Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის მონატრება მშვიდობაში ერეკლე დეისაძესთან


ადრე ომები მასშტაბური და ხანგრძლივი იყო, ამიტომ წიგნებიც ასეთი იწერებოდა: წლობით, ათასგვერდიანები. ახლა საკმაოდ ხშირად ხანმოკლე ომებია, დაწყებული რომ არაა და უკვე მთავრდება, ამიტომ, ალბათ, ბუნებრივია, თუ ასეთ ომებზე გაცილებით პატარა ზომის წიგნები შეითხზვება.

აბა, ვითომ ნორმალური იქნება, თუ ხუთდღიან რუსეთ-საქართველოს ომზე ისეთივე მოცულობის წიგნი დაიწერება, ტოლსტოი რომ წერდა თავის დროზე რამდენიმეწლიან რუსეთ-საფრანგეთის ომზე? ჰოდა, ერეკლე დეისაძესაც თავისი "რუსული არდადეგები", 2015 წელს გამოცემული "სიესტას" მიერ, სიფრიფანა გამოუვიდა, თუმცა ძველი ინერციით მაინც რომანი უწოდა. რაკი ომზეა, ესე იგი რომანი უნდა ერქვასო, კულტურულ-ისტორიულმა არაცნობიერმა უკარნახა. არადა, იმავე ტოლსტოის ომის წიგნში ადამიანები ერთმანეთის შეყვარებას და გადაყვარებას ასწრებდნენ, დიდი ვნებები ჩქეფდა, აქ კი, "რუსულ არდადეგებში", ყველაზე მძაფრი შეიძლება ის მოხდეს, რომ ერთ ვაკელ ქალს, უშვილობას რომ უჩივის, რუსული არმიის შემოტევებისგან გამოქცეული გორელი მამაკაცისგან ბავშვი ჩაესახოს და, ისიც, ძილის წამლებისგან სრულიად გაბრუებულს, გაუაზრებლად. ტოლსტოი თავისი წიგნის ეპილოგში რუსული და ფრანგული ჯარების სტრატეგიისა და ტაქტიკის ანალიზს აკეთებს, აქ კი ვაკელი დაქალები ცნობილ მკითხავთან მიდიან და მისი მეშვეობით ცდილობენ ომის პერიპეტიებში გაერკვნენ. ტოლსტოისთან ბატალურ სცენებში ათიათასობით ჯარისკაცი კვდება, დეისაძესთან კი მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი და, ისიც, არა ხელჩართულ ბრძოლაში, არამედ მაშინ, როცა, არყით მთვრალს და ქუჩაში გადამავალს, ეს ვაკელი დაქალები მანქანას დააჯახებენ. და, პრინციპში, არც კვდება, რადგან დაფეხმძიმებულ ქეთევანს წიგნის ფინალში იგი სხვა სახით ევლინება. რა თქმა უნდა, ტოლსტოისა და დეისაძის ასეთი პარალელური ანალიზი საკმაოდ სასაცილოა, მაგრამ სიმპტომატურიცაა და, გარკვეულწილად, იმ თვითირონიულ ტონსაც აგრძელებს, ავტორისეულ წინათქმაში რომ ჟღერს. სატირამ, რომელიც ერეკლე დეისაძემ შექმნა, მე ზაზა ბურჭულაძის "ადიბასიც" გამახსენა, ასევე 2008 წლის ომს რომ ეხება. პოზიცია, ინტონაცია, აღწერილი სურათები ერთმანეთს ეხმიანება და, ცხადია, ამასაც თავისი ახსნა აქვს.

ერეკლე დეისაძის "რუსულ არდადეგებზე" საუბარი ვთხოვეთ ჟურნალისტ შოთა დიღმელაშვილს.

შოთა დიღმელაშვილი
შოთა დიღმელაშვილი

შოთა დიღმელაშვილი: მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა ეგეთ ქვეყანაში იზრდები, რომელიც პერმანენტულად საომარ მდგომარეობაშია და თანაც ომი მოჩვენებითია, თან რომ არის და თან რომ არ არის, თან ხალხი მაინც თითქოს ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, ისევ თავიანთ რაღაცებზე ფიქრობენ, ისეთ რაღაცებზე, როგორიც არის რუჯი და ა.შ., ხუთდღიან ომში ფსიქოლოგიურად საომარ მდგომარეობაში შესვლას ვერც მოასწრებ, ალბათ, მაგრამ, მეორე მხრივ, გვახსოვს უფრო გრძელი ომები, როდესაც პარალელურად ცხოვრება მიდიოდა, ყველაფერი მიდიოდა ისევ, და ეს გვერდიდან დასანახად ცოტა უცნაურია. ომი ხომ ჰუმანიტარული კატასტროფაა ჩვეულებრივი და ამ დროს ცხოვრების ჩვეული რიტმი თითქოს უნდა ირღვეოდეს, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ნაპოლეონის ახალი ფენასავით ედება ზემოდან ეს შენი ცხოვრება და ეს ომის კრემებიც არის, მაგრამ ეს ფენაც არის შენი ცხოვრების... მგონი, ეს იგრძნო ავტორმა. შენ წეღან ახსენე "ადიბასი" ბურჭულაძის. და ეს საკმაოდ შთამბეჭდავი სურათია: შთამბეჭდავია, როცა პარალელურად ვიღაცები კვდებიან აბსტრაქტული იდეებისთვის და ამ დროს ზუსტად იგივენაირი ადამიანები, რომელთაც გაუმართლათ იმით, რომ ორი წლით გვიან დაიბადნენ და ჯარმა არ მოუწიათ, ან გეოგრაფიულად გაუმართლათ, - 20 კილომეტრით სხვაგან დაიბადნენ, - იგივე ქვეყანაში სხვანაირად ცხოვრობენ. ამის გააზრება ცოტა ტრავმულიც არის, ცოტა კურიოზულიც, და თემა არის, ყოველ შემთხვევაში, და ერთი შთაგონების წყარო ჰქონდათ ამ შემთხვევაში ნამდვილად ზაზა ბურჭულაძეს და ერეკლე დეისაძეს. მე ძალიან მტკივნეულად განვიცადე ეს მომენტი, იმიტომ რომ მაგ დროს რეზერვისტი ვიყავი და ჩვეულებრივად მიწევდა გორში წასვლა და ამას რომ ვხედავდი, შარდენზე რესტორნებში "გულაობას" და ბენდების დაკრული ჰიმნების ტიპის პატრიოტიზმს, - და მე რეალურად არ მინდოდა ომში წასვლა. ვის უნდა უნდოდეს ომში წასვლა, - ეს საკმაოდ ტრავმული იყო. ამიტომ ეს თემატიკა ჩემთვის უცხო არ არის.

ერეკლე დეისაძე თავის "რუსულ არდადეგებში" პარალელურ ისტორიას ქმნის. რუსული ჯარი ორიოდე დღით თბილისში შემოდის, რითიც მთავარი პერსონაჟი ქალების გაპრანჭულ რუტინას არღვევს. ეს მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა, "მჩქეფარე ცხოვრებაში" გადაშვებაა, ახალი ემოციების შეგრძნებაა. რუსული ტანკები თბილისის ქუჩებში მათთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებიან. ეს ცხადი ხდება მას შემდეგ, რაც ოკუპაცია მთავრდება და ძველ კალაპოტში ჩამდგარ ქალაქში მცხოვრებ მეგობრებს ომის დღეების ნოსტალგია ნელ-ნელა შემოეპარებათ და მოეძალებათ. ომის მიერ, პირდაპირი გაგებით, განაყოფიერებულ ქეთევანს, კვარიათში რომ ატარებს ცარიელ დღეებს, მხოლოდ მისი სახლის წინ მოთევზავე იდუმალი მებადური იზიდავს, მებადური, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია და ჯიბიდან "გომის" ბოთლი მოუჩანს, და რომელშიც, საბოლოოდ, ქეთევანი იმ რუს ჯარისკაცს ამოიცნობს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე გაიტანა და მერე, სხვათა დახმარებით, მტკვარში გადააგდო. ისე, ასეთი სახე-სიმბოლოები თითქოს სიზუსტეს არ მოითხოვს, მაგრამ ქუთაისელ ერეკლეს ამ შემთხვევაში გაუცნობიერებელი იაღლიში რომ მოუვიდა, ეგრევე დავიჭირე და ამაზე ძალიან ვიცინე. ეტყობა, რიონის პირას გაზრდილი ბიჭისთვის თავისთავად იგულისხმება, რომ მდინარე შავ ზღვაში ჩადის, თორემ, აბა, მტკვარში ჩაგდებული ჯარისკაცი სხვანაირად ამ აუზში როგორ აღმოჩნდებოდა? სადღაც სუმგაითის პლაჟზე უნდა გაეშვა ქეთევანი ავტორს და მისი შეხვედრაც მონატრებულ ჯარისკაცთან უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.

მოვუსმინოთ კვლავ შოთა დიღმელაშვილს:

შოთა დიღმელაშვილი: ერთიანობის გამოვლინების ყველა შანსზე ხომ ძალიან ვიღგზნებით ხოლმე: ღერბზე გვაწერია, რომ ძალა ერთობაშია. სინამდვილეში ეს ყველაზე ცუდი სლოგანია, რაც შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში წარმოიდგინო, მაგრამ ეს ერთიანობის იმპერატივი ძალიან გაგვიჯდა, ისტორიაც ასე გვასწავლეს: არ შეიძლება რომ ადამიანები სხვადასხვანაირად ფიქრობდნენ. ეგრე ვართ აღზრდილები. როცა ადამიანებს ეძლევათ ერთიანობის შანსი, იქნება ეს NBAVoteZazaPachulia თუ ომია და გავერთიანდეთ, და ჩვენი ეს წვრილმანი გადავდოთ, განსხვავებები, რომელიც რეალურად მართლა წვრილმანია, - უბრალოდ, ჩვენ აღვიქვამთ მძაფრად და სისულელეებისთვის ერთმანეთის დახოცვა შეგვიძლია, არ შეგვიძლია პატივი ვცეთ ერთმანეთის პატარ-პატარა სისულელეებს, - მაშინ ხალხს უხარია და გრძნობს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, თითქოს ახლა არის ის, რასაც ასწავლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყო.

სინამდვილეში ყველა თანაბრად უკლასოები ვართ, მაგ სამყაროდან მოვდივართ, რაღაცა გადაბრუნებული კლასობრივი გაგებებიდან. საბჭოთა კავშირი ვითომ უკლასო იყო, მაგრამ იქაც რაღაც საბჭოთა არისტოკრატიული კლასი ხომ იყო...
შოთა დიღმელაშვილი

ეს მომენტი კარგად აქვს დაჭერილი ერეკლე დეისაძესაც. "რუსული არდადეგების" ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟია გორელი სოსო. ერთიანობის ის განცდა, რაც ომს მოაქვს, სნობ თბილისელ ქალებს ძალიან ბუნებრივად და უშუალოდ აკავშირებს მასთან. სხვა სიტუაციაში ისინი მას ზედაც არ შეხედავდნენ, ახლა კი ის უცებ "მათიანი" ხდება. შეუძლიათ წაიყვანონ საოცნებო შაურმის საჭმელად, შეუძლიათ სახლშიც კი აიყვანონ და მასთან ერთად სუფრას შემოუსხდნენ, ღამე გაათევინონ... ანუ ომი სოციალურ, კლასობრივ უთანასწორობას აქრობს. მაგრამ როგორც კი მთავრდება ომი, ეს უთანასწორობა კვლავ წამოყოფს თავს, სოსოც მაშინვე გრძნობს ამას და სახლიდან ჩუმად იპარება.

შოთა დიღმელაშვილი: კლასობრივი მომენტი არის, კი: აი, ვაკეში მეტი ტანკი იდგება თუ ვერაზე და ა.შ. ეს ხომ კლასობრივი ბრძოლა არ არის ამ ფენომენის ჩვეული გაგებით, რომ ბურჟუაზია ებრძვის მუშათა კლასს... სინამდვილეში ყველა თანაბრად უკლასოები ვართ, მაგ სამყაროდან მოვდივართ, რაღაცა გადაბრუნებული კლასობრივი გაგებებიდან. საბჭოთა კავშირი ვითომ უკლასო იყო, მაგრამ იქაც რაღაც საბჭოთა არისტოკრატიული კლასი ხომ იყო. და ამან გააჩინა პოსტსაბჭოთა, ნუვორიშული განწყობები რომ არის - ეს ხომ კლასი არ არის. კლასობრივი მომენტისთვისაც რაღაც დაცინვაც იყო - როგორ ესმის ამ ქართულ "პეწი ბურჟუაზიას" კლასი, რომ ქალაქი თავის სულს შეინარჩუნებს, თუ ვაკეში ნაკლები ტანკი დადგება... არის, ხომ, ეს. ღადაობს ყველა ამ თემაზე, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირში არ დაბადებულა, ის დისტანცირებულია ამ ყველაფრისგან და ეუცნაურება ეს და სამართლიანადაც ეუცნაურება.

თუკი შევაჯამებთ, ორი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერეკლე დეისაძემ თავისი მინიატურული "ომი და მშვიდობა" დაწერა, სადაც მშვიდობაში ომი ენატრებათ.

XS
SM
MD
LG