Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი, პარლამენტი, ლარი და განტევების ვაცი


გამყარდება ლარი, თუკი საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი აღარ დაექვემდებარება ეროვნულ ბანკს? – ასეთი შინაარსისაა შეკითხვა, რომელმაც ბოლო დღეებში მწვავე კამათი და დაპირისპირება გამოიწვია საქართველოში. თუკი ერთი მხარე ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელოვნური ჩარევისგან დაცვა ლარს გააძლიერებს, მეორე მხარე დარწმუნებულია, რომ ასეთი ნაბიჯი არათუ მხოლოდ არ გაამყარებს ლარს, არამედ ეს პროცესი კომერციულ ბანკებს დააზარალებს და ინვესტორებს დააფრთხობს. ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში განმარტებებს აკეთებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც 25 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

კანონპროექტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც ზედამხედველობის სააგენტოს ახლებურად ჩამოყალიბებას გულისხმობს, 25 მაისს დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ეს სწორედ ის კანონპროექტია, რომელიც ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციას ჩამოართმევს და რომელიც ბევრმა აღიქვა მიზანმიმართულ შეტევად ეროვნულ ბანკსა და, კონკრეტულად, მის პრეზიდენტგიორგი ქადაგიძეზე. კანონს „დრაკონულს“ უწოდებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე:

„სინამდვილეში ეს არის ეროვნული ბანკის დანგრევა. ეს არის მცდელობა ბიზნესის მთლიანად გაკონტროლების და არა მხოლოდ კომერციული ბანკებისა. კომერციულ ბანკს თავისი კლიენტურა ჰყავს და ამიტომაც არის შეშფოთებული ბიზნესი. ეს არის გაუარესებისაკენ, ბიზნესის თავისუფლებისა და ადამიანის თავისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯები“.

ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას გასული კვირის მიწურულს მწვავე კრიტიკით გამოეხმაურნენ საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციებიც. "საქართველოს ბიზნესასოციაციის", "ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის", "საერთაშორისო სავაჭრო პალატის", "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს", "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა" და "საქართველოს ბანკების ასოციაციის" ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა აღქმულ იქნეს „პირდაპირ საფრთხედ საბანკო საიდუმლოების გარანტიებისათვის“, ეს გარანტიები კი „თავისთავად წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის საბანკო სისტემის წარმატების ქვაკუთხედს“. ბიზნესაოციაციები ასეთი ეჭვის საფუძვლად მიიჩნევენ ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მსხვილი კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული თითქოსდა საეჭვო საბანკო ოპერაციების ხელმიუწვდომლობის თაობაზე.

ეს არის ჩვეულებრივი ინსტიტუციური პრობლემა, რომელმაც პოლიტიკური შეფერილობა დროის კონტექსტიდან გამომდინარე შეიძინა, – ეუბნება რადიო თავისუფლებას საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე. ის ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ თავდაპირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებლად ამუშავა, ხოლო შემდეგ, პოლიტიკური მიზნებით, ისევ ეროვნული ბანკს დაუქვემდებარა. გოჩა თუთბერიძის აზრით, კომერციული ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს იწვევს:

„ეროვნულ ბანკს აქვს ორი ამოცანა გადასაჭრელი: ერთი არის ფასების სტაბილურობა და მეორეა ფინანსური სისტემის სტაბილურობა. ხანდახან ეს ორი ამოცანა წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ზუსტად ასე მოხდა მიმდინარე პერიოდში: ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტად იზრუნა, ჩემი აზრით, ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე, ვიდრე მონეტარული პოლიტიკით თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებაზე. გასაგებიც არის, რადგანაც, როდესაც ამას მოაქცევ ერთი ინსტიტუტის ხელში, ის ინსტიტუტი ძალაუნებურად ასე მოიქცევა, რადგანაც მან ანგარიში უნდა გაუწიოს კომერციულ ბანკებს“.

ეს გამორიცხავს შემდგომში იმ ინსინუაციებს, რასაც დღეს ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა ლარის გაუფასურების მიზეზებს ყოველთვის ერთმანეთს აბრალებენ ხოლმე...
შოთა გულბანი

ის, რომ ლარის დაცემა თავისთავად ეროვნული ბანკის ბრალი არ არის და ეს დიდწილად შემოდინებების შემცირებას უკავშირდება, ამაში გოჩა თუთბერიძეს ეჭვი არ ეპარება, თუმცა მას აქვს ბევრი შეკითხვა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ადეკვატურად რეაგირებდა ეროვნული ბანკი ლარის კურსის ვარდნის პროცესებზე და შეეძლო თუ არა მას მეტის გაკეთება?

მეტი გამჭვირვალობის საჭიროებას ხედავენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სავსებით სამართლიანი იქნება ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნული ბანკისთვის და, შესაბამისად, ლარის კურსთან დაკავშირებულ ურთიერთბრალდებებს მოსპობს კანონპროექტით გათვალისწინებული 7-კაციანი საბჭოს კონტროლი:

„ორ წევრს წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე, ორ წევრს წარადგენენ ფრაქციები, 2 წევრს წარადგენს პარლამენტში დაკომპლექტებული 6-კაციანი ჯგუფი და მე-7 წევრი იქნება თვითონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელსაც არ ექნება საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება. ეს გამორიცხავს შემდგომში იმ ინსინუაციებს, რასაც დღეს ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა ლარის გაუფასურების მიზეზებს ყოველთვის ერთმანეთს აბრალებენ ხოლმე“.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

კაპიტალზე კონტროლის არარსებობას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც 25 მაისს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგა. ქადაგიძის თქმით, დიდი მიღწევაა, როდესაც ნებისმიერ კომპანიას თუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თანხის კონვერტირება, გადარიცხვა ან გადმორიცხვა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. „თუ ჩვენ კაპიტალის კონტროლს დავუბრუნდებით (და დარწმუნებული ვარ, რომ არ დავუბრუნდებით), ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ჩვენი ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ ბოლო პერიოდის მოვლენების კონტექსტში, თუმცა დამატებითი ეჭვებისა და ვარაუდების გამოთქმის გარეშე.

ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულ ტესტს ვაბარებთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ასევე ჩვენი პოლიტიკის რეაგირების თვალსაზრისით...
გიორგი ქადაგიძე

საკომიტეტო სხდომაზე გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე ათეულ შეკითხვას გასცა პასუხი და ცდილობდა მსმენელები იმაში დაერწმუნებინა, რომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა ლარის კიდევ უფრო გაუფასურების თავიდან ასაშორებლად და რომ რეზერვების დახარჯვა, რის გაუკეთებლობასაც მას ბოლო პერიოდში ბევრი საყვედურობდა, უბრალოდ გაუმართლებელი და კონტრპროდუქტიული იქნებოდა. ბანკებისთვის რეფინანსირების სესხის გაცემა კი, ქადაგიძის თქმით, აუცილებელი ნაბიჯი იყო, რადგანაც ლარის გაუფასურების გამო ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკიდან - ძირითადად საბანკო არხებიდან - ამოღებულ იქნა 700 მილიონი ლარი. რეფინანსირების სესხზე ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში, ბანკები იძულებული იქნებოდნენ შეემცირებინათ საკრედიტო პორტფელი, რაც გაცილებით უარეს შედეგამდე მიგვიყვანდა.

გიორგი ქადაგიძე თვლის, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ათასნაირი სიცრუე ვრცელდება და რომ ეროვნული ბანკის დადანაშაულებით ანდა მისი განტევების ვაცის როლში წარმოდგენით დაზარლდება მთელი ქვეყანა, დაზარალდებიან ინვესტორები და დაიკარგება ძვირფასი დრო:

„ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულ ტესტს ვაბარებთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ასევე ჩვენი პოლიტიკის რეაგირების თვალსაზრისით. თუ ჩვენ ამ ტესტს დღეს ვერ ჩავაბარებთ, ჩვენ დავიხევთ უკან რამდენიმე წლით, მერე მოგვიწევს ამ ყველაფრის გააზრება, გადაფასება და იმავე პროცესის გამეორება“.

რამდენიმესაათიანი საუბრის მიუხედავად, გიორგი ქადაგიძემ მაინც ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელთა დარწმუნება. ისინი ისევ „საბოტაჟის ნიშნებზე“ ლაპარაკობდნენ და ძირითადად საკუთარ აზრზე დარჩნენ, რომ ეროვნულ ბანკს შეეძლო მეტის გაკეთება ლარის გაუფასურების შესაჩერებლად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG