Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპოლიტიზებული განათლების სისტემა


თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2013 წლის საქმიანობა შეაფასა. თამარ სანიკიძის განცხადებით, არაეფექტურად დაგეგმილი ბიუჯეტის გარდა, წინა ადმინისტრაციისგან სამინისტროს პოლიტიზებული და პიარზე გათვლილი სისტემა დახვდა. წლის განმავლობაში განათლების სამინისტროში განხორციელებულ პროექტებს შეფასებას აძლევენ ექსპერტებიც.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სიტყვებით, პოლიტიზებულ განათლების სისტემაში განხორციელებულმა პროგრესულმა ღონისძიებებმა უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები სკოლის დამოუკიდებლობის ამაღლების თვალსაზრისით. 2014 წელს კი განათლების სამინისტროს პრიორიტეტი იქნება სამეცნიერო ფაკულტეტების დაფინანსების გაზრდა. განათლების მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ინკლუზიური პროგრამების შემუშავებას. ამასთან, თამარ სანიკიძის სიტყვებით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში გამოყოფილი 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განათლების სისტემას მოხმარდება:

„თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების საფუძველზე რეალურად შედგა განვითარებადი, აპოლიტიკური და საზოგადოების დაკვეთაზე ორიენტირებული სტრუქტურა, დასრულდება უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და დაფინანსების მექანიზმებზე მუშაობა, დაიწყება მუშაობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად მეცნიერების ორგანიზებაზე, გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების პრიორიტეტული სპეციალობების მხარდაჭერა და მათ შორის აუცილებლად იქნება აგრარული მიმართულება“.

არიან მასწავლებლები, რომელთაც ინგლისურის ცოდნა თავისი საგნის მაღალი ხარისხით მიწოდებასთან დაკავშირებით საერთოდ არ სჭირდებათ. თუნდაც ქართული ენის პედაგოგს მაინცდამაინც ინგლისური თუ არ ეცოდინება, ეს დიდი ტრაგედია არ არის, თუმცა კარგია, რომ იცოდეს...
ნანა მონიავა
ამას გარდა, მინისტრმა ისაუბრა სკოლების რეაბილიტაციის, ახალი სკოლების მშენებლობის, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის, გაზიფიცირების შესახებ. მინისტრი შეეხო მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასების თემასაც. პედაგოგთა ხელფასები 26-დან 60%-მდე გაიზარდა. ხელფასების ზრდის დადებითად შეფასების მიუხედავად, თბილისის 63-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მონიავა ხელფასების მატების უსამართლოდ გადანაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას. მასწავლებლებს ხელფასი 100 ლარით იმ შემთხვევაში ეზრდებათ, თუ საგნობრივ საკვალიფიკაციო გამოცდასთან ერთად პედაგოგი ინგლისურისა და კომპიუტერული ცოდნის გამოცდასაც ჩააბარებს:

„არიან მასწავლებლები, რომელთაც ინგლისურის ცოდნა თავისი საგნის მაღალი ხარისხით მიწოდებასთან დაკავშირებით საერთოდ არ სჭირდებათ. თუნდაც ქართული ენის პედაგოგს მაინცდამაინც ინგლისური თუ არ ეცოდინება, ეს დიდი ტრაგედია არ არის, თუმცა კარგია, რომ იცოდეს, მაგრამ ქართულის რომელიღაცა მასწავლებელმა, რომელმაც ინგლისური იცის, იმას ჰქონდეს 1000 ლარი და მეორე მასწავლებელს, რომელმაც გერმანული იცის, იმას არ ჰქონდეს ეს დანამატი, ცოტა უსიამოვნოა ეს ყველაფერი და უსამართლობა ნამდვილად არის ამაში“.

მთლიანობაში, ნანა მონიავას სიტყვებით, ის, რომ მას მედიასთან თავისუფლად შეუძლია კომენტარის გაკეთება, უკვე დიდი წინსვლაა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა მანდატურის სამსახურში, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოდან უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველ სტრუქტურად გარდაიქმნა.

იყო ფაზლის რაღაც გარკვეული ნაწილები და ვერანაირად ვერ შეაერთებდი და ვერ დაინახავდი მთლიანად რა როგორ ჯდებოდა სისტემის განვითარების სურათში ეს ცალკეული გადადგმული ნაბიჯები. შესაბამისად, ეს იყო მყისიერი, მორგებული რაღაც კონიუნქტურას...
გიორგი მაჩაბელი
როგორც „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი ამბობს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განათლების სამინისტრომ დაიწყო ფიქრი გარკვეული სტრატეგიული გეგმისა და ხედვის ჩამოყალიბებაზე. აქამდე სისტემას არც განვითარების ხედვა ჰქონდა, არც სტრატეგია, არც დასახული მიზნების განხორციელების გეგმა:

„იყო ფაზლის რაღაც გარკვეული ნაწილები და ვერანაირად ვერ შეაერთებდი და ვერ დაინახავდი მთლიანად რა როგორ ჯდებოდა სისტემის განვითარების სურათში ეს ცალკეული გადადგმული ნაბიჯები. შესაბამისად, ეს იყო მყისიერი, მორგებული რაღაც კონიუნქტურას, რაღაც ვიწრო წრის სურვილებზე მორგებული, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან კავშირში და ა.შ. ანუ ვერანაირად ვერ ემსახურებოდა სისტემის განვითარებას. შესაბამისად, მივიღეთ საკმაოდ მძიმე სურათი“.

გიორგი მაჩაბლისავე სიტყვებით, განათლების ხარისხის დაბალი დონე, პედაგოგთა მომზადების დაბალი მაჩვენებლები და მოსწავლეთა მომზადების დაბალი ხარისხი მეტად „მძიმე სურათს“ ქმნიდა.

განათლების სფეროს ექსპერტ ნია ჭაჭიაშვილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის მთავარ შედეგად თუნდაც იმ საერთო აზრამდე მისვლა მიაჩნია, რომ განათლების სისტემას შეცვლა ესაჭიროება:
„ის, რომ ფიქრობენ, რომ კონცეფცია უნდა შემუშავდეს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ის, რომ ფიქრობენ, რომ ადამიანური ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასწავლებელთა მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს როგორც პროფესიული დონის ამაღლების თვალსაზრისით, ისე მატერიალურად, ესეც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ის, რომ ფიქრობენ, მეტი დამოუკიდებლობა მისცენ სკოლებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.

ნია ჭაჭიაშვილის აზრით, კარგი ხარისხის განათლების შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა სკოლების მაქსიმალური დეცენტრალიზაცია და შეირჩა სკოლის ბედით დაინტერესებული კადრები.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG