საქართველოს ორ მეზობელს, რუსეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება გრძელდება მას შემდეგ, რაც თურქეთმა 24 ნოემბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. კრემლის პრესმდივანმა დღეს გამოაცხადა, რომ პარიზში გლობალური კლიმატისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ აპირებს შეხვდეს თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანს იმის გამო, რომ თურქეთი ბოდიშს არ იხდის ინციდენტისთვის. ბევრი ექსპერტის აზრით, დაძაბულობის განმუხტვა რთული ამოცანა იქნება თუნდაც იმის გამო, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს ჰგავს მართვის ავტორიტარული სტილით და თავის წარმოსახვით ძლიერ ლიდერად, რომლის მთავარ ღირსებებსაც არ მიეკუთვნება უკან დახევის უნარი.
პუტინიც და ერდოანიც სახელმწიფოს ლიდერებად აღზევდნენ დაპირებით, რომ თავის ხალხს დაკარგულ დიდებას და ტრადიციული ფასეულობებით სიამაყის გრძნობას დაუბრუნებდნენ. ორივეს ახასიათებს მართვის ავტორიტარული სტილი, არც ერთი არ სწყალობს ოპოზიციას. ორივე გახდა თავისი ქვეყნის სახე სახელმწიფოს მართვის ერთპიროვნულ ლიდერობასთან გაიგივებით.
ორივე მკაცრი რეპრესიებით რეაგირებს კრიტიკაზე. ორივემ კონტროლი დაამყარა მედიაზე და საკუთარ მოსახლეობას (მცირეოდენი განსხვავებების მიუხედავად) წარმოუდგება ძლიერი პიროვნების იმიჯით...გარეტ ჯენკინსი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს და
ეს მსგავსება მათ წლების მანძილზე ეხმარებოდა ერთმანეთის გაგებაში...
„ორივეს აქვს იმპერიული ნოსტალგიის შეგრძნება: პუტინს - საბჭოთა კავშირის, ერდოანი - ოსმალეთის იმპერიისადმი ნოსტალგიის. ორივე მკაცრი რეპრესიებით რეაგირებს კრიტიკაზე. ორივემ კონტროლი დაამყარა მედიაზე და საკუთარ მოსახლეობას (მცირეოდენი განსხვავებების მიუხედავად) წარმოუდგება ძლიერი პიროვნების იმიჯით“, - ამბობს ვაშინგტონსა და სტოკჰოლმში დაფუძნებული „აბრეშუმის გზის კვლევების“ პროექტის მონაწილე, პოლიტოლოგი გარეტ ჯენკინსი. ერთი წელიც არ გასულა, რაც პუტინმა ერდოანი მართლაც „ძლიერ პიროვნებად“ მოიხსენია...
ავტორიტარული მმართველობისადმი მიდრეკილება ორივე შემთხვევაში წლებთან ერთად ძლიერდებოდა. პუტინი, ფაქტობრივად, 16 წელი დგას ხელისუფლების სათავეში, ხოლო ერდოანი - 12 წელი.
ორივე, გარკვეულწილად, მე-19 საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკის წესებით უფრო თამაშობს, ძალთა ბალანსის, მოგება-წაგების ცნებებით - როცა შენ იმარჯვებ და მეორე მხარე მარცხდება...ბილ პარკი
ახლა კი შეიძლება მათ შორის მსგავსებამ გაართულოს კომპრომისის მოძებნა მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 24 ნოემბერს ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. მოსკოვმა, როგორც ცნობილია, სანქციები დაუწესა თურქეთს: თითქმის მთლიანად აკრძალა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი.
„ორივე, გარკვეულწილად, მე-19 საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკის წესებით უფრო თამაშობს, ძალთა ბალანსის, მოგება-წაგების ცნებებით - როცა შენ იმარჯვებ და მეორე მხარე მარცხდება. ვერ წარმომიდგენია, რახან ასეთი ხალხია, ახლა უკან დახევა შეძლონ“, - ასე ფიქრობს სამხედრო ექსპერტი, ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომელი ბილ პარკი.
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება მიჩნეულია ნატოსა და რუსეთს შორის ერთ-ერთ უმძიმეს ინციდენტად ცივი ომის დასრულების შემდეგ. პოლიტოლოგ გარეტ ჯენკინსს უჭირს პროგნოზის გაკეთება, როგორ განვითარდება მოსკოვის და ანკარის ურთიერთობა: „იმედია, დაპირისპირება არ გადაიზრდება ნამდვილ ომში, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ვიხილავთ ცივ ომს რუსეთსა და თურქეთს შორის. პუტინი მას ამას არ აპატიებს და რუსეთის ხელში ბევრი ბერკეტია საიმისოდ, რომ საქმე ძალიან გაურთულოს თურქეთს“.
ინციდენტის მომდევნო დღეს, 25 ნოემბერს, ორივე ქვეყანამ მიანიშნა, რომ თავს არიდებს დაძაბულობის გამწვავებას, მაგრამ, ორი პრეზიდენტის იმიჯის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, აღდგეს ადრინდელი კარგი ურთიერთობა - ორივე მხარისათვის მომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობის მიუხედავად.