საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოების ან ინდივიდუალური პირის კანონთან მიმართების შესახებ – განმარტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა იმ განცხადების პასუხად, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 4 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაპატიმრების გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თხოვნით გადაიფიქრა.თემაზე ნონა მჭედლიშვილი ისაუბრებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განმარტებების თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლს მან პირად შეხვედრაზე აღუთქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის დანაშაულის მიუხედავად, მას შეეძლო ეპატიებინა ის, რაც პირად საქმეს შეეხებოდა. იგულისხმება „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ თანახმად, ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებელ პირად მოიაზრებოდა“:
„იცოდნენ მათაც, რომ მან კანონი დაარღვია და რომ ის დასაჭერია. ისე კი არ უთქვია, რომ ის დასაჭერი არაა. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია და იქნებ აპატიოთ. მეც ვუთხარი, რომ, რაც პირადულია, მე შემიძლია ეს გავაკეთო და, მართლაც, პროკურატურიდან განცხადება, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მე შევაჩერე განცხადების მსვლელობა, მაგრამ საერთო საქმეები და მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, ქადაგიძესაც შევხვდი იმის შემდეგ და განვუმარტე. მაგრამ თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ვერცერთნაირად ხელს ვერ დავაფარებ“.
„ინტელექტ-ბანკის“, „სტანდარტ ბანკის“ , „სახალხო ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ საქმეებზე გამოძიება გრძელდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პროკურატურას „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ჯერ არ დაუკითხავს. ბიძინა ივანიშვილის ბრალდება5 ივნისს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე მან ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებად და ეროვნულ ბანკზე მორიგ თავდასხმად შეაფასა:
„ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში, სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ეს არის ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ირგვლივ არსებული დებატები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რეალური შემოსავლები. დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ, ინვესტიციების, ტურიზმის, ექსპორტის წახალისების და კონკრეტული პრობლემების მოგვარების ირგვლივ. ნაცვლად ამისა, კვლავაც გრძელდება დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ“.
ჩვენ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ბატონი ბიძინა, თავისთავად, ცხადია, აკეთებს განცხადებებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად...ნოდარ ხადური
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას არასერიოზული უწოდა და შეაფასა, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და რეპუტაციის დამაზიანებელი ფაქტორი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მიმართულებით.
სავალუტო ფონდთან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ასე დაიწყო განმარტებათავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინკოგნიტო წარმომადგენელს შორის შემდაგრი საუბრის საკითხის კომენტირება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა:
„ჩვენ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ბატონი ბიძინა, თავისთავად, ცხადია, აკეთებს განცხადებებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად და მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს, პირიქით, სავალუტო ფონდი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი“.
ასეთი განცხადებები, რომ რომელიმე მოქალაქე, რომელიმე პირი, არ აქვს მნიშვნელობა მის სოციალურ სტატუსს, მოქმედებს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ქვეყანაში და შეუძლია შეცვალოს კურსი მართლმსაჯულების, რა თქმა უნდა, აზიანებს, როგორც მართლმსაჯულების ინტერესს, ისე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხს და ინტერესს...სოფო ვერძეული
სავალუტო ფონდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პათოსი გამოსჭვივის იმ განცხადებაშიც, რომელიც ამ ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აზიზ სადიკოვმა გაავრცელა 5 ივნისს. განცხადების თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და შეშფოთებას გამოთქვამს კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების გამო. საქმე ეხება პროექტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისთვისსაფინანსო ზედამხედველობის ფუნქციების ჩამორთმევას გულისხმობს და რომლის მხარდამჭერთაშორის არის ბიძინა ივანიშვილიც. ამ განცხადებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას გაიმართოს კონსულტაციები და მომზადდეს ცვლილებები, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.
ასეთ ფონზე, აქტულურობას იძენს კითხვა, როგორ აისახება ბიძინა ივანიშვილის განცხადება გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სამართალწარმოების სავალუტო ფონდის ჩარევით შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და ამ ინსტიტუციის ურთიერთობებზე და რაზე მიუთითებს ზოგადად განცხადება? ამ კითხვაზე პასუხადადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ ეს განცხადება, პირველ რიგში, საგამოძიებო ინსტიტუტებს, მათ რეპუტაციას ურტყამს და სწორედ ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ საკითხზე საჯარო განმარტებები გააკეთონ:
„დაიცვან საკუთარი რეპუტაცია და საზოგადოებას განუმარტონ, რასთან გვქონდა საქმე. სხვა შემთხვევაში, ასეთი განცხადებები, რომ რომელიმე მოქალაქე, რომელიმე პირი, არ აქვს მნიშვნელობა მის სოციალურ სტატუსს, მოქმედებს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ქვეყანაში და შეუძლია შეცვალოს კურსი მართლმსაჯულების, რა თქმა უნდა, აზიანებს, როგორც მართლმსაჯულების ინტერესს, ისე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხს და ინტერესს. ამიტომ მე ველოდები, რომ თვითონ ინსტიტუტები გამოეხმაურებიან ამ განცხადებას და გააკეთებენ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე“.
სოფო ვერძეული ამბობს, რომ კანონმდებლობით, დაზარალებულის პოზიციას, ვინც არ უნდა იყოს იგი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც გამოძიების დასაწყებად და არც რომელიმე პირის პასუხისგებაში მისაცემად.