რუსეთის დედაქალაქში ტრადიციული სამხედრო აღლუმით აღნიშნეს „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“. ცერმონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა საბჭოთა კავშირის დამსახურებას ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში და თითქმის არაფერი უთქვამს ამ მხრივ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის ან სხვა დასავლელი მოკავშირეების წვლილზე. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო აქციაში, სახელწოდებით „უკვდავი პოლკი“, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია 9 მაისს იმართება ხოლმე რუსეთის ქალაქებსა და უცხოეთის ზოგ ქვეყანაშიც. უკრაინაში ამ აქციებს პროტესტი და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის დროს გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი ვითარება რუსეთისაგან მოითხოვს სამხედრო გაძლიერებაზე ზრუნვას და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი, მოიგერიონ ნებისმიერი პოტენციური აგრესიაო.
იქვე პუტინმა დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა, შეუერთდნენ მოსკოვის კურსს ტერორიზმთან ბრძოლაში: პუტინის თქმით, ჰიტლერის მოწინააღმდეგეებს შორის სწორედ ერთსულოვნების არარსებობამ მისცა ნაცისტებს შესაძლებლობა, ომში გაეხვიათ ევროპა და საფრთხე შეექმნათ მთელი პლანეტისათვის. „ამ საზარელი ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, პირველ რიგში, იმის გამო, რომ დაშვებულ იქნა რასობრივი უპირატესობის დანაშაულებრივი იდეოლოგიის არსებობა, იმის გამო, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის უთანხმოება იყო“, - განაცხადა პუტინმა წითელ მოედანზე.
ვლადიმირ პუტინს, რომელიც 1999 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში ხან პრემიერ-მინისტრის, ხან პრეზიდენტის რანგში და, როგორც ბევრი ვარაუდებს, მორიგი ექვსწლიანი ვადითაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, არაერთხელ დაუდანაშაულებია დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში, მაგალითად, ტერორიზმთან ბრძოლისას. პუტინის აზრით, დასავლეთი არა მარტო ებრძვის ექსტრემისტებს, არამედ ზოგჯერ თანამშრომლობს კიდეც მათთან იმისათვის, რომ რუსეთი დაასუსტოს. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უარყოფენ ასეთ ბრალდებებს და, თავის მხრივ, რუსეთს ბრალად სდებენ ავღანეთში თალიბი ექსტრემისტების მხარდაჭერას. მკვეთრ უთანხმოებას იწვევს უკრაინასა და სირიაში რუსეთის პოლიტიკაც.
ასეთ ფონზე გაიჟღერა პუტინის განცხადებებმა რუსეთის სამხედრო გაძლიერებისა და რუსი სამხედროების თავდადების შესახებ: „ვგრძნობთ სისხლით გამჭვალავ ნათესაობას გმირთა და გამარჯვებულთა თაობასთან. და მივმართავ რა მათ, ვიტყვი: ჩვენს გამო არასოდეს შეგრცხვებათ! რუსი, რუსეთის ჯარისკაცი დღესაც, ისევე როგორც ყველა სხვა ეპოქაში, სიმამაცისა და გმირობის გამოვლენით, მზად არის ნებისმიერი გმირობისათვის, ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად თავისი ქვეყნისთვის, თავისი ხალხისათვის“.
დასავლელი ლიდერები წარსულში არაერთხელ დასწრებიან რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმებს, თუმცა ახლა თავს არიდებენ მსგავს ჟესტს, რათა მხარდაჭერა არ გამოხატონ ისეთი ქვეყნის სამხედრო ძალის დემონსტრირებისას, რომელსაც ევროპაში საზღვრების ძალით შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებენ.
მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე, გამართული სამხედრო აღლუმი გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება იყო რუსეთში, თუმცა სამხედრო აღლუმი გაიმართა ზოგ სხვა ქალაქშიც და გაიმართა აქციები „უკვდავი პოლკისათვის“ პატივის მისაგებად. „უკვდავი პოლკი“ ეწოდება მსვლელობებს, რომელთა მონაწილეებსაც ხელში უჭირავთ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახლობლების ფოტოები.
„უკვდავი პოლკის“ აქციები იმართება უცხოეთის ზოგ ქვეყანაშიც, მაგალითად, უკრაინაში. კიევში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში ამჯერად სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა და ქალაქის ცენტრში შეხლა-შემოხლა მოხდა აქციის მონაწილეებსა და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის. პოლიციამ დააკავა 20-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულთაგან ორი კაცი „უკვდავი პოლკის“ აქციაში მონაწილეობისას ცდილობდა გაეშალა ბანერი წმ. გიორგის ბაფთების გამოსახულებით, ანუ სიმბოლოებით, რომლებიც მიჩნეულია რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მხარდაჭერის გამოხატულებად.