Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაზური არფა: დოროთი ეშბი და ბრენდი იანგერი


დოროთი ეშბის ალბომის ყდა
დოროთი ეშბის ალბომის ყდა

წინა სიუჟეტებში არფასა და მის ჯაზურ შესაძლებლობებზე რამდენჯერმე ვისაუბრე. გავიხსენე პიანისტ ელის მაკლეოდ-კოლტრეინის ორიენტალური ექსპერიმენტები, გაგაცანით ასევე ახალგაზრდა კოლუმბიელი ვირტუოზი ედმარ კასტანედაც, რომელიც მშობლიურ ხალხურ მოტივებზე ქმნის და ასრულებს თავბრუდამხვევ კომპოზიციებს. დღეს კი კიდევ ორ ქალ შემსრულებელს - დოროთი ეშბისა და ბრენდი იანგერს - წარმოგიდგენთ.

​დოროთი ეშბი მულტიინსტრუმენტალისტი გახლდათ. ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვობაში ისწავლა, მამას, ცნობილ გიტარისტ ვილი ტომსონს, უწევდა აკომპანირებას, ხოლო მოგვიანებით, როცა დეტროიტის მუსიკალურ სკოლაში მოხვდა, საქსოფონს, კონტრაბასსა და არფასაც მოუსინჯა გემო. თუმცა, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მთავარ ინსტრუმენტად არფა აირჩია. ისტორიკოსების თქმით, მან მოკლე ხანში მოახერხა და არფა ჯაზური საკრავების ოჯახის სრულფასოვან წევრად აქცია. 50-იანი წლების ბოლოდან, საკონცერტო გამოსვლების გარდა, აქტიურ სტუდიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ამ პერიოდის ჩანაწერებიდან გამოვყოფდი რამდენიმე ალბომს, მაგალითად, "Hip Harp"-ს, "In a Minor Groove"-სა და "Soft Winds"-ს, სადაც ისეთ სახელოვან მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ფლეიტისტი ფრენკ ვესსი, დრამერები როი ჰეინსი, ჯიმი კობი და ედ ტიგპენი.

დოროთი ეშბის კიდევ ერთი გატაცება თეატრი გახლდათ. წერდა მუსიკას სპექტაკლებისთვის და ხშირად თავადაც მსახიობობდა, საკონცერტო გამოსვლებიდან მიღებულ შემოსავალს კი საკუთარ თეატრალურ პროექტებში აბანდებდა. შესაბამისად, კრიტიკოსები დანანებით აღნიშნავენ, რომ არტისტმა მთელი თავისი რესურსები სწორედ თეატრს დაახარჯა და ნაკლები დრო დაუთმო ჯაზურ სივრცეს, სადაც, მათი აზრით, არანაკლები პოტენციალი გააჩნდა, ვიდრე ზემოხსენებულ ელის მაკლეოდ-კოლტრეინს. მიუხედავად ამისა, დოროთი ეშბი მაინც ითვლება უნიკალური საშემსრულებლო ხელწერისა და საკომპოზიტორო ნიჭის მქონე ფიგურად.

ჩვენი სიუჟეტის მეორე ნაწილში ბრენდი იანგერს წარმოგიდგენთ, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა დიდ სცენაზე. საშემსრულებლო ხელოვნებას ჰარტფორდის უნივერსიტეტში დაეუფლა, ხოლო საკომპოზიციო განხრით ნიუ-იორკში, სტეინჰარდტის აკადემიაში, ისწავლა. რაღაც ხანს კლასიკურ სცენაზე იღვაწა, შემდეგ კი ძალები ჯაზშიც მოსინჯა. პირველი ნაბიჯები გადადგა როგორც აკომპანიატორმა, გამოცდილება საქსოფონისტ რავი კოლტრეინთან, კონტრაბასისტ ჩარლი ჰეიდენსა და დრამერ ჯეკ დეჯონეტთან თანამშრომლობით დააგროვა. რაც შეეხება სოლო პროექტებს, სადებიუტო დისკი, სახელწოდებით Wax & Wane, მიმდინარე წელს გამოსცა.

ალბომი Wax & Wane-ი, პირველ რიგში, ბრენდი იანგერის ინტელექტის, იმპროვიზაციული სილაღისა და უბადლო საშემსრულებლო ტექნიკის მაჩვენებელია. გარდა ამისა, არტისტმა თავი ჩინებულ კომპოზიტორადაც წარმოაჩინა. დისკზე შესული 7 თხზულებიდან 4 მისი საავტორო პიესაა, 2 კი - დოროთი ეშბის კომპოზიციების ინტერპრეტაცია. არფის ნაზი პასაჟები და გლისსაონდოები მოწვეული მუსიკოსის ენი დრამონდის ფლეიტის მეტყველებას ერწყმის, ხისტ ფანკურ რიტმს გიტარისტი მარკ უითფილდი, ბასისტი დეზრონ დუგლასი და დრამერი დანა ჰოუკინსი ქმნიან, ხოლო ჯაზურ აქცენტებზე ტენორ-საქსოფონისტი ჩელსი ბარაცი ზრუნავს.

XS
SM
MD
LG