Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი „ორი ბატონის მსახურებასა“ და ინსტიტუციურ საკითხებზე


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმინეს. ნახევარსაათიან გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე აქცენტი დასვა: უნდა გაძლიერდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლი; გააქტიურდეს პარლამენტის ნდობის ჯგუფი; არ უნდა ჭიანურდებოდეს კანონებში გარკვეული მუხლების ძალაში შესვლის საკითხი; ამასთან, უნდა გაძლიერდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია და დისკრედიტაციისგან დაცულები იყვნენ პოლიტიკოსები. საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტთან დებატები არ შედგა და გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტი დატოვა.

„მე პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგანაც თქვენ ხართ ჩემი სამშობლოს მოქალაქეთა განხორციელებული დემოკრატიული ნება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ „ არ მისულა პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ“. მისი სიტყვებით, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში და კრიზისულმა მოვლენებმა მმართველ კოალიციაში გამოიწვია სამი მინისტრის გათავისუფლება-გადადგომა და პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციის შექმნა საქართველოს პარლამენტში, ბუნებრივადგაუჩნდა სურვილი მიემართა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთვის:

ვერ მოახერხებ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარირებას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის...
გიორგი მარგველაშვილი

„იმ ფაქტმა, რომ სამივე, აწ უკვე ყოფილ, მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ – ევროპის ნაწილად - ჩამოყალიბება... პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის, "თავისუფალი დემოკრატების", შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მე არაერთხელ მითქვამს ბოლო ერთი წლის მანძილზე, და მდგომარეობს ჩვენს სახელმწიფოში ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაში. ბოლო ერთი წლის მანძილზე მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულებელყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა: ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები - საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ სახელმწიფოს“.

გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ქვეყნის საგარეო კურსის თაობაზე და განაცხადა, რომ „ვერ მოახერხებ ორი ბატონის მსახურებას“:

„ვერ მოახერხებ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარირებას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის - გავიხსენოთ: სააკაშვილი ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა "დასავლურობაზე", მაგრამ მოინდომა რა დასავლურისგან შორს მდგარი არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი“.

იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით, განმსაზღვრელია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა...
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილის ხედვით, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამასთან, უშიშროების საპოლიციო ნაწილისა და უშიშროების სამსახურების შერწყმით შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და გადაიქცა ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად. პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პროკურატურის რეფორმის საჭიროებას:

„იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით, განმსაზღვრელია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამისათვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება“.

განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებთან მიმართებაში, გიორგი მარგველაშვილის სიტყვებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტში მუშაობდეს ნდობის ჯგუფი. ასევე, საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური როლის გაძლიერებისათვის უნდა დასრულდეს კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადების პრაქტიკა. მაგალითად კი პრეზიდენტმაფარულ მიყურადებასთან, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეთა განხილვასთან, მოწმეთა დაკითხვის წესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული კანონის ნორმების ამოქმედების გადავადება მოიყვანა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა იმაზე, თუ რატომ ითქვა უარი ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ დებატების გამართვაზე და დასძინა, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობაა სამთავრობო სტრუქტურების გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა და მათი კოორდინირებულობა:

„პოლიტიკური დებატებია გასამართი? კი ბატონო, გავმართოთ დებატები, მაგრამ დღეს და ამწუთში რაზე უნდა ვიდებატოთ, მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე პირადად მოვინიშნე 22 თუ 23 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც პრეზიდენტი შეეხო და, მოდით, ახლა ყველაფერზე ერთად ვიდებატოთ“.

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ერთი წლის თავზე შეწუხდა იმითი, რომ არ შეიძლება ქვეყანა იმართებოდეს პიროვნებებით და არა ინსტიტუტებით, რომ არ შეიძლება პროკურატურა იყოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი...
მიხეილ მაჭავარიანი

პრეზიდენტის სიტყვისშეფასებისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ, მარგველაშვილის სიტყვას პრეზიდენტის საუკეთესო გამოსვლა უწოდა:

„ეს იყო მისი საუკეთესო გამოსვლა, რომელიც მე მომისმენია გიორგი მარგველაშვილისგან პრეზიდენტის რანგში. მან პირველ რიგში აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლით ოპოზიციაში დღეს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ქვეყანაში. ის სამი მინისტრი, რომელთაც მთავარი მიმართულებები ეკავათ კაბინეტში, აღარ არიან მინისტრები; დეკლარირება იმისა, რომ ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპულ და ავროატლანტიკურ კურსს, არ არის საკმარისი. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული საქმეები, კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან“.

დებატებზე უარის მიღების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის - „ნაციონალური მოძრაობის“ - წარმომადგენლებს პრეზიდენტთან შეხვედრის დაგეგმვის სურვილი გაუჩნდათ. ამასთან, როგორც დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ის იზიარებს პრეზიდენტის გამოსვლის სულისკვეთებას:

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი ერთი წლის თავზე შეწუხდა იმითი, რომ არ შეიძლება ქვეყანა იმართებოდეს პიროვნებებით და არა ინსტიტუტებით, რომ არ შეიძლება პროკურატურა იყოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და რომ არ შეიძლება გამოძიება და პოლიტიკური დევნა იყოს ერთმანეთში გადაკვეთილი“.

ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მრავალმხრივ საინტერესო გამოსვლად აფასებს ექსპერტი ვაჟა ბერიძე გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვას:

„ყველა თეზისი, რაზეც ბატონი მარგველაშვილი საუბრობდა, არის მისაღები და გასაზიარებელი ჩვენი საზოგადოების მიერ. ის უნდა იყოს, გარკვეულწილად, განსჯის საგანი მთავობის სხვა ინსტიტუტების ფორუმებზე და კიდევ გაესვას მკაფიოდ ხაზი, რომ ჩვენ მართლაც უნდა გავერთიანდეთ საგარეო საფრთხეების წინაშე, რომელიც დღეს დგას საქართველოსთან მიმართებაში“.

მერვე მოწვევის პარლამენტში პრეზიდენტს უკვე მესამედ მოუსმინეს. ყოველწლიური ანგარიშის გარდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და საზოგადოებას და დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG