Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის გადარჩენის სხვადასხვა მოდელი


საქართველოს ეკონომისტთა და ფინანსისტთა წრეებში ეროვნული ვალუტის - ლარის - კურსის პერმანენტული გაუფასურების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. მიზეზების დასახელებასთან ერთად გამოითქმის მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს ლარის სტაბილიზაცია და ნეგატიური ეკონომიკური პროცესების თავიდან აცილება.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: დევალვაციის პროცესი კვლავ გაგრძელდა. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა, მაგრამ ლარის ვარდნის პროცესი ვერც ამან შეაჩერა. ახლა მთავრობა შექმნილი მდგომარეობიდან ახალ გამოსავალს ეძებს. ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო დახმარებისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავს:

„ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ სიტუაციის, რაც გვაქვს“.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ფიქრობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდით ეკონომიკის გამოცოცხლებას და ლარის კურსის სტაბილიზაციას შეძლებს.

ვინაიდან ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, ასევე კომპანიებზე, ჩვენც ვართ მზად, რომ იტყვიან, ქამრები შემოვიჭიროთ და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშაობა...
ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო დრომდე მთავრობა ცდილობდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი სირთულეები გარე ფაქტორებისთვის გადაებრალებინა, ახლა კი იძულებული გახდა ეღიარებინა დევალვაციით მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა მზად არის შექმნილ ვითარებაში ქამრები შემოიჭიროს:

"ვინაიდან ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, ასევე კომპანიებზე, ჩვენც ვართ მზად, რომ იტყვიან, ქამრები შემოვიჭიროთ და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშაობა, კოორდინირებულად, ერთად. ჩვენ ყველაფერს უნდა გადავხედოთ. ალბათ, მოგვიწევს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მაქსიმალურად, გონივრულად, მიზანმიმართულად და რაციონალურად უნდა ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი".

მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ და სხვა ნაბიჯებით სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს. „შეთანხმებული, ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებასო“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მიერ მდგომარეობის ასე მარტივად გამოსწორების ნაკლებად სჯერათ ექსპერტებს. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლარის კურსის ვარდნა შეუქცევადი პროცესია:

ლარმა რაღაც გარკვეულ ნიშნულს უნდა მიაღწიოს და რაღაც დროის შემდეგ იმ დონეზე დასტაბილურდება, რომელიც იქნება ახალი წონასწორობის დონე. და ის შესაბამისობაში იქნება იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც დღეს არის ქვეყანაში...
ნიკო მჭედლიშვილი

„რაც შეეხება მთავრობას და სავალუტო ფონდს, ძალიან სამწუხარო არის, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და დასკვნების გარეშე ჩვენი ხელისუფლება ვერ იღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს... არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს უცხოური საფინანსო ინსტიტუტები, თვითონაც უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას იმის უნარი, რომ მოერიოს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. თუ ელოდებიან, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტები ჩამოვლენ და უცებ შეჩერდება ლარის კურსის ვარდნა, ვფიქრობ, რომ ამაზე გათვლა არასწორია“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული დახმარებისინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმართვის განზრახვას ბევრი სხვა ექსპერტიც აკრიტიკებს. თუმცა არის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებიც. ეკონომისტების ნაწილს მიაჩნია, რომ არ არის საჭირო სავალუტო ფონდის დახმარების ან ეროვნული ბანკის რეზერვების ხარჯვის გაგრძელება ლარის კურსის ხელოვნურად შესანარჩუნებლად. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, ლარმა ბუნებრივად უნდა ასახოს ის საბაზრო სიტუაცია, რომელიც ყალიბდება შიდა და გარე ფაქტორების გავლენით:

ყველაზე პრიმიტიული მოდელი არის, როდესაც ამერიკული დოლარით არის უზრუნველყოფილი ლარი - გაცვლითი კურსი მყარია. ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ხელში გიჭირავს ამერიკული დოლარი, ოღონდ ჩოხაში გამოწყობილი...
პაატა შეშელიძე

„ის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გვქონდეს დასახული მიზნად, რომ ლარი გავაჩეროთ რაღაც ნიშნულზე, ეს არც ერთ ქვეყანას არ გამოსვლია და, მით უმეტეს, საქართველოს არ გამოუვა დღეს არსებული რესურსებით. მე ვფიქრობ, რომ ლარმა რაღაც გარკვეულ ნიშნულს უნდა მიაღწიოს და რაღაც დროის შემდეგ იმ დონეზე დასტაბილურდება, რომელიც იქნება ახალი წონასწორობის დონე. და ის შესაბამისობაში იქნება იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც დღეს არის ქვეყანაში“.

ნიკო მჭედლიშვილის აზრით, ეს შეიძლება ბევრისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდეს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის სხვაგვარად, არაბუნებრივი მეთოდებით, გაჯანსაღება მას წარმოუდგენლად მიაჩნია.

ეკონომიკის გაჯანსაღების ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის რეფორმირების რამდენიმე ინიციატივით გამოდის „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

„ყველაზე პრიმიტიული მოდელი არის, როდესაც ამერიკული დოლარით არის უზრუნველყოფილი ლარი - გაცვლითი კურსი მყარია. ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ხელში გიჭირავს ამერიკული დოლარი, ოღონდ ჩოხაში გამოწყობილი, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა - ეს არის ერთი მოდელი. მეორე მოდელი ის არის, რომ უარი ვთქვათ ლარზე, გამოვისყიდოთ დღეს არსებული რეზერვებით მიმდინარე კურსით მიმოქცევაში არსებული ლარები და გადავიდეთ ამერიკულ დოლარზე პირდაპირ. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკი, თავისი ძვირად ღირებული „უსაქმურებით“, აღარ დაგვჭირდება, ასევე შეზღუდული იქნება მთავრობა, იმიტომ რომ მას არ ექნება ფულის მანიპულაციის საშუალება. ანუ ძალიან კარგი განვითარებაა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ხელში გვექნება რეალური ფასეულობა, ბევრად უფრო რეალური, ვიდრე დღეს გვაქვს. და მესამე განვითარება ის არის, თუ ჩვენ ამ ორი ვარიანტის მაგივრად, ან რომელიმე მათგანთან კომბინირებაში, თანდათან გადავალთ ოქროს ლარზე“.

ჯერჯერობით პაატა შეშელიძის მიერ აღწერილ ცვლილებებზე მთავრობა არ მუშაობს და იქ, ლარის სტაბილიზაციისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით, მხოლოდ ახალი ფინანსური დახმარებისა და სხვადასხვა შიდა ბიზნესაქტივობის წახალისების პროგრამებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG