რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ 6 მაისს განაცხადა. ინფორმაცია სააგენტო „რესმა“ გაავრცელა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას, ინფორმაციით, ინფიცირებულია მოზარდი, რომელიც 30 აპრილს რუსეთიდან ჩამოვიდა. 14 წლის მოზარდი სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში სწავლობს. ის იმყოფებოდა კარანტინში, სადაც ტემპერატურის აწევის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითია. პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსში გადაიყვანეს. მარინა კოჩიევას თქმით, იზოლირებულია ყველა პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას, ცნობით, ინფიცირებულია ახალგორში მცხოვრები დედა-შვილი.
„ქალი და 6 წლის ბავშვი ვლადიკავკაზში სხვა დაავადების გამო მკურნალობდნენ, იქ კორონავირუსზე ტესტი აუღეს და გამოწერეს. სამხრეთ ოსეთში ისინი 5 მაისს დაბრუნდნენ. არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონდათ, მაგრამ 6 მაისს დაგვიკავშირდნენ ვლადიკავკაზიდან და გვაცნობეს, რომ დედა-შვილის ტესტის პასუხები დადებითია“, - ამბობს ანა გაგლოევა. მისივე განმარტებით, კარანტინში მოათავსებენ ორ მედდას და მძღოლსაც, რომელთაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ. გაგლოევას ინფორმაციით, 14 წლის მოზარდს თავიდან სიცხე ჰქონდა, მაგრამ ახლა უკეთესადაა, დედა-შვილს კი არანაირი სიმპტომი არ გააჩნია. ისინი 6 მაისს ახალგორის საავადმყოფოდან, სადაც ვლადიკავკაზიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ, ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შემდეგ მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან. სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტები აქტიურობენ. მათი თქმით, რუსეთიდან ოსი სტუდენტებისა და კადეტების მასობრივმა გამოყვანამ ეს შედეგი გამოიღო. რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსმა შეაღწია, მათ შორის არიან სამხედრო სასწავლებლების კადეტები.
„ცხინვალელი კადეტები, რომლებიც მოსკოვსა და პეტერბურგში სწავლობენ, ახლა მასობრივად ბრუნდებიან სახლში. ერთი ნაწილი უკვე დააბრუნეს, ახლა მეორე პარტიას ველოდებით. 90-მდე სტუდენტი და კადეტი ბრუნდება და ისინი ავტობუსებით მოჰყავთ. დაავადებულები, ალბათ, მათ შორისაც არიან და როგორ უნდა გაუძლოს ჩვენმა საავადმყოფომ, სადაც აღჭურვილობა და ბინტიც კი დეფიციტია, არ ვიცი. დიდი რისკია, რომ თვითონ ექიმები და მედდები დაავადდნენ. კარანტინიც ფორმალობა იყო. ერთ პალატაში რამდენიმე ადამიანს ათავსებდნენ, ეს რა კარანტინია? აკრძალვების მიუხედავად, ხალხი პანაშვიდებზე და გასვენებებზე დადიოდა და ადრე თუ გვიან ცხინვალში ეს მოხდებოდა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების გულგრილობის შედეგი“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.
სოციალურ ქსელებში ცხინვალელი მოქალაქეები უკვე მოითხოვენ, რომ რუსეთიდან გამოგზავნილ ტესტსისტემებს არ ენდონ და სინჯები პირდაპირ სტავროპოლის ლაბორატორიაში გაგზავნონ. მათი აზრით, რუსეთიდან გამოგზავნილ ტესტსისტემას დიდი ცდომილება აქვს. ერთ-ერთ კომენტატორი წერს, რომ ცხინვალში კარგი არაფერი მოხდება, რადგან საავადმყოფოში ადამიანთა მკურნალობის პირობები არ არსებობს.
„ცოტა ხნის წინ საავადმყოფოს ბინტიც კი არ ჰქონდა და როგორ წარმოგიდგენიათ, იქ რომ 1000 კაცი მოხვდეს, უმკურნალებენ? მე თვითონ ვიწექი რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში და ბამბა და სპირტი სახლიდან მივიტანე. ასეთ საავადმყოფოში კორონას უმკურნალებენ?“ - წერს ერთ-ერთი კომენტატორი სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ ოსურ ჯგუფში.
გარდა ამისა, ზოგიერთი კომენტატორი რუსეთის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იქ დაინფიცირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის თავად უნდა ემკურნალათ და ტროის ცხენივით ისინი ცხინვალში არ უნდა გამოეგზავნათ.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონში პირველი ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, საგანგებო თათბირი მოიწვია და ოპერატიული შტაბის წარმომადგენლებს საკარანტინო ზომების გამკაცრება მოსთხოვა.
ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია ახალგორშიც, სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის თქმით, ინფიცირებულ დედა-შვილთან ერთად მათთან კონტაქტში მყოფი 5 ადამიანიც წაიყვანეს ცხინვალში. სავარაუდოდ, კონტაქტების წრე კიდევ უფრო გაიზრდება. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, დაბაში ძირითადად ხანში შესული ადამიანები ცხოვრობენ და ახლა მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.
საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა, სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალმა უარი თქვა ყოველგვარ დახმარებაზე. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ შეთავაზება ისევ ძალაში რჩება.
„ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოხდეს გავრცელების პრევენცია. ჩვენ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ, დაწყებული ინფორმაციის გავრცელებიდან, მათ შორის, აფხაზურად და ოსურად. პრობლემურია ის, რომ ცხინვალის რეგიონი უკვე თვეების განმავლობაში არის იზოლირებული - ფაქტობრივად, გადაადგილება არის სრულად შეზღუდული. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც წვდომა აქვს, არის წითელი ჯვარი, რომელთანაც, ბუნებრივია, ჩვენ ვთანამშრომლობთ, მოსახლეობის ინტერესები რომ იქნეს დაცული“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდის გავლით უკვე ორჯერ მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო დახმარება, რაც, პირველ რიგში, მედპერსონალის აღჭურვილობა და სადეზინფექციო საშუალებებია.