Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ცნობილი ლეონიდ თიბილოვისა და დავით სანაკოევის შესახებ?


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა ლეონიდ თიბილოვმა და დავით სანაკოევმა პირველი შეფასებები გააკეთეს. მათი საარჩევნო შტაბები მუშაობას ახლაც აგრძელებენ და სხვა კანდიდატების მომხრე ელექტორატის გადაბირებას ცდილობენ.

რა არის ცნობილი ამ კანდიდატების შესახებ? ლეონიდ თიბილოვი უშიშროების კადრია და დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს კარგა ხანს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის აპარატში მუშაობდა, თუმცა, კოკოითისთან გამწვავებული ურთიერთობის გამო, სამსახურიდან გავიდა, უკან კი მას შემდეგ დაბრუნდა, რაც კოკოითიმ თანამდებობა დატოვა. უშიშროების გენერალმა წინასაარჩევნოდ შეძლო და ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას თანამებრძოლები მიიმხრო. მის შტაბში ის სპორტსმენებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ძამბოლათ თედეევის თანამებრძოლებად ითვლებიან. გარდა ამისა, თიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული მისი თანამშრომლები, ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსები ბორის ჩოჩიევი და მერაბ ჩიგოევი, რომლებიც ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში ჟენევასა და ერგნეთში მონაწილეობენ. თიბილოვი ამბობს, რომ, მიუხედავად კანდიდატებს შორის წინასწარ მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც სამართლიანი თამაშის წესებით მოქმედებას ითვალისწინებდა, მედოევის შტაბი მის მიმართ შავ პიარსა და ბინძურ მეთოდებს მაინც იყენებდა. აღსანიშნავია, რომ მედოევის მხარდამჭერი ინტერნეტგამოცემები თიბილოვს ლამის სამშობლოს მოღალატედ აცხადებდნენ და აქვეყნებდნენ დოკუმენტს, სადაც თიბილოვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელს აწერდა. ამიტომ ბროვცევ-მედოევის პიარტექნოლოგები თიბილოვს პროქართულ პოლიტიკოსსა და ქართული სპეცსამსახურების ჯაშუშს უწოდებდნენ. თიბილოვი მიიჩნევს, რომ ეს მის მიმართ დაწყებული ბინძური კამპანიაა, რითაც ამომრჩეველი შეცდომაში ვერ შეიყვანეს. მისი აზრით, წარმატება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მას კოკოითის ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა.

თიბილოვის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევასადმი მისი დამოკიდებულებაც. თიბილოვი დღესაც იმეორებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ალა ჯიოევასთან ითანამშრომლებს.

მეორე ადგილზე გასული კანდიდატი დავით სანაკოევი 35 წლისაა. ცხინვალში მას ყველა დათოს ეძახის. პროფესიით ეკონომისტია. სწავლობდა რუსეთში, სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში. 6 წელი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დევნილთა პრობლემებზე იმუშავა. აგვისტოს ომის შემდეგ ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველია. მას ძირითადად მხარს ახალგაზრდები და ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უჭერენ. მის შტაბში კარგად იციან, რომ თიბილოვისა და მედოევის წარმომადგენლებს შორის თითქმის მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ მედოევის ხმები მათი კანდიდატისკენ წამოვა. სანაკოევს მიაჩნია, რომ მისი წარმატება სამართლიანმა საარჩევნო კამპანიამ და საზოგადოებისთვის მიმზიდველმა პროგრამამ განაპირობა.

სანაკოევის კონკურენტები მის ახალგაზრდულ ასაკს მუდამ ხაზს უსვამენ. მაგალითად, თიბილოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მის მოწინააღმდეგეს ჯერ გამოცდილება უნდა დაუგროვდეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება სანაკოევი და აცხადებს, რომ მეტად საპასუხისმგებლო პოსტებზე მუშაობისას წარმატებები ჰქონდა და ასაკს მისთვის ხელი არ შეუშლია.

სანაკოევის კონკურენტები მის წინააღმდეგ კოკოითის გარემოცვასთან სიახლოვეს და საერთაშორისო და ქართულ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ასახელებენ. გარდა ამისა, არის საუბრები მის ნათესაურ კავშირზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან, თუმცა მისი მომხრეები აცხადებენ, რომ დავით სანაკოევის გამარჯვების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება დაიწყება. არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება, კანდიდატების შტაბებს კი თითოეული ხმის მოსაპოვებლად დაძაბული მუშაობა მოუწევთ.
XS
SM
MD
LG