Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში COVID-19 ახალგორელ ქალს და მის 6 წლის შვილს დაუდგინდათ


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 3 პირიდან 2 ახალგორელი დედა-შვილია. ბავშვი 6 წლისაა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე სუვოროვის სახელობის სასწავლებლის 14 წლის კურსანტს. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ განუცხადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

„დედა და მისი 6 წლის ბიჭი ვლადიკავკაზში სხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში მათ კორონავირუსზე ჩაუტარეს ტესტი და საავადმყოფოდან გამოწერეს. ისინი სამხრეთ ოსეთში 5 მაისს ჩამოვიდნენ. მათ ინფიცირების არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონიათ“, - განაცხადა ანა გაგლოევამ.

მისი თქმით, ოთხშაბათს ცხინვალში მის სამსახურს დაუკავშირდნენ კოლეგები ჩრდილოეთ ოსეთიდან და დედისა და შვილის ტესტირების დადებითი შედეგების შესახებ შეატყობინეს.

ანა გაგლოევას თანახმად, დედა-შვილი ახალგორის საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში იყვნენ განთავსებულები და ახლა ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადაჰყავთ.

„ავადმყოფების მდგომარეობა სტაბილურია, მათ კორონავირუსით ინფიცირების არანაირი სიმპტომები არ აქვთ. რაც შეეხება კურსანტს, მას პირველ დღეს ჰქონდა ტემპერატურა, დღეს კი მდგომარეობა გაუმჯობესდა და აღარც სიცხე არ აქვს“, - განაცხადა ანა გაგლოევამ.

როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეპიდემიოლოგმა განმარტა, ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ ორ ექთანსა და მძღოლს, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6 მარტს შუადღისას განაცხადა. ინფორმაცია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების სამამდე გაზრდის შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ცნობილი.

XS
SM
MD
LG