თურქეთის სამხედრო უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელზეც კარგად ისმის, თუ როგორ აფრთხილებდნენ თურქი სამხედრო მფრინავები რუსულ სამხედრო თვითმფრინავ „სუ 24“-ის მფრინავებს, შეეცვალათ კურსი და გასულიყვნენ თურქეთის საჰაერო სივრციდან.
„სასწრაფოდ შეცვალეთ კურსი სამხრეთისაკენ“, - ისმის გავრცელებულ ჩანაწერში ინგლისურ ენაზე, რაც, ანკარის განცხადებით, რამდენჯერმე გაიმეორეს თურქმა მფრინავებმა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოაგდო თურქეთის გამანადგურებელმა „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტით რუსული თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟმა მათი მოწოდება ყურად არ იღო.
ჩვენ დაუყოვნებლივ გავცემთ პასუხს ჩვენი საზღვრების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას საბრძოლო მოქმედების წარმოების შესახებ შემუშავებული წესების ფარგლებში, რაც ჩვენ არაერთხელ შევატყობინეთ და ვაცნობეთ რუსეთს...რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 26 ნოემბერს, სტამბოლში ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ საჭიროა არა ემოციური განცხადებები, არამედ ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სამხედროების დელეგაციები უნდა დასხდნენ და ერთად განიხილონ არსებული პრობლემა. ამასთან, ერდოანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება საჰაერო დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული ინსტრუქციის სრული დაცვით მოხდა:
„ჩვენ დაუყოვნებლივ გავცემთ პასუხს ჩვენი საზღვრების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას საბრძოლო მოქმედების წარმოების შესახებ შემუშავებული წესების ფარგლებში, რაც ჩვენ არაერთხელ შევატყობინეთ და ვაცნობეთ რუსეთს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ავტომატური რეაქცია, რაც შეესაბამება სამხედრო უწყებისათვის მიცემულ ინსტრუქციას. წარსულში ჩვენ ოთხი ასეთი ინციდენტი გვქონდა“.
თუმცა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ცოცხლად გადარჩენილმა მფრინავმა კონსტანტინ მურახტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არ მიუღიათ არავითარი გაფრთხილება არც რადიოკავშირის საშუალებით და არც ვიზუალურად“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვარაუდით, თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება „დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო.
აქამდე ჩვენ თურქეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არ გვესმის არც გარკვეული ბოდიში, არც წინადადება მიყენებული ზიანისა და ზარალის ანაზღაურების თაობაზე და არც დამნაშავეთა დასჯის პირობა ჩადენილი დანაშულისათვის...ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ თურქეთმა „განზრახ ჩამოაგდო“ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში უცხოეთის ქვეყნების დიპლომატებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის დროს განაცხადა, რომ იგი ამ დასკვნამდე თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებამ მიიყვანა:
„აქამდე ჩვენ თურქეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არ გვესმის არც გარკვეული ბოდიში, არც წინადადება მიყენებული ზიანისა და ზარალის ანაზღაურების თაობაზე და არც დამნაშავეთა დასჯის პირობა ჩადენილი დანაშულისათვის“.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთმა სირიაში მდებარე ბაზაზე ს-400 კლასის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება, თურქეთის გამანადგურებლების მიერ რუსული „სუ 24“ მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიიღო. რუსული წარმოების სუპერთანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედი თვითმფრინავების აღმოჩენა და განადგურებაა შესაძლებელი.