ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 12 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა გამოკვლევა და 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. კვლევის განმავლობაში ორგანიზაციამ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, წერილები 308 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნა, რომელთაგან სრულყოფილი პასუხი 66.4 პროცენტზე მიიღო, არასრულყოფილი პასუხი - 6.5 %-ზე. პასუხის გაცემაზე უარი ორგანიზაციათა ერთ-ნახევარმა პროცენტმა თქვა, ხოლო წერილები უპასუხოდ 25,6-მა პროცენტმა დატოვა. გამოკვლევის დეტალების შესახებ გიორგი გოგუა ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეს, ლევან ავალიშვილს ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: რომელი დაწესებულებები აღმოჩნდა ყველაზე ღია და ყველაზე დახურული, საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ?
ლევან ავალიშვილი: პროექტის განმავლობაში ჩვენი მოთხოვნები 300-ზე მეტ საჯარო დაწესებულებაში მთელი საქართველოს მასშტაბით გავგზავნეთ. მოვიცავით სხვადასხვა სექტორი, მათ შორის, ცენტრალური ორგანოები, თვითმმართველობები, სახელმწიფო შპს-ები, სასამართლო სისტემა და სხვა დაწესებულებები. საერთო ჯამში, 8 000-მდე მოთხოვნა გავგზავნეთ ერთი წლის განმავლობაში და, ამავე დროს, დეტალურ სტატისტიკას ვაწარმოებდით. აღვრიცხავდით არა მარტო გასცა თუ არა პასუხი, არამედ როგორ გასცა პასუხი - ვადის დაცვით მოგვაწოდა თუ არა ინფორმაცია, იყო თუ არა მონაცემები სრულყოფილი. საბოლოო ჯამში, ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 41-მა დაწესებულებამ სრულყოფილად, ვადის დაცვით მოგვაწოდა ინფორმაცია. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო ისეთი უწყებები, როგორიცაა გარემოს დაცვის სამინისტრო ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, სპორტის სამინისტრო, დაზვერვის სამსახური, ეროვნული უშიშროების საბჭო... ეს ის დაწესებულებებია, რომლებიც იცავენ კანონით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ინფორმაციას მოთხოვნის შესაბამისად გასცემენ. რაც შეეხება დახურულ დაწესებულებებს, აქ გამჭვირვალობის კოეფიციენტი ვარირებს 20-დან 50 %-მდე. მაგალითად, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში ყველაზე გაუმჭვირვალე შინაგან საქმეთ სამინისტრო აღმოჩნდა, რომელმაც მხოლოდ 28 % შემთხვევაში მოგვაწოდა ინფორმაცია. ასევე ფინანსთა სამინისტრო. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვასახელებთ ყველაზე დახურულ დაწესებულებას, რომელიც, ამ კვლევის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტია.
რადიო თავისუფლება: ძირითადად რა სახის ინფორმაცია იყო ისეთი, რაზეც ან უარს გეუბნებოდნენ, ან არ გპასუხობდნენ?
ლევან ავალიშვილი: დეტალურად ვერ ვიმსჯელებ. იმ უწყებებს, ვინც ინფორმაცია ან არ მოგვაწოდა, ან ნაწილობრივ მოგვაწოდა, განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ. მაგრამ იმ უწყებებს შორის, რომლებიც ახლა დავასახელე, - განსაკუთრებით ეს არის სამინისტროები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, - ყველაზე დიდი პრობლემა ჰქონდათ ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციის გაცემის მხრივ. ხშირად ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის არმოწოდების გამო სხვა ინფორმაციასაც არ გვაძლევენ, რაც მათთვისაც კი შეიძლება პრობლემური არ იყოს. ერთია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელიც საერთოდ ყველა კითხვას იგნორირებას უკეთებს, მაგრამ მეორეა ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც ყველა კითხვაზე პასუხი გაგვცა, მაგრამ არც ერთი მათგანი ჩვენს კითხვას რეალურად არ პასუხობდა.
რადიო თავისუფლება: პასუხზე უარის ან იგნორირების მიზეზს თუ განგიმარტავდნენ?
ლევან ავალიშვილი: იგნორირება, როცა პასუხი არ გაიცემა, სამართლებრივად უარს ნიშნავს და მისი გასაჩივრება შეიძლება. ზოგადად, დასაბუთებული უარის ძალიან მცირე რიცხვი გვაქვს. ძირითადად უპასუხოდ დარჩენილი მოთხოვნები გვქონდა. ძალიან რთულია დაასაბუთო უარყოფითი პასუხი იმ კითხვაზე, სადაც პრემიებზე მოვითხოვთ ინფორმაციას, რადგანაც ეს ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამიტომაც, საერთოდ არ გვპასუხობენ და, ეტყობა, ელოდებიან, წავალთ თუ არა სასამართლოში.
რადიო თავისუფლება: თუ გქონდათ ისეთი შემთხვევა, როდესაც ინფორმაცია, რომლის მოწოდებაზეც ადრე უარს გეუბნებოდნენ, წელს ხელმისაწვდომი გახდა?
ლევან ავალიშვილი: რა თქმა უნდა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ კარგი ფონია. მაჩვენებელი, რაც დღეს გვაქვს, ანუ მიღებული პასუხების 82 %, მაგალითად, 2011 წელთან შედარებით, გაიზარდა. 2011-ში, სულ, 76 % გვქონდა. რეალურად სივრცე გახსნილია, ინფორმაციას თითქმის ყველა უწყება გვაწვდის. ძალიან ცოტა ამბობს უარს იმავე პრემიებთან მიმართებაშიც.
რადიო თავისუფლება: წინა წლებთან შედარებით, ინფორმაციის გამჭვირვალობის მხრივ სიტუაცია თუ შეიცვალა?
ლევან ავალიშვილი: დინამიკა სხვადასხვა პროექტთან მიმართებაში ყოველთვის იცვლებოდა. პრობლემური წლები იყო 2010, 2011, 2012. სამაგიეროდ, წინა პროექტი, რომელიც 2013 წლის სექტემბერში შევაჯამეთ და რომელიც 2012-2013 წლებს მოიცავდა, საარჩევნო პერიოდს და ახალი ხელისუფლების მოსვლას დაემთხვა. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდით, წინა ხელისუფლებას ეხებოდა. ამიტომაც ახალი ადმინისტრაცია ძალიან ადვილად გვპასუხობდა. შედეგად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კოეფიციენტი 90 %-ს მიუახლოვდა. თითქმის ყველაფერი, რაც 2010-დან 2012 წლამდე პრობლემური იყო, ხელმისაწვდომი გახდა. მაგრამ წლევანდელმა პროექტმა აჩვენა, რომ რიგი დაწესებულებების ხარჯზე დინამიკა უარესობისკენ შეიცვალა.
რადიო თავისუფლება: რამდენად კარგად არეგულირებს კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მოპოვების წესებს საქართველოში?
ლევან ავალიშვილი: ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები ძირითადად თავმოყრილია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა იმ კუთხით, რომ საკმაოდ ლიბერალურია და ფართო სექტორს მოიცავს, მაგრამ აქ ყოველთვის ინტერპრეტაციის პრობლემა იყო. ჩვენმა სასამართლო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა, იმიტომ რომ, ისევე როგორც წინა პროექტის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო დავებს ვაგრძელებთ. კანონმდებლობა არ შეცვლილა, მაგრამ ახლა ვიგებთ იმ პროცესებს, რომლებსაც 2010-დან 2012 წლამდე ვაგებდით. კანონმდებლობა იგივეა, მაგრამ სასამართლომ მიდგომა შეცვალა. ამიტომაც, ახალ კანონში, რომელიც გვინდა შემუშავდეს, ძალიან მკვეთრად უნდა იყოს დაკონკრეტებული ის პრობლემური საკითხები, რომლებიც არსებობდა. ინფორმაციის გამჭვირვალობის საკითხი არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე, პოლიტიკურ ნებაზე ან სასამართლოს მიდგომაზე. რაც საჯაროა, ყოველთვის საჯარო უნდა იყოს. რაც საიდუმლოა, ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. ამიტომაც გვინდა ასეთი ცვლილებები შევიტანოთ და ამაზე ვმუშაობთ კიდევაც.