Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადამწყვეტი კვირა


ცხინვალი
ცხინვალი
კვირას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უმაღლესი თანამდებობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი დავით სანაკოევი და უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი. პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო, შვიდ თვეს გასტანა. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, საზოგადოება მუდმივ საარჩევნო რეჟიმში ცხოვრებით დაიღალა და ახლა ყველას სურს, რომ მალე დასრულდეს ყველაფერი. ამ ხნის განმავლობაში მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავება, ცემა, გადაბირება და სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა, ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ კი ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა. მისი თანამებრძოლებიდან ზოგი ციხეში, ზოგი კი სხვადასხვა კანდიდატის ბანაკში აღმოჩნდა. კოსტა კოშტე, პოლიტიკური პარტია „სამართლიანი ოსეთის“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ საზოგადოება ამჟამინდელი კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს ყურადღებას არც კი აქცევს და ახლა ყველას ის აინტერესებს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ყველაფერი.

ექსპერტების აზრით, მეორე ტურის წინ გამარჯვების უკეთესი შანსი აქვს ლეონიდ თიბილოვს, რომელმაც ჯიოევას თანამებრძოლთა დიდი ნაწილი მიიმხრო და ყოფილი ხელისუფლებისგან დისტანცირება შეძლო. თუმცა ცხინვალის საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კრემლის მოხელეებმა წინა არჩევნების შედეგები გააუქმეს და ჯიოევას სუფთა გამარჯვება წაართვეს, მომავალი პრეზიდენტი უკანონოდ და არალეგიტიმურად იქნება არჩეული. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლარისა ოსტაევა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ მის სიმპათიას არც ერთი კანდიდატი არ იწვევს, იგი განმეორებით არჩევნებში ხმის მისაცემად არ მიდის და ამბობს, რომ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ ვერ წავა და პირველი არჩევანის ერთგული რჩება.

მეორე ტურის წინ კომენტარი თავად ალა ჯიოევამაც გააკეთა. ის პოზიციას არ იცვლს და ამ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. რაც შეეხება მისი მეგობრების თიბილოვთან გადასვლას, ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ ეს მათი კონსტიტუციური და არჩევანის უფლებაა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება.

ჯიოევა ყურადღებით დააკვირდება ახალი ხელისუფლების პირველ ნაბიჯებს, რადგან მისი მომავალი პოლიტიკური მოღვაწეობა ამაზე იქნება დამოკიდებული. ოპოზიციის ლიდერი 8 აპრილის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციაში დარჩება.
XS
SM
MD
LG