Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედმარ კასტანედა


ედმარ კასტანედა
ედმარ კასტანედა

დღევანდელ სიუჟეტში მუსიკალური ინსტრუმენტების ოჯახის ერთ-ერთ უძველეს წარმომადგენელს, პოეტების მიერ "ჯადოსნურ საკრავად" მონათლულ არფას, უკვე მეორედ წარმოგიდგენთ. პირველად მას მაშინ შევხვდით, როცა ჯონ კოლტრეინის მეორე ცოლზე, პიანისტ ელის მაკლეოდ-კოლტრეინზე, ვსაუბრობდი - არტისტზე, რომელმაც ინსტრუმენტის აკუსტიკური შესაძლებლობები ჯაზისა და ინდური ხალხური მუსიკის სინთეზისას გამოიყენა და მომნუსხავი მედიტაციური თხზულებები შექმნა. ამჯერად კი აღმოსავლეთიდან სულ სხვა ეთნიკურ სივრცეში გადავინაცვლებთ - კერძოდ, კოლუმბიაში. საინტერესოა, რომ თუ ევროპაში არფა აკადემიურ სცენასთან ასოცირდება და ბერლიოზის წყალობით საორკესტრო თანმხლებ საკრავად მოიაზრება, კოლუმბიაში უძველესი დროიდან სოლირებს და ტრადიციული საცეკვაო მუსიკის კოლორიტულ ჟღერადობას ქმნის. მაგალითისთვის, ახალგაზრდა არტისტის ედმარ კასტანედას მიერ მშობლიურ ხალხურ მოტივებზე შექმნილ იმპროვიზაციას მოვუსმინოთ.

ედმარ კასტანედა 1978 წლის 31 მარტს ბოგოტაში დაიბადა. მისი შემოქმედებითი გზა 7 წლის ასაკში დაიწყო, როცა ჯერ ხალხური ცეკვით, "ჯოროპოთი", დაინტერესდა, ხოლო შემდეგ არფის კოლუმბიურ ნაირსახეობაზე - "ილანერაზე" - დაკვრა ისწავლა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური თუ კრიმინოგენური სიტუაციის ფონზე, განათლების მიღებისა და კარიერული აღმასვლის შესაძლებლობა ნაკლებად ჰქონდა. ამიტომ ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა. ვინაიდან ამერიკულ ჯაზურ სცენაზე არფას არაფერი ესაქმებოდა, იძულებული იყო მესაყვირის უნარებს დაუფლებოდა, თუმცა ჩასაბერ საკრავზე შეძენილი თეორიული ცოდნა არფაზე გადმოჰქონდა.

ედმარ კასტანედამ არფის ჯაზურ სცენაზე დამკვიდრება 90-იანი წლების ბოლოდან ნიუ-იორკულ კლუბებში დაიწყო. ინსტრუმენტი ჯაზისთვის იმდენად უცხო იყო, რომ მუსიკოსის პირველივე ექსპერიმენტებმა უდიდესი ინტერესი დაიმსახურა როგორც მსმენელებში, ასევე კოლეგებსა და კრიტიკოსებში. ყურადღებას იქცევდა მისი საშემსრულებლო სტილიც - როგორც ყოფილი მოცეკვავე, არფაზე კოლუმბიური ხალხური ცეკვის "ჯოროპოსთვის" დამახასიათებელი ქორეოგრაფიული ილეთებით უკრავდა. ლეგენდარულმა კუბელმა საქსოფონისტმა პაკიტო დე რივერამ კასტანედა ერთ-ერთ საუკეთესო იმპროვიზატორად მოიხსენია, არტისტად, რომელმაც თანამედროვე მუსიკაში მივიწყებული საკრავი ჩრდილიდან გამოიყვანა და საკრავის აქამდე უცნობი შესაძლებლობები გამოავლინა.

ედმარს, როგორც ლიდერს, 4 ალბომი აქვს გამოშვებული, სადაც როგორც კოლუმბიური ფოლკლორის, ასევე ჯაზური სტანდარტების ინტერპრეტირებას ახდენს. საავტორო თხზულებები კი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა - აფრიკულ თუ ბრაზილიურ რიტმულ კარკასებზე ბიბოპის, არგენტინული ტანგოსა და ფლამენკოს სინთეზს ახდენს. მაგალითისთვის გამოვარჩევდი ალბომს "Entre Guerdas", რომელმაც პირველი მნიშვნელოვანი აღიარება მოუტანა. რაც შეეხება ერთობლივ პროექტებს, ისეთ სახელოვან მუსიკოსებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: პაკიტო დე რივერა, უინტონ მარსალისი, ჯონ პატიტუჩი, გონსალო რუბალკაბა, მარკუს მილერი, ჯონ სკოფილდი და მრავალი სხვა.

თანამედროვე ჯაზური სცენის ახალგაზრდა ვარსკვლავის ნახვა და კოლუმბიური "ილანერას" ჯადოსნური ბგერების მოსმენის საშუალება მალე ჩვენც გვექნება. ოქტომბრის ბოლოს ედმარ კასტანედა კონცერტს თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში გამართავს. მსმენელის წინაშე მეგობრებთან - დრამერ დევიდ სილიმანსა და ტრომბონისტ მარშალ გილკსთან ერთად წარდგება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG