Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის ვარდნა გრძელდება - პასუხს ეკონომიკურ გუნდს სთხოვენ


ბოლო ერთ დღეში ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ სამი პუნქტით გაუფასურდა და 2,17 -ს მიაღწია. ლარის კურსის ვარდნისა და ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები დეპუტატებმა პარლამენტში დაიბარეს. ინიციატივა ძირითადად ორ ოპოზიციურ ფრაქციას -„თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - ეკუთვნის.

რა გახდა ლარის ვარდნის მიზეზი საქართველოში და როგორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს მთავრობამ ვითარების გამოსასწორებლად? ამ საკითხებზე მსჯელობა დიდი ხანია გასცდა ექსპერტულ წრეებს და, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად, თითოეული მოქალაქის ინტერესის სფეროში მოექცა. მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური გუნდის მინისტრთა პარლამენტში მიწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით, ლარის კურსზე ზეგავლენის ფაქტორთა გაანალიზება და მთავრობის მიერ გაწეულ ღონისძიებათა შეფასება უნდა გახდეს. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფიქრობს, რომ მთავრობას ან წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში, ან საზოგადოება და მთავრობა სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ:

„თავისუფალი დემოკრატები მოვითხოვთ, რომ მობრძანდეს ეკონომიკის მინისტრი, ასევე ფინანსთა მინისტრი „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის სხდომაზე, წარმოადგინოს თავისი გაწეული საქმიანობის ანგარიში, თუ რა გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩავარდეს ეკონომიკურ კოლაფსში და ასევე რას აპირებენ, რომ გააკეთონ. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები და დღეს გაკეთებული გეგმები იქნება განმაპირობებელი იმისა, გაგრძელდება ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი თუ ეს შეჩერდება და ხელისუფლებას რეალურად შეუძლია რამის გაკეთება“.

ეკონომიკური გუნდის დაბარება ეს გონივრულია და ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტმა მართლაც უნდა გააკეთოს, მაგრამ რაღა ახლა, კვირის ბოლო დღეს, გავიხსენოთ ეს? თვითონაც იციან, სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში...
ლევან ბერძენიშვილი

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკური გუნდის პარლამენტში დაბარების მომხრეა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი „რესპუბლიკური პარტიაც“, რომლის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საჭიროა კონსულტაციები, მეტი ინფორმაცია, გადადგმული ნაბიჯების მეტი დასაბუთებულობა და სხვა. ფრაქციის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ინიციატივას მხარდამჭერები არ დააკლდება:

“ეკონომიკური გუნდის დაბარება ეს გონივრულია და ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტმა მართლაც უნდა გააკეთოს, მაგრამ რაღა ახლა, კვირის ბოლო დღეს, გავიხსენოთ ეს? თვითონაც იციან, სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში. მდგომარეობა ისეთია, მაგას ახლა ნებისმიერი პარლამენტარი მხარს დაუჭერს“.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პარლამენტში მიწვევის მომხრეთა შორის არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მათ ეს მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროში 2 თებერვალს გაგზავნეს. შესაბამისად, პრაქტიკულად ამოიწურა რეგლამენტით გათვალისწინებული ვადაც, როცა ფინანსთა მინისტრს დეპუტატების მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობის მიუხედავად, ძალაშია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი - ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა - „36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის“. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, მთავრობა ამ გეგმაში გაწერილ რეკომენდაციებსაც იგნორირებას უკეთებს:

“ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ გამყარდეს ლარი, გაიზარდოს ინვესტიცია, გაიზარდოს ექსპორტის ოდენობა - ეს არის ის გეგმა, რომელიც არის ძალზედ მნიშვნელოვანი უშუალოდ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელსაც მთავრობა არც კითხულობს. საუბარი აღარ არის იმაზე, რომ უარს ამბობენ დებატებზეც, აქ მოსვლაზეც“.

მგონია, რომ აქ არის საჭირო შესაბამისი ქმედითი ზომების გატარება, რასაც მთავრობა აკეთებს და ჩვენ ველოდებით, რომ ეს მექანიზმები, რომლებიც ჩართულია და ამ დღეების განმავლობაში ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავენ, გამოიღებს შედეგს...
ეკა ბესელია

“ნაციონალებისგან“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრთა პარლამენტში მისვლის გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ხედავს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ საპარლამენტო დებატები პროცესს ვერ უშველის და დროის დაკარგვა არ ღირს:

“არ მგონია, რომ ან 36-პუნქტიანი, ან 41-პუნქტიანი გეგმა იყოს ახლა სასწრაფო დახმარების და სწრაფი ჩარევის წამალი. მგონია, რომ აქ არის საჭირო შესაბამისი ქმედითი ზომების გატარება, რასაც მთავრობა აკეთებს და ჩვენ ველოდებით, რომ ეს მექანიზმები, რომლებიც ჩართულია და ამ დღეების განმავლობაში ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავენ, გამოიღებს შედეგს და ველოდებით ამ შედეგებს“.

20 თებერვლის დებატები კი საკანონმდებლო ორგანოში ლარის გაუფასურებისა და ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებათა თემაზე ძირითადად დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ მომზადებული „უფასო ფულის შესახებ კანონპროექტის“ განხილვის კონტექსტში წარიმართა. პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. კანონპროექტი, რომელიც, ავტორის თანახმად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს ეხმიანება, უმრავლესობამ არასერიოზულად მიიჩნია.

ეროვნული ბანკის ნაბიჯებიც, მთავრობის ნაბიჯებიც უნდა იყოს ერთად სინქრონში, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ქმედითი ბერკეტი. ჩვენ თუ ასე ადვილად შევხედავთ ამ თემას, რომ ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ინტერვენციას ბაზარზე და ამით გადაწყდება პრობლემა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა...
ემზარ ჯგერენაია

თავის მხრივ კი, ლარის კურსი, მისი გაუფასურების ფაქტორები და კრიზისის დაძლევის საშუალებები 20 თებერვალს პარლამენტს გარეთაც არაერთი შეკრებისა და განცხადების მიზეზი გახდა. არასაპარლამენტო პარტიათა რიგებიდან გაისმა როგორც კრიზისზე პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან გადადგომის, ისე ბიუჯეტის სეკვესტრის მოთხოვნა. მათთვის მიუღებელია მთავრობის განაცხადი დოლარის მასის გაზრდის თაობაზე სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის, ვალის აღების გზით.

სავალუტო ფონდიდან სესხის აღების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძეს:

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ფული წავა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინფრასტრუქტურული პროექტები კი მთლიანად უზრუნველყოფით მიბმულია იმპორტზე, ამ ფულის უდიდესი ნაწილი წავა ჩინეთში ან წავა თურქეთში და ასე შემდეგ“.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია კი ყურადღებას ამახვილებს მთავრობის შენახვის ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე:

“ეროვნული ბანკის ნაბიჯებიც, მთავრობის ნაბიჯებიც უნდა იყოს ერთად სინქრონში, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ქმედითი ბერკეტი. ჩვენ თუ ასე ადვილად შევხედავთ ამ თემას, რომ ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ინტერვენციას ბაზარზე და ამით გადაწყდება პრობლემა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. უფრო მეტს გეტყვით: ამან შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე ემზარ ჯგერენაია ხელისუფლებას კრიზისული კომიტეტის შექმნას ურჩევს.

XS
SM
MD
LG