“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით „არა ანექსიას“, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 5 საათისთის დაიწყო და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. აქციის მონაწილეები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ 15 ნოემბრის აქცია ზეპარტიული შეკრებაა და რომ ქვეყნის მთლიანობის იდეა და ევროპული მომავალი თითოეული მოქალაქის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. აქციის დასასრულს რუსთაველის გამზირზე შეკრებულ მოქალაქეებს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან მიმართა.
ფილარმონია, მარჯანიშვილის მოედანი, კოლმეურნეობის მოედანი და, ბოლოს, ვარდების რევოლუციის მოედანი - სწორედ ამ წერტილებიდან დაიწყეს მოძრაობა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობისკენ. მათ აერთიანებდათ ერთი დიდი ბანერი, წითელი წარწერით „STOP RUSSIA“. რუსთაველის გამზირს და მის მიმდებარე ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციის, სახელწოდებით „არა ანექსიას“, მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ დაასრულეს მსვლელობა და მათ კინოთეატრ რუსთაველიდან მოყოლებული ქაშუეთის ეკლესიამდე არსებული ტერიტორია სრულად აითვისეს. აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნულ დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშები და ჩრდილოატლანიკური ალიანსის სიმბოლიკით გაფორმებული დიდი ბანერი ეჭირათ. თბილისში გამართულ აქციას მოსახლეობა რეგიონებიდანაც შემოუერთდა. ერთ-ერთმა პირველმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ მოწყობილი სცენიდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოკა გაბაშვილმა მიმართა:
„დღეს მთელი საქართველო, დილის 7 საათიდან დაწყებული, სამეგრელოდან, აჭარიდან, გამოემართა თბილისში, გამოემართა აქ, ამ ადგილას, სადაც ბევრი რამ გადაწყვეტილა. შეხედეთ ერთმანეთს, რამდენი ვართ, რამდენი ადამიანია ისეთი, რომელიც არ გაჩუმდება, რომელიც არავის არ მისცემს საშუალებსა, ისე გატეხოს და დაანაწევროს საქართველო, რომ ვერავინ ვერ გაიგოს. შეხედეთ ერთმანეთს და იყავით ამაყები, იმიტომ რომ ვიდრე საქართველოს ასეთი საზოგადოება ჰყავს, საქართველოს ვერავინ ვერ მოერევა“.
„ეს აქცია არის სიგნალი თბილისიდან 40 კილომეტრში მდგომი მტრისათვის. 40 კილომეტრში მტერი ვერაფერს დაგვაკლებს, თუ 400 მეტრში კოლაბორაციონისტი მთავრობა არ გვეყოლება“, - ამ სიტყვებით მიმართა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ. აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მან ჟურნალისტებთან საუბარში წუხილი გამოთქვა, რომ პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ოკუპანტებისგან დაცვა და ევროპისკენ სწრაფვაა, სახელისუფლებო პარტია არ შეუერთდა:
„ეს აქცია არ არის რომელიმე პარტიის ექსკლუზივი. ეს მთლიანი ერის ტკივილია და ვფიქრობ, რომ დღეს ყველანაირი პირადი უკმაყოფილება გვერდზე უნდა გადაგვედო“.
„მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ და სანამ გვიან არ არის, ხმამაღლა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ქართველი ერი არ იზიარებს მის ოცნებას“, - ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილეებს უკრაინიდან საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი სიტყვებით, ქართველი ერი ირჩევს ამაყ და წელში გამართულ საქართველოს:
„ივანიშვილის ოცნების საქართველოში აკრძალულია, რომ საქართველოს საკითხი იდგას საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგში. ჩვენ ყველგან დავდიოდით და ვივლით ყველგან დღესაც, მიუხედავად იმისა, გვექნება თუ არა ოფიციალური თანამდებობა, რათა ყველა სახელმწიფოს კარამდე და ყურამდე მივიტანოთ ჩვენი გასაჭირი და ახალი მოკავშირეები გავიჩინოთ, ახალი ფრონტი გავხსნათ. ივანიშვილის ოცნების საქართველოში მტერი თუ დაგვიპყრობს, ამაში ჩვენ ვიქნებით დამნაშავე. ჩვენს საქართველოში არ არსებობს ძალა, რომელიც ამაზე უარს გვათქმევინებს. ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო ხმაურობს, როგორც დღეს ხმაურობს რუსთაველის გამზირი“.
პარლამენტის შენობასთან მისული აქციის მონაწილეები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ აქცია, სახელწოდებით „არა ანექსიას“ ზეპარტიული აქციაა და რომ ქვეყნის მთლიანობის იდეა და ევროპული მომავალი თითოეული მოქალაქის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ისინი გამოთქვამდნენ წუხილს იმაზეც, რომ, მათი სიტყვებით, ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის შესაჩერებლად და მათი უმოქმედობა საშიშ ფაზაში შედის:
"ჩვენ დღეს ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს აფხაზეთს. გაითავისონ და გააანალიზონ ერთი ჭეშმარიტი რამ, რომ ისინი საქართველოს შვილები არიან. ერთიანობა არის უდიდესი ძალა იმ უდიდესი მონსტრის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ჰქვია".
"აშკარად ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ძირითად საკითხს არ აქცევს სათანადო ყურადღებას. არადა, აფხაზეთის ანექსიის მცდელობა იმდენად აშკარაა, რომ ამის წინააღმდეგ, მართლაც რომ, ყველამ უნდა გავილაშქროთ. ეს ზეპარტიული თემაა".
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს დაანონსდა, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი გახდა. ის 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა და სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი მხარეები ვალდებულნი იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ღია, თავხედური და პრაქტიკულად დე იურე ანექსიის მცდელობა, თუმცა, მათი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რათა ეს საკითხი დადგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქცია გააპროტესტეს „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ წევრებმა. დღის 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეკრებილმა, ეროვნულ სამოსში, შავ მაისურებსა და ფაფახებში გამოწყობილმა, 20-მდე ადამიანმა პარლამენტის შენობისკენ გადაადგილება სცადა, მაგრამ სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ისინი დაემორჩილნენ სამართალდამცავთა მოთხოვნებს და, რამდენიმე განცხადების შემდეგ, აქცია დაშლილად გამოაცხადეს. "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" წევრების თქმით, ყოფილი მმართველი გუნდი ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ემზადება და მათი მობილიზება არ უკავშირდება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის მოსალოდნელი ანექსიის გაპროტესტებას:
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ საქართველო არ აინტერესებთ და, უბრალოდ, მათ თავიანთი აქცია ამ იდეით შეფუთეს".
„ნაციონალურ მოძრაობას“ შეცდომაში შეჰყავს არა მარტო საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა. არ დავუშვებთ იმას, რომ ეს დესტრუქციული ძალა ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში".
15 ნოემბრის აქციის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე 14 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის წერს, რომ ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. მისი თქმით, ხელისუფლება კარგად ხედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს ერთიანობას ემუქრება, და თვალს არ ხუჭავს ამაზე. მისი მტკიცებით,ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა საერთაშორისო ბერკეტები, მათ მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს.