე როგორც, მაგალითად - „ანონიმუსი” რჩება სამართალდამცველთა მოუხელთებელ სამიზნედ. გოცირიძე გვეუბნება, რომ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გაშვებას რაღაც განსაკუთრებული, ძვირფასი აღჭურვილობა არ ესაჭიროება და ამის გაკეთება დამწყებ ჰაკერებსაც შეუძლიათ.

შესაბამისად, ანდრო გოცირიძისთვის საგანგაშოა, რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ასეთი მოწყვლადია საქართველოში; ხოლო საფასურის პლასტიკური ბარათებით გადახდისას, რისკის ქვეშ დგებიან მგზავრებიც.

„იგივე აპარატები [ტრანსპორტის გადახდის აპარატები] ატარებენ და შესაძლებელია, სერვერზე გარკვეული დროით ინახება მილიონობით ადამიანის - საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია.

როდესაც პლასტიკური ბარათით ვიხდით [მგზავრობის საფასურს] და რეგისტრირდება ჩვენი ბარათი, გროვდება ინფორმაცია მისი მფლობელის პერსონალური ინფორმაცია, ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ. თეორიულად შესაძლებელია კიბერთავდასხმის გზით მოიპოვონ ეს ბაზა - მილიონობით ადამიანის საბანკო რეკვიზიტები და შემდეგ გაყიდონ "დარქნეტში". შემდეგ ამ ბარათების გატეხაც შეიძლება და თანხის მოპოვებაც”, - ანდრო გოცირიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰაქტივისტები ფინანსურად მოტივირებულ დანაშაულს არასოდეს სჩადიან და ვერც მათი ტექნიკა გასწვდება საფინანსო კიბეროპერაციების საჭიროებებს, თუმცა სისტემა, რომელიც ჰაქტივისტების შეტევას ვერ უძლებს, გაცილებით მოწყვლადია - სერიოზული კიბერთავდასხმის წინაშე.

2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ეტაპის [გაწევრიანების მოლაპარაკებები] 4 წლით გადავადების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ქუჩაში გამოსული ხალხი უკანონოდ დაპატიმრებული მომიტინგეებისა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. უკვე თითქმის ორი თვეა, ევროინტეგრაციის მომხრეები ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველის გამზირს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG