Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვი და სანაკოევი მეორე ტურში


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება. დღეს, 26 მარტს, დილით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ პირველი ტურის შედეგები გამოაცხადა. უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი 42 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა, 24 პროცენტით მეორე ადგილზე სახალხო დამცველი დავით სანაკოევია, მას ერთი პროცენტით ჩამორჩა სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი.

კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 70 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, არაღიარებული რესპუბლიკებიდან მოწვეულმა დამკვირვებლებმა კი უმნიშვნელო დარღვევები დააფიქსირეს. კანდიდატების შტაბები გუშინ, 25 მარტს, მთელი დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგეებს ამომრჩევლების მოსყიდვასა და უკანონო აგიტაციაში ადანაშაულებდნენ, თუმცა კომისიამ ეს დარღვევები უმნიშვნელოდ მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის დარღვევები საერთოდ არ ყოფილა გასული წლის ნოემბრის არჩევნებზე, როცა ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, მაგრამ შედეგები მაინც გაუქმდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯიოეევას ფაქტორმა მაინც დიდი ზეგავლენა იქონია 25 მარტის არჩევნების შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯიოევა ამ არჩევნებს არალეგიტიმურს და უკანონოს უწოდებდა, მისი შტაბის ლიდერების დიდი ნაწილი თიბილოვს ეხმარებოდა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თიბილოვსა და ჯიოევას შორის ფარულ გარიგებას ჰქონოდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ პირველმა სწორედ ლეონიდ თიბილოვმა აღიარა ალა ჯიოევას გამარჯვება, დაგმო მასზე ძალადობა და გამარჯვების შემთხვევაში მასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. თიბილოვი, დიდი უპირატესობით, უკვე მეორე ტურშია.
მეორე ტურში რეალური ბრძოლა იქნება პრეზიდენტის სავარძლისთვის. იმედი გვაქვს, რომ მედოევის ხმები დავით სანაკოევის სასარგებლოდ წამოვა, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ ელექტორატი არაპროგნოზირებადი...
დინა ალბოროვა

ექსპერტების აზრით, ამომრჩეველი მაინც საპროტესტოდ იყო განწყობილი და ამიტომ მედოევმა საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. მედოევის გაპრეზიდენტება კრემლის მოხელეებს ყველაზე მეტად უნდოდათ. რაც შეეხება დავით სანაკოევს, მას ძირითადად არასამთავრობო სექტორი უჭერდა მხარს. მის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოკოითის მემკვიდრედ ითვლებოდა. ახლა ცხინვალში ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რომელი კანდიდატისკენ წავა მედოევის ხმები. თვითონ მედოევს ჯერ არ გადაუწყვეტია თიბილოვს დაუჭერს მხარს თუ სანაკოევს. წინასაარჩევნო პერიოდში მედოევისა და თიბილოვის შტაბებს შორის თითქმის მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, ამიტომ სანაკოევის მომხრეები ვარაუდობენ, რომ მედოევი სახალხო დამცველს დაუჭერს მხარს. სანაკოევის შტაბის წარმომადგენელი დინა ალბოროვა ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი აზრით, მთავარი ბრძოლა ახლა იწყება, დავით სანაკოევს კი მეორე ტურში გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

„მეორე ტურში რეალური ბრძოლა იქნება პრეზიდენტის სავარძლისთვის. იმედი გვაქვს, რომ მედოევის ხმები დავით სანაკოევის სასარგებლოდ წამოვა, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ ელექტორატი არაპროგნოზირებადია, იმიტომ რომ წინასწარ გაკეთებული პროგნოზები ხშირად არ მართლდებოდა. მედოევი სანაკოევის მხარეს რომც გადმოვიდეს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ მთელი მისი ელექტორატი სანაკოევის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს. ვნახოთ, მუშაობა აუცილებელია“, – აცხადებს პოლიტოლოგი დინა ალბოროვა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდა. მისი აზრით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ადგილობრივმა საზოგადოებამ კარგად იცოდა კანდიდატების უკან რომელი კლანები იდგნენ, თიბილოვის გამარჯვება კი მასა და კოკოითის კლანს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი
„მეორე ტური საინტერესო იქნება. მედოევის ხალხი, ალბათ, უფრო სანაკოევს მისცემს ხმას, ვიდრე თიბილოვს, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ სანაკოევი მაინც ლიბერალი და ზომიერია, მიაჩნიათ, რომ მაინც კოკოითის გუნდიდანაა, ამიტომ თვლიან, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება, თუ სანაკოევმა გაიმარჯვა. იმ შემთხვევაში, თუ თიბილოვი მოდის ხელისუფლებაში, სანაკოევის გუნდის, კლანის და დაჯგუფების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თიბილოვი მათ გადაუვლის და გაანადგურებს, ამიტომ მეორე ტურში უფრო გაძლიერდება სანაკოევის პოზიციები. თუ რამდენად, ეს სხვა საკითხია. მე მაინც მგონია, რომ თიბილოვი გაიმარჯვებს, რადგან, როგორც ჩანს, მოსკოვს გამოუჩნდა ძლიერი ალტერნატივა კოკოითის მმართველობის სისტემის წინააღმდეგ. ეს არის უშიშროების კაცი. ეს არ არის პოლიტიკოსი და უფრო იოლი იქნება მასთან საერთო ენის გამონახვა. ამიტომ მოსკოვი გააძლიერებს თიბილოვის დაჯგუფებას“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ტურში მაინც თიბილოვი გაიმარჯვებს, რადგან მან შეძლო და საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატი მიიმხრო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში იგი ოსი ბიზნესმენის ალბერტ ჯუსოევის ბანკში მუშაობდა, ჯუსოევი კი დე ფაქტო რესპუბლიკაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან მან გაიყვანა ძაუჯიყაუ–ცხინვალის გაზსადენი. ჯუსოევს და კოკოითის სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველმა ისევ კოკოითის წინააღმდეგ მისცა ხმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში დღეს, 26 მარტს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტი და ნებისმიერ შემთხვევაში ის კრემლიდან დანიშნული იქნება. თავად არჩევნებს კალანდაძემ მორიგი ფარსი უწოდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ 25 მარტის არჩევნებით დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი დაიძლია. კანდიდატები მზადებას მეორე ტურისთვის იწყებენ. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასულ ლეონიდ თიბილოვს ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების კარგი გამოცდილება აქვს, იგი აგვისტოს ომამდე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში იღებდა ხოლმე მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია გამარჯვების შემთხვევაში მისი პოზიცია როგორი იქნება კონფლიქტის მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების აზრით, იგი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და ძირითადად კრემლზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG