Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები ნდობის რიგში


დევნილები გერმანიაში
დევნილები გერმანიაში

ცოტა ხნის წინათ ზღვაში დაღუპული სამი წლის სირიელი ბავშვის ფოტომ მსოფლიო შეძრა. ევროპის ბევრმა სახელმწიფომ დევნილებისთვის, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ სამშვიდობოს გასვლას, ქვეყნის საზღვრები გააღო და მათ დახმარების ხელი გაუწოდა. რა გზის გავლა მოუხდათ ევროპამდე ომსა და სასტიკ რეჟიმებს გამოქცეულ დევნილებს და როგორია მათი მდგომარეობა დღეს გერმანიაში, სადაც ამჟამად ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი დევნილი ცხოვრობს?

ბერლინის ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა სააგენტოს ეზოში ათასზე მეტი სირიელი, ერაყელი და ავღანელი დევნილია შეკრებილი. ომითა და გრძელი გზით დაქანცული ადამიანები პირდაპირ მიწაზე სხედან. ასე იცდიან რეგისტრაციისთვის საჭირო ნომრის მოლოდინში უკვე რამდენიმე კვირაა. ბილეთის რიგიდან პერიოდულად სადილის რიგში გადადიან, რომელსაც იქვე, ერთ-ერთ კარავში, არიგებენ. ასე, რიგიდან რიგში გადანაცვლებაში, გადის საათები, დღეები და კვირები. მათი უმრავლესობა ახლა დევნილთა ბანაკებში ცხოვრობს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ისინი სპეციალურ საერთო საცხოვრებლებში გადანაწილდებიან, კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ კი, სავარაუდოდ, დევნილის სტატუსი მიენიჭებათ, რაც მათ გერმანიაში გარკვეული პირობებით დარჩენისა და მუშაობის უფლებას მისცემს.

ამ ძალიან გრძელი და დამქანცველი გზის გასავლელად ყველას თავისი პირადი ამბავი აქვს.

სადრანი ავღანეთიდან თალიბანის რეჟიმს გამოექცა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქ პაქტიაში მექანიკოსად მუშაობდა. თალიბანი მის ტერორისტულ აქტებში ჩართვას მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც 20 წლის სადრანმა მათ გამო სახლი, სამსახური და შინაური ცხოველები დაკარგა, უკეთესი და მშვიდი ცხოვრების საძებნელად ყველაზე რთულ და სარისკო გზას დაადგა:

“ავღანეთიდან ფეხით წამოვედი. ავღანეთიდან ირანში, ირანიდან თურქეთში, შემდეგ: ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი. გზაში სამი თვე ვიყავით. ეს ყველა მგზავრისთვის რთული გზაა, ბევრმა ვერ გაუძლო. ჩემი სამი მეგობარი ირანის პოლიციამ მოკლა, ბევრიც ბულგარეთის ტყეში დაიღუპა, სადაც სამი დღე ვიყავით. ძალიან რთული იყო, ძალიან!.“

სადრანი ირანის პილიციის ტყვიებსაც გადაურჩა და ბულგარეთის ტყეში დადევნებულ ძაღლებსაც. ამბობს, რომ სწრაფად და ბევრი ირბინა და ორი თვის წინ ბერლინამდე ჩამოაღწია. ახლა დევნილების ბანაკში ცხოვრობს და უკვე თვე-ნახევარია რეგისტრაციის გავლას და დოკუმენტების აღებას ცდილობს.

ორჰანიც დამასკოდან მარტო, ოჯახის გარეშე წამოვიდა. მისი თქმით, ამ გზას მხოლოდ ახალგაზრდა თუ გაუძლებდა. მას გაუმართლა და სარეგისტრაციო ნომრის აღება მალევე მოახერხა:

“ათი დღეა ბანაკში ვცხოვრობ. ორ დღეში სასტუმროში გადავალ. ბანაკშიც კარგია. საჭმელიც გვაქვს და ყველაფერი, რაც გვჭირდება. ხალხიც ძალიან კარგია. ვფიქრობ, აქ ბევრად უკეთესი ცხოვრება გვექნება. მე მჭირდება ეს ცხოვრება ბერლინში. ჩვენ იმდენი პრობლემა გვაქვს დამასკოში!.. იქ ომია და ყველას გვეშინია, მაგრამ, ღმერთს მადლობა, დღეს აქ ვარ“.

ომარი დამასკოს სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. იმედით, რომ მალე მშვიდობიან გარემოში მოახერხებს სწავლის გაგრძელებას, უკვე რამდენიმე კვირაა, აქ დგას:

“სამი კვირაა ნომერს ველოდები. სირიიდან თურქეში წავედი. შემდეგ მაკედონიაში გადავედი, მერე სერბეთში. მე თურქეთში გადაფრენა მოვახერხე. ზოგი მიფრინავს, ზოგიც გემით მიდის. აქ ნომრის აღება ძალიან რთულია. ხალხი ოთხი, ხუთი კვირა ელოდება. მაგრამ ზოგი მოდის და მეორე დღესვე იღებს ნომერს, ზოგი კიდე კვირაობით ელოდება. ნომერს რომ ავიღებ, სასტუმროში ან საერთო საცხოვრებელში გადავალ. მერე სწავლის გაგრძელება მინდა. მე ექიმი ვარ“.

2015 წელს გერმანიაში 40 000-მდე დევნილი ჩამოვიდა. რომ არა გერმანელების, უფრო ზუსტად კი, ბერლინელების დახმარება, მხოლოდ მთავრობა მათ მოვლასა და ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფას, ალბათ, ვერ მოახერხებდა.

მარაიკე კაიზერი ბერლინის ერთ-ერთ უბანში, კროიცბერგში, ცხოვრობს, რომელიც ყველაზე მეტი უცხოელით არის დასახლებული. ფეისბუქზე წაიკითხა, რომ ერთ-ერთ ბანაკში ინვალიდის ეტლი ესაჭიროებოდათ. ინვალიდი გოგონას დედაზე ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა, მეორე დღესვე მიიტანა ეტლი, რომელიც სახლში ჰქონდა და რადგან ნახა, რომ დევნილებს კიდევ ბევრი რამ სჭირდებოდათ, სამ მეგობართან ერთად სამოქალაქო გაერთიანება „კროიცბერგი ეხმარება“ შექმნა.

“სულ ოთხმა ადამიანმა დავიწყეთ და ახლა უკვე ასზე მეტნი ვართ. ეს ადამიანები ყოველდღე მოდიან და შემოწირულებებს მთელ ქალაქში ანაწილებენ. ყველაფერს ვარჩევთ, ვახარისხებთ, შემდეგ ბანაკებს ვუკავშირდებით და ვიგებთ, რა სჭირდებათ. ბავშვებისთვის, რომლებიც ბანაკებში მშობლების გარეშე ცხოვრობენ, ქალაქში ექსკურსიებს ვაწყობთ. გვინდა, რომ მათ უფრო მეტი მივცეთ, ვიდრე, უბრალოდ, ნივთები. ამ ყველაფერს პოლოტიკოსებისგან უფრო მეტი ყურადღება ესაჭიროება. ჩვენ ყველას ჩვენი საქმე, ჩვენი სამსახური გვაქვს. ამ გამოწვევის გადალახვა, რაც ახლა ევროპას აქვს, არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეების მეშვეობით უნდა ხდებოდეს, არამედ ამას ის ადამიანები უნდა აკეთებდნენ, რომლებიც ამაში ხელფასს იღებენ“.

ბერლინელების უმეტესობა დევნილებს ეხმარება, თუმცა ყველა ერთნაირად ნამდვილად არ ფიქრობს. ახალი მეზობლების შიში ბევრს აქვს. ზოგი მათში უბრალო კონკურენტს, ზოგიც კი საფრთხეს ხედავს და მათ ჩამოსახლებაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში დევნილების საერთო საცხოვრებელიც კი გადაწვეს. ასე რომ, ყველა იძულებით დევნილი, ვინც სამშობლოდან ომისა და სიკვდილის შიშსს გამოექცა, ევროპაში კიდევ დიდხანს უნდა იდგეს რიგში - რიგში რეგისტრაციისთვის, სადილისთვის ან სხვა დახმარებისთვის, მაგრამ ყველაზე დიდხანს, ალბათ, იმ რიგში მოუწევთ ლოდინი, სადაც ახალი თანამოქალაქეების თვალში ნდობა და აღიარება უნდა მოიპოვონ.

XS
SM
MD
LG