Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა დანაშაულებრივი ორგანიზაცია უწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებრივი ორგანიზაცია უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა უკრაინული ინტერნეტგამოცემების მიერ 21 ოქტომბერს გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეომასალას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ჩვენების იძულებით მისაღებად ადამიანზე სექსუალურ ძალადობას და წამებას ასახავს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

„იმის მაგივრად, რომ ამ სამი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის ყოველდღე ბოდიში მოეხადათ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის, კვლავაც უტიფრად განაგრძობენ საზოგადოების შეურაცხყოფას და მცდელობას შექმნან არეულობა და ქაოსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილის მთავრობის სახე და „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა ვიდეომასალაზე აღბეჭდილი ნიღბიანი პირი, რომელიც ადამიანზე ძალადობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, მისთვის გასაკვირია, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხდებოდა, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეომასალების გავრცელება და რატომ არ გაანადგურა ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ამ მასალების განადგურება შეუძლებელია, რადგან პროკურატურის საქმის მასალებში დევს და ასლები ბრალდების და დაცვის მხარეებს გადაეცა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არსებული ცნობებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოკაციებს გეგმავენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ბოლო შანსი, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს და პროვოკაციებს თავი დაანებოს. „წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ, რა თქმა უნდა, კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, შესაძლოა, უხეშად გამოსდის, მაგრამ „ისინი ამას იმსახურებენ.“ პრემიერის შეფასებითვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დემოკრატიულად მოქცევა და ადამიანურად მოპყრობა ვერ დააფასა.

„დღეს სახელმწიფო არის გაცილებით ძლიერი, ვიდრე სამი წლის წინ იყო, ამიტომ ნურავის ექნება იმის განცდა, რომ სადისტებს სახელმწიფო მისცემს უკანონობის ჩადენის უფლებას“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG