9 აგვისტოს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. რეჯეპ ტაიპ ერდოანი სანკტ-პეტერბურგში მიდის ერთი ამოცანით, დაალაგოს ურთიერთობა კრემლთან, რომლის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა, ცოტა ხნის წინ თურქეთს „ტერორისტების თანამზრახველი“ უწოდა. პუტინს ვალში არც პრეზიდენტი ერდოანი დარჩენია, თუმცა ამჯერად თურქეთის პრეზიდენტმა პათოსი შეცვალა, პუტინს „მეგობარი“, ხოლო რუსეთში ვიზიტს „ისტორიული მნიშვნელობის“ უწოდა.
მაიკლ ეკელმა, ჩვენმა ვაშინგტონელმა კოლეგამ, თვალი გადაავლო თურქეთის პრეზიდენტის ამ ერთობ „ამბივალენტურ პოლიტიკას“.
გასული წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც თურქეთის სამხედრო გამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული სამხედრო ბომბდამშენი სუ -24 ჩამოაგდო, გაცეცხლებულმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის ქმედებას „ტერორისტების თანამზრახველის მიერ ზურგში დარტყმა“ უწოდა და ანკარისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რუსი კოლეგის ამ განცხადებას მაშინ მტკიცედ უპასუხა და ბოდიშის მოხდა სწორედ მოსკოვს ურჩია მის მიერ „თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო“.
რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია სირიის პრობლემის გადაწყვეტა...რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თუმცა იმდროინდელი შემართებიდან თურქეთის ხელისუფლებას ახლა აღარაფერი შერჩა. მეტიც, ანკარა სულ უფრო მეტად მიმართავს პოლიტიკურ რევერანსებს მოსკოვის გულის მოსაგებად. სანკტ-პეტერბურგში 9 აგვისტოსთვის დანიშნულ ვიზიტამდე ორი დღით ადრე რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რუსეთის პრეზიდენტს „მეგობარი პუტინი“ უწოდა, ხოლო მფრინავებს, რომლებმაც ნოემბერში რუსული სამხედრო ბომბდამშენი ჩამოაგდეს, ანკარამ სამხედრო პუტჩში მონაწილეობა დააბრალა.
რუსეთში დაგეგმილ ვიზიტამდე ანკარამ მკვეთრად შეცვალა დამოკიდებულება სირიის საკითხის მიმართაც. „რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია სირიის პრობლემის გადაწყვეტაო“, - განაცხადა ზემოხსენებულ ინტერვიუში თურქეთის ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მტრად მიიჩნევდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, ხოლო ქვეყნის ნატოში წევრობა დამატებით მოტივაციას აძლევდა თურქეთის ხელისუფლებას, რომ სირიაში ასადის მოწინააღმდეგე მეამბოხეების მხარე დაეჭირა და ჩაბმულიყო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის სარდლობით მიმდინარე საომარ კამპანიაში.
მაგრამ თურქეთს ჰქონდა უთანხმოება თავის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან სირიაში მებრძოლ ქურთთა გასამხედროებული ძალების გამო, რომელსაც ძლიერ ენდობა და უჭერს მხარს აშშ. ამ წინააღმდეგობას მოხერხებულად იყენებს მოსკოვი, რომელიც, მართალია, გარკვეულ სამხედრო დახმარებას უწევს ქურთების ცალკეულ დაჯგუფებებს, მაგრამ ბევრად უფრო ხელს აძლევს ჩიხური ვითარება, რომელიც ასადის რეჟიმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ეს იქნება ისტორიული ვიზიტი, რომელიც ახალი ურთიერთობის დასაწყისად იქცევა...რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ამ ტაქტიკამ და კრემლის მძლავრმა საავიაციო და სარაკეტო მხარდაჭერამ სირიის რეჟიმი დამარცხებას გადაარჩინა. საბოლო ჯამში, რუსეთის ძლიერმა მხარდაჭერამ ერთი წლის თავზე, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო: მოსკოვმა უპირატესობა მოიპოვა, თურქეთის გავლენა კი შესუსტდა.
„ეს იქნება ისტორიული ვიზიტი, რომელიც ახალი ურთიერთობის დასაწყისად იქცევაო“, - განაცხადა რუსეთში ვიზიტის წინ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.
ასეთი განცხადებები რუსეთში არ იწვევს ეჭვს, რომ ერდოანს, მართლაც, სურს „ომის ნაჯახის მიწაში ჩაფლვა“ და ორ ქვეყანას შორის მანამდე არსებული მტკიცე სავაჭრო კავშირების აღდგენა.
ასეთი სურვილი ამოძრავებს მოსკოვსაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-თურქეთს შორის სავაჭრო კავშირების გაწყვეტამ უფრო მეტად თურქეთის ეკონომიკა დააზიანა. სურსათის იმპორტის აკრძალვისა და სხვა დამსჯელი ეკონომიკური ზომების გარდა, რუსეთმა თურქეთის კურორტებზე დასვენება აუკრძალა საკუთარ მოქალაქეებს, რამაც კატასტროფულად იმოქმედა თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე, რომელმაც 2014 წელს, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო რუსი ტურისტებისაგან.
რუსეთის ეკონომიკა თურქეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის გაწყვეტით უმნიშვნელოდ დაზარალდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინს ნაკლებად სჭირდებოდეს ერდოანთან ურთიერთობის დათბობა.
აქ საუბარი არ არის იმაზე, თუ ვინ ვის აჯობებს. ორივე ლიდერი ახლა ტანდემში მოქმედებს...ანა ბორშჩევსკაია.
ურთიერთდახმარებით პუტინიც და ერდოანიც, საბოლოო ჯამში, თავ-თავიანთი ინტერესების განხორციელებას იმედოვნებენ.
„აქ საუბარი არ არის იმაზე, თუ ვინ ვის აჯობებს. ორივე ლიდერი ახლა ტანდემში მოქმედებს“, - ამბობს ანა ბორშჩევსკაია, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შემსწავლელი ვაშინგტონის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
საერთაშორისო პოლიტიკაში არავინ გაუშვებს შესაძლებლობას ხელიდან, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს საერთაშორისო კრიზისი. ასე მოიქცა მოსკოვი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის დროს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხმამაღლა დაუჭირა მხარი რეჯეპ ტაიპ ერდოანს და იქვე პარალელი გაავლო 2014 წლის კიევის „ევრომაიდნის“ საპროტესტო მოძრაობასთან, რომელსაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა მოჰყვა.
რაც შეეხება თურქეთის ლიდერს, რეჯეპ ტაიპ ერდოანი გრძნობს, რომ დასავლეთიც იმდენად არის დამოკიდებული თურქეთზე, რომ ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ანკარას. „ამერიკას სჭირდება ნატოს ბაზები თურქეთში და ალიანსში მისი წევრობა. ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულია თურქეთზე, რომელმაც თავის საზღვარზე დამცავი კედელი ააგო მილიონობით ლტოლვილისაგან ევროპის დასაცავად“, - დაწერა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის ანალიტიკოსმა ლიდია შევცოვამ, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ასეთი რიტორიკული შეკითხვით დაასრულა: „ერდოანმა საზღვრის გახსნა რომ მოინდომოს, რას იზამს მაშინ ევროპა?“