Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „ზურგში დარტყმა“ უწოდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა 24 ნოემბერს ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ თურქეთის საჰაერო სივცრე დაარღვია. მაგრამ რუსეთი ირწმუნება, რომ მისი SU-24 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი არ იყო გასული სირიის საჰაერო სივრციდან.

„ჩვენი თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა სირიის ტერიტორიაზე ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტით თურქეთის F-16 თვითმფრინავიდან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სოჭში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას. მანვე „ზურგში დარტყმა“ უწოდა თვითმფრინავის ჩამოგდებას.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი

დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია დარტყმასთან, რომელიც ზურგში მოგვაყენეს ტერორისტთა თანამზრახველებმა. სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმას, რაც დღეს მოხდა“, - პუტინის ეს შეფასება ერთობ მწვავეა, ხოლო ინფორმაცია თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე წინააღმდეგობაში მოდის თურქეთის განცხადებებთან, რომელთა თანახმადაც, რუსეთის თვითმფრინავი არა სირიის, არამედ თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის SU-24 ტიპის თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა „საბრძოლო მოქმედებების წარმოების წესებით“, რადგან, გაფრთხილების მიუხედავად, დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. სამხედრო ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ თურქეთის ორმა F-16 ტიპის თვითმფრინავმა 10-ჯერ გააფრთხილა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, ვიდრე მას ესროდა. ვრცელდება აგრეთვე თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს, განცხადება, რომ თურქეთს აქვს უფლება მიმართოს „ყველანაირ ზომას“ საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ.

კადრი თურქეთის ტელევიზიის ვიდეოდან, რომელზეც ჩანს ალმოდებული თვითმფრინავი თურქეთ-სირიის საზღვართან.
კადრი თურქეთის ტელევიზიის ვიდეოდან, რომელზეც ჩანს ალმოდებული თვითმფრინავი თურქეთ-სირიის საზღვართან.

მეორე მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმფრინავი მხოლოდ სირიის თავზე დაფრინავდა, რისი დამტკიცებაც შესაძლებელია. პუტინის ინფორმაციით, თვითმფრინავი თურქეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში ჩამოვარდა.

ასეა თუ ისე, ინციდენტი აძლიერებს საფრთხეს, რომ გამწვავდება საერთაშორისო დაძაბულობა სირიის გარშემო, როცა რუსეთი აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ხოლო ნატოს წევრი თურქეთი ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნება. ნატომ, თურქეთის თხოვნით, საგანგებო სხდომა დანიშნა, პუტინმა კი 24 ნოემბერს შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „დღევანდელ ტრაგიკულ მოვლენას სერიოზული შედეგები ექნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისთვისაც“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავში მყოფმა პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს, მაგრამ ჯერ არ დაზუსტებულა ინფორმაცია, რა ბედია ეწიათ მათ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის - რუსეთის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის - ელჩები დაიბარა, თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაწოდებლად.

XS
SM
MD
LG