Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელოდება ირაკლი ალასანიას პარტიას პარლამენტში?


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, შეუნარჩუნებენ თუ არა „თავისუფალ დემოკრატებს“ ყოფილი მოკავშირეები საპარლამენტო თანამდებობებს. ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია „ქართული ოცნება“დატოვეს. თავისუფალი დემოკრატების სათვალავზე მოდის ვიცე-სპიკერის ერთი პოსტი და 3 კომიტეტის თავმჯდომარეთა პოსტები. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. პოსტების შენარჩუნების რა შანსი აქვს „თავისუფალ დემოკრატებს“?

კვლავაც ძალაშია შეკითხვები: შეინარჩუნებს თუ არა ვიცე-სპიკერის პოსტს ზურაბ აბაშიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს – ვიქტორ დოლიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს – დავით ონოფრიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს – გიორგი ცაგარეიშვილი.

შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკითხვების მიმართ უმრავლესობის განწყობები არაერთგვაროვანია და თუკი წინასწარი კომენტარებით ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ, ვიცე-სპიკერის თანამდებობისგან განსხვავებით, უმრავლესობა უფრო იოლად დათმობს კომიტეტების თავმჯდომარეთა თანამდებობებს. მედია მოელოდა, რომ ეს საკითხები 11 ნოემბერს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღაიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე გაირკვეოდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ სიჩქარეს არავინ აპირებს და რომ მომავალ კვირამდე ამ მხრივ არაფერი გადაწყდება. ვიცე-სპიკერის პოსტის ზურაბ აბაშიძისთვის შენარჩუნების თაობაზე აზრი არ შეუცვლია უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს და ის ამ საკითხს კვლავ რეგლამენტის მოთხოვნებით ხსნის:

„რეგლამენტის მიხედვით, სამი წარმომადგენელი ვიცე-სპიკერი უნდა ჰყავდეს უმრავლესობას. დღესდღეობით ისე მოხდა, რომ მხოლოდ ერთია“.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობას შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 ვიცე-სპიკერისა, – განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და იქვე იმასაც აზუსტებს, რომ ამჟამად უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე მხოლოდ ზვიად ძიძიგურია წარმოდგენილი. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ცხადია, ისიც ვიცე-სპიკერია, მაგრამ მისი საკითხის გადაწყვეტა არა უმრავლესობის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა.

ამასთან, გიორგი კახიანის თქმით, უმრავლესობას თავისი კვოტიდან შეუძლია აითვისოს კიდევ ერთი ვიცე-სპიკერის ადგილი ისე, რომ ეს პოსტი არ ჩამოართვას ზურაბ აბაშიძეს. კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა არა რეგლამენტზე, არამედ უმრავლესობის ნებასა და სხვა ლოგიკაზეა დამოკიდებული:

„ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – რამდენად მისაღები შეიძლება იყოს ეს უმრავლესობისთვის? ანუ, ერთი მხრივ, რეგლამენტი ასეთ შესაძლებლობას უშვებს, რომ თეორიულად ეს შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, მისთვის რამდენად მისაღები და რამდენად სწორი იქნება, რომ უმრავლესობის კვოტით დანიშნული ვიცე-სპიკერი გავიდეს უმრავლესობიდან და მაინც შეინარჩუნოს ვიცე-სპიკერის თანამდებობა“.

შედარებით იოლად არის საქმე კომიტეტების თავმჯდომარეთა შემთხვევაში – და შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხის გარშემო პრინციპული თანხმობა მიღწეული იყო მანამდე, ვიდრე 11 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართებოდა და ეს ეკა ბესელიას კომენტარიდანაც ჩანს. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი აღნიშნავს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი თავმჯდომარის მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული და ასე იქნება შემდგომშიც:

„თუ პრობლემები არ იქნება იმ კუთხით, რომ კომიტეტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ბუნებრივია, ჩვენ პერსონალურად, იმის მიხედვით, რომ ჩვენი პარტნიორები დღეს არ არიან, პერსონალური განწყობებით ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ“.

თუკი უმრავლესობა სხვაგვარად გადაწყვეტს და კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტებიდან გაათავისუფლებს თავისუფალ დემოკრატებს, ბევრი ფიქრობს, რომ ეს გაანაწყენებს მათ უპირველეს თანამოაზრე და პარტნიორ პარტიას, „რესპუბლიკელებს“. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა გიგლა აგულაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება, ხოლო „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის – ამ ორ პარტიას შორის – პარტნიორობა უმთავრეს საერთო პრინციპებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული:

„ჩვენ ორივე ლიბერალური მიმართულების პარტიები ვართ. ორივენი ვართ გაერთიანებული საერთაშორისო ორგანიზაციებში, – როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო ორგანიზაციებში. ჩვენ ვმოქმედებთ გარკვეული თავისებურებებით, მაგრამ არაარსებითი ხასიათის განსხვავებებით. ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ეს ორი პარტია ჩანს... შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ ადამიანებს, რომლებიც იმავე ღირებულებებს ქადაგებენ და იბრძვიან ამ ღირებულებების ცხოვრებაში დამკვიდრებისთვის, როგორც ჩვენ“.

რესპუბლიკელებთან თავისუფალი დემოკრატების მეგობრობა პრობლემა არ უნდა იყოს ჭკვიანი ხელისუფლებისთვის, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა. ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი ალასანიას პარტია დაძლევს აქამდე არსებულ „მავნე ტრადიციას“, იმოქმედებს კონსტრუქციულად „სახელმწიფოსთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმისას“ და სამომავლოდ სწორედ თავისუფალი დემოკრატები უნდა იყვნენ „ახალი პოლიტიკური კულტურის შემომტანი“ ქართულ პოლიტიკაში.

სხვა საკითხია, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ოპოზიციურ ძალად არ მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თავისუფალმა დემოკრატებმა ჯერ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილი ოპოზიციონერები არიან და „ქართულ ოცნებასთან“ არ არიან გარიგებული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG