Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქცენტები


გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლისას
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლისას

ახალი პოლიტიკური ბალანსი პარლამენტში, პრეზიდენტის მიმართვა ხალხსა და დეპუტატებს, საპროტესტო აქცია „არა ოკუპაციას“ - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირაში.

გასული კვირის პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს, 10 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დატოვა ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“. იმავე დღეს ბიუროს სხდომაზე დადგინდა, როგორ გადანაწილდება დეპუტატების ხმები „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ: უმრავლესობას, ორი ახალი, ექვსკაციანი, ფრაქციის დამატებით, პარლამენტში 87 დეპუტატი ეყოლება, 51 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია რვაკაციანი იქნება, ხოლო დამოუკიდებლობას ოთხი დეპუტატი შეინარჩუნებს. ამ საპარლამენტო განლაგებით განაგრძო ცხოვრება პარლამენტმა, რომელშიც თავისუფალმა დემოკრატებმა გასული კვირის განმავლობაში ეგრეთ წოდებული „კონსტრუქციული ოპოზიციის“ ახალი სტატუსით იმუშავეს. რაც შეეხება მათ საპარლამენტო თანამდებობებს, ინტერესის მიუხედავად, გასულ კვირაში ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა. „თავისუფალი დემოკრატების“ სათვალავზეა ვიცე-სპიკერის ერთი და კომიტეტის თავმჯდომარის 3 პოსტი. გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო პოსტების საკითხზე პარლამენტი მომდევნო კვირიდან იმსჯელებს. წინასწარი კომენტარებით კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობა კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტებს უფრო იოლად დათმობს, ვიდრე ვიცე -სპიკერისას. როგორც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, ვიცე-სპიკერის პოსტის თავისუფალ დემოკრატ ზურაბ აბაშიძისთვის შენარჩუნება დამოკიდებულია არა რეგლამენტზე, არამედ უმრავლესობის ნებაზე:

„ეს უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, მისთვის რამდენად მისაღები და რამდენად სწორი იქნება, რომ უმრავლესობის კვოტით დანიშნული ვიცე-სპიკერი გავიდეს უმრავლესობიდან და მაინც შეინარჩუნოს ვიცე-სპიკერის თანამდებობა“.

ჯერჯერობით კი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები საპარლამენტო თანამდებობებს ინარჩუნებენ. რაც შეეხებათ ამავე პარტიის წევრ და პარტიასთან დაახლოებულ უკვე ყოფილ მინისტრებს, მათ გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ბრალი დასდო იმაში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეგნებულად არ გაუფანტეს ეჭვები ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპაში, ამერიკაში, ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ, ანუ იქ საუბარი არ ყოფილა იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, იმ დარღვევებზე ადამიანის უფლებების, რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები. და, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც. და, ბუნებრივია, ის განცდაც, ის არასწორი განცდა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ევროპაში და ამერიკაში, ეს ვერ მოიხსნა. ანუ აქ გამოიკვეთა, აშკარად გამოიკვეთა და მე მაქვს სერიოზული ეჭვები, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა ევროპასა და ამერიკაში“.

პრემიერ-მინისტრის კრიტიკას მოჰყვა ექსმინისტრების ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის საპასუხო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თავიანთი საქმიანობის მანძილზე უცხოეთში ისინი საქართველოს წარმატებების წარმოჩენასა და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე ზრუნავდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ გასულ სამუშაო კვირაში ცნობილი გახდა ორი ახალი მინისტრის ვინაობა: საგარეო საქმეთა მინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, ხოლო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად სერბეთისა და საბერძნეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე დაინიშნენ.

თავის მხრივ კი, სწორედ საგარეო ურთიერთობათა მიმართულების მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა იყო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის მთავარი მიზეზი. 14 ნოემბერს მან დეპუტატებისა და საზოგადოების წინაშე მიმართვის დროს ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყეობის აუცილებლობაზე, ამისთვის სახელმწიფო უწყებების კოორდინაციის მნიშვნელობაზე, „ორი ბატონის მსახურების“ შეუძლებლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე;

„ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და, ამავე დროს, სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის. სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა დასავლურობაზე, მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისგან შორს მდგარი არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი“.

მიხეილ სააკაშვილი მიმართავს აქციის მონაწილეებს
მიხეილ სააკაშვილი მიმართავს აქციის მონაწილეებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი სამუშაო კვირა 15 ნოემბერს დიდი ხნის წინ დაანონსებული საპროტესტო აქციით დაასრულა. აქციაში, ლოზუნგით „დაიცავი საქართველო - მოითხოვე ევროპა“, დედაქალაქში რეგიონებიდან საგანგებოდ ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. აქციის მიზანი რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელახალი ანექსიის მცდელობის შესახებ პროტესტის გამოხატვა იყო.

„ვიცით, რომ ეხლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მომენტში, მიმდინარეობს რუსეთსა და აფხაზეთს და რუსეთსა და სამაჩაბლოს დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები, მათ შორის, რაღაც ხელშეკრულებებზე, რაც არის პრაქტიკულად ანექსიის ტოლფასი, თუ ეს ხელშეკრულებები რეალურად გაფორმდება და ამოქმედდება. ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი მთავრობის უმოქმედობას ამ სიტუაციასთან მიმართებაში და, ჩვენი მთავრობის უმოქმედობიდან გამომდინარე, ასევე დუმილი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ჩვენ გვინდა, მათ შორის, ხმა მივაწვდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობასაც“, ამბობს დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.

საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვის აქტუალობა გასულ კვირაში აფხაზეთის კულტურული ძეგლების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარეც გამოიკვეთა. კერძოდ, 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აღინიშნა,რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან მათზე ქართული ისტორიული კვალის მიზანმიმართული წაშლა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნა. საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მდივანი საგარეო საქმეთა სამინისტროში ქეთევან კანდელაკი ამბობს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ;

„ამ ეტაპზე ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ გვაქვს, რადგან ამ მისიის წარგზავნა დაკავშირებულია რიგ კონკრეტულ დეტალებთან, მათ შორის, გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებთან და სხვა კონკრეტულ დეტალებთან. თუმცაღა იუნესკოს მხრიდან ყოველთვის ხდება იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ ისინი გამოხატავენ მზადყოფნას მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან ამ მიმართებაში“.

კახა გახლდათ მართლაც არაორდინარული პიროვნება, რომლის ღვაწლს, რომლის საქმიანობას მომავალი კიდევ უკეთ გამოაჩენს...
დავით უსუფაშვილი

აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და იქ რეჟიმების შეცვლის ალბათობა, რუსეთში რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მსმენელთა ყურადღება შეაჩერა საქართველოში მყოფმა ჯორჯ სოროსმა, ფონდ „ღია საზოგადოების“ დამფუძნებელმა, რომელმაც ამ დღეებში, საქართველოში ვიზიტის განმავლობაში, არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ჯორჯ სოროსი საქართველოს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.

გასულ სამუშაო კვირაში ცნობილი გახდა ერთი სამწუხარო ამბავიც: 13 ნოემბერს, 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა ბიზნესმენი, „საქართველოს ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება. კახა ბენდუქიძე 2004-2009 წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში განათლების ევროპული სტანდარტების დანერგვის საქმეში, რასაც ისინიც აღიარებენ, ვინც მის რეფორმატორულ კურსს აკრიტიკებდა.

„კახა გახლდათ მართლაც არაორდინარული პიროვნება, რომლის ღვაწლს, რომლის საქმიანობას მომავალი კიდევ უკეთ გამოაჩენს“, განაცხადა 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. თავად პარლამენტი კი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წლის ბიუჯეტი მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული.

XS
SM
MD
LG