Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია განათლების სფეროში


ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა განათლების შესახებ გლობალური კორუფციის ანგარიში. მასში ერთი თავი საქართველოსაც ეთმობა, კერძოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო რეფორმა ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული, ანგარიშში გარკვეული კორუფციული გარიგების ალბათობაზეც მიუთითებენ. რამდენად თავისუფალია საქართველოში განათლების სფერო კორუფციისგან და სად გვხვდება კიდევ კორუფციის ნიშნები?

განათლების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური კორუფციის ანგარიშში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის განათლების სფეროში კორუფციის დონის შესახებ მსჯელობაა. ანგარიში სხვადასხვა ქვეყნაში მომუშავე იმ მკვლევართა ანალიზის ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც, თავის მხრივ, განათლების ექსპერტთა და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების ინტერვიუების გზით მიღებულ მონაცემებს ამუშავებდნენ.

ანგარიშში საქართველოს ერთი თავი ეძღვნება, სადაც საუბარი 2005 წლიდან შემოღებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემას შეეხება. დამოუკიდებელი მკვლევარი მარიამ გაბედავა, რომელმაც საქართველოს შესახებ თავი მოამზადა, პროცესს, მთლიანობაში, მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებს, თუმცა მთავარ მიგნებად მკვლევარი ასახელებს იმას, რომ კორუფციის ალბათობა ჩნდება არა უშუალოდ საგამოცდო პროცესში, არამედ მანამდე. ამ სქემაში კი ის ადამიანები არიან ჩართულები, რომლებიც უშუალოდ საგამოცდო ტესტებზე მუშაობენ:
მარიამ გაბედავა
მარიამ გაბედავა

„როდესაც ვმუშაობდი, ეს ინტერვიუებშიც გამოიკვეთა, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპეტიტორები არიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ ამ ტესტების მომზადების პროცესში მონაწილეობენ. იყო საუბარი, რომ ეს დიდი ინფორმაცია, რომელიც გამოცდებზე იქნებოდა გამოყენებული, ამ ადამიანებისთვის ზუსტად იყო ცნობილი. თუმცა ისინი ზუსტად ვერ უზრუნველყოფდნენ, რომ რაიმე კონკრეტული შეკითხვა მოსვლოდა მათ მიერ მომზადებულ პირს“.

ამის ალბათობას გამორიცხავს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას, რომ ტესტების ავტორები თავად არიან რეპეტიტორები, ფაქტობრივ შეცდომად მიიჩნევს, ვინაიდან ამ ადამიანებს ხელი აქვთ მოწერილი მემორანდუმზე და ეკრძალებათ აბიტურიენტებთან ურთიერთობა. მაია მიმინოშვილი ტესტების გამსწორებელთა შესაძლო რეპეტიტორობას არ გამორიცხავს, თუმცა აქაც, მისი სიტყვებით, მუშაობს სისტემა, რომელიც რაიმე სახის მიკერძოებულობას შეუძლებელს ხდის. ტესტს სამი სხვადასხვა გამსწორებელი ამოწმებს და თითოეული მათგანი სრულად ტესტს ვერ ხედავს, ისინი ნაწილ-ნაწილ ხედავენ მას.

„ბუნებრივია, თავიდან ვერ ავიცილებთ იმას, რომ შესაძლოა რომელიმე ჯგუფის წევრის ნათესავი იყო აბიტურიენტი რომელიღაც კონკრეტულ წელიწადს. აი, ამ წელიწადს ჯგუფის წევრი ეს თანამშრომელი ერთი წლით არის გათავისუფლებული სამსახურიდან, ასე ვთქვათ, უხელფასო შვებულებაში და ის იმ წელიწადს არ მონაწილეობს ტესტების დავალებების შექმნაში“.
თუ ჩვენ გვინდა, ერთი მხრივ, სარეპეტიტორო სკოლის შესუსტება და, მეორე მხრივ, სკოლების გაძლიერება, ამ რაოდენობის გამოცდები პრაქტიკულად ზრდის კორუფციის რისკს, ზრდის სარეპეტიტორო ინსტიტუტს და ასუსტებს სკოლას...
თამარ მოსიაშვილი

საგანმანათლებლო სფეროში კორუფციის არა, მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობას ხედავს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი. მისი სიტყვებით, როცა საგანმანათლებლო სისტემაში არის ძალიან ბევრი გამოცდა და მათი მნიშვნელობა გაზვიადებულია და, ამასთან, სკოლის როლი საგანმანათლებლო სისტემაში - შემცირებული, ჩნდება ძლიერი სარეპეტიტორო ინსტიტუტი.

„თუ ჩვენ გვინდა, ერთი მხრივ, სარეპეტიტორო სკოლის შესუსტება და, მეორე მხრივ, სკოლების გაძლიერება, ამ რაოდენობის გამოცდები პრაქტიკულად ზრდის კორუფციის რისკს, ზრდის სარეპეტიტორო ინსტიტუტს და ასუსტებს სკოლას...“

სარეპეტიტორო ინტიტუტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კი იწვევს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უთანაბრო სისტემის ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემას წარმოადგენს, ამბობს თამარ მოსიაშვილი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის სიტყვებით, სკოლა უნდა უწევდეს კონკურენციას რეპეტიტორობის ინსტიტუტს. ამ შესაძლებლობას გააჩენს არა ახალი საგამოცდო სისტემები, არამედ თავად სასკოლო განათლების რეფორმა. მისი სიტყვებით, სკოლა დღეს განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი სუსტი რგოლია და მისი გაუმჯობესებისათვის განათლების სამინისტრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

დაბოლოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განათლების შესახებ გლობალური კორუცფიის ანგარიშის მთავარი რედაქტორი გერეთ სუინი ამბობს, რომ საგანმანათლებლო სისტემიდან კორუფციის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი მშობელს აკისრია - იმას, რომ მშობელი გაცილებით მეტად იყოს ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG