კრემლმა 28 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანს დაურეკავს - პირველად მას შემდეგ, რაც თურქეთმა შარშან ნოემბერში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მანამდე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა საზოგადოებას აუწყა, რომ ერდოანმა პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც, პესკოვის სიტყვებით, ბოდიშს იხდის ინციდენტისათვის, თუმცა ანკარა ამბობს, ერდოანი წერილში „სინანულს“ გამოხატავს და უსამძიმრებს დაღუპული მფრინავის ოჯახს, თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის კი ბოდიშს არ იხდისო.
კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაი ერდოანს შორის, რუსული მხარის ინიციატივით, 29 ივნისს გაიმართება. კრემლის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის მიერ კრემლში გაგზავნილი წერილი, რომელშიც, პესკოვის სიტყვებით, ის ბოდიშს იხდის საავიაციო ინციდენტისათვის, რასაც გასულ წელს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება და რუსი მფრინავის დაღუპვა მოჰყვა, თუმცა ანკარა ამბობს, ერდოანი პუტინის მიმართ წერილში „სინანულს“ გამოხატავს და უსამძიმრებს დაღუპული მფრინავის ოჯახს, მაგრამ ბოდიშს არ იხდის თვითმფრინავის ჩამოგდებისათვისო.
„როდესაც ურთიერთობების აღსადგენად რუსეთში შერიგების წერილს ვგზავნიდი, ვიმედოვნებდი, რომ ეს ორივე ქვეყნისათვის კარგი იქნებოდა. წერილში, რომელიც ბატონ პუტინს გავუგზავნე, მე მწუხარებაც გამოვხატე ინციდენტის გამო და, ამავე დროს, შევახსენე, არსებობს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობა-მეთქი. მჯერა, რომ მოვახერხებთ სწრაფად განვმუხტოთ რუსეთთან არსებული ურთიერთობა, რომელიც არც ერთი მხარის ინტერესში არ შედის“, განაცხადა 28 ივნისს რამადანის წმინდა დღესთან დაკავშირებული მარხვის დასრულების ვახშამზე რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.
ტყუილი აღმოჩნდა ასევე რუსული ინტერნეტრესურსებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ანკარა რუსეთისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდასაც აპირებდეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, ანკარა არ გადაუხდის რუსეთს კომპენსაციას და მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი მფრინავის მკვლელობაში ბრალდებული პირის წინააღმდეგ.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა 2015 წლის ნოემბერში თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო და დაიღუპა მფრინავი. ამ ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა სანქციები დაუწესა თურქეთს და ორმხრივი ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა. როგორც თურქეთიდან, ისე მოსკოვიდან გავრცელებული პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, რუსეთი აცხადებს, რომ ტრაგიკული საავიაციო ინციდენტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებას დრო დასჭირდება. თავის დროზე თურქეთისათვის დაწესებული სანქციების გაუქმების პირობად პუტინმა დაასახელა ბოდიშის მოხდა თურქეთის ხელისუფლების მიერ, ზარალის ანაზღაურება და დამნაშავეების დასჯა.