Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძაღლებსაც დათვლიან


„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ იწყებს თბილისში ქუჩის ძაღლების დათვლასა და მასობრივ ვაქცინაციას. სააგენტოს ინფორმაციით, ძაღლების ნაწილს თავშესაფარში გადაიყვანენ, თუმცა მანამდე მათ მდგომარეობას ვეტექიმი და კინოლოგი შეაფასებენ და შედეგის შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და უკან ქუჩაში დაბრუნების თაობაზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ანტირაბიული ვაქცინით აცრილი პაციენტების მესამედი ეგრეთ წოდებული ქუჩის ძაღლების მიერაა დაკბენილი.

გიორგი ჯაფარიძე თავის ექვსი თვის ლაბრადორ ბონისთან ერთად ხშირად სეირნობს ვერის პარკში, რომელსაც, ტრადიციულად, ბევრი ქუჩის ძაღლი აფარებს თავს. გიორგის დაკვირვებით, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ისეთი ძაღლი ხვდება ქუჩაში, რომელსაც ყურზე აღრიცხვისა და ვაქცინაციის სპეციალური ნიშანი აქვს დამაგრებული, რაც, მისი თქმით, დიდწილად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დამსახურებაა:

„მე და ჩემი მოგობარი ვასეირნებდით ძაღლებს. დავინახეთ მაწანწალა ძაღლი, რომელსაც ყურზე არ ჰქონდა „ბირკა“. ჩემმა მეგობარმა დარეკა 112-ზე და შეატყობინა, ამა და ამ ადგილას არის ძაღლი, რომელსაც არ აქვს ვაქცინაციის აღმნიშვნელი ნიშანი, წაიყვანეთ და აცრები გაუკეთეთო. მეორე დღეს, როცა გამოვედი ძაღლთან ერთად ვერის პარკში, დავინახე რომ ამ ძაღლს „ბირკა“ ჰქონდა, ანუ აცრები გაუკეთეს. ამის შემდეგ ჩემს ძაღლთან ერთად ჩვეულებრივ თამაშობს“.

გიორგი ჯაფარიძე და მისი მეგობარი ტელეფონით დაუკავშირდნენ 2012 წელს დაფუძნებულ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“, რომელმაც 2014 წლის განმავლობაში 11 ათასამდე მსგავსი შეტყობინება მიიღო. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ფხალაძე ამბობს, რომ სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა როგორც მოსახლეობის დაცვა აგრესიული და დაავადებული ცხოველებისგან, ასევე ცხოველთა პოპულაციის მართვა და კონტროლი.

თუ არ გვეცოდინება თბილისში კონკრეტულად რა პრობლემებია, სად ცხოველთა სიჭარბეა, სად - დაავადებულები, სიტუაციის მართვა გაგვიჭირდება! უკვე ვიცით, რომ ეს ერთი თავშესაფარი, რომელიც ახლა გვაქვს და 120 ძაღლზეა გათვლილი და სინამდვილეში 200-250 ძაღლი შედის, არასაკმარისია...
თემურ ფხალაძე

„ცხოველების პოპულაცია რომ ექვემდებარებოდეს კონტროლს და მართვადი იყოს, აუცილებელია ვიცოდეთ, რა მოცულობასთან გვაქვს საქმე, ანუ რამდენი ცხოველია თბილისში. ამ ცხოველების დათვლა არავის უწარმოებია. 2000 წელს ნაწილობრივ ჩატარდა, ამიტომ ჩვენი სააგენტო თბილისის მერიასთან შეთანხმებით აპირებს 2015 წელს დათვალოს ძაღლებისა და კატების რაოდენობა, რათა შემდგომ კონტროლს დაექვემდებაროს და გავარკვიოთ ერთი ან ორი წლის შემდეგ, მოიმატა თუ შემცირდა მათი რაოდენობა. ამით გაგვიადვილდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების დაგეგმვა ცხოველთა პოპულაციების შესამცირებლად“, უთხრა თემურ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.

თემურ ფხალაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ თეიმურაზ წიქორიძესთან, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარესთან, რომლის თქმითაც, დედაქალაქის მასშტაბით ცხოველთა მონიტორინგის ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათაშედეგების საფუძველზე შემუშავდეს შესაბამისი პროგრამები:

„თუ არ გვეცოდინება თბილისში კონკრეტულად რა პრობლემებია, სად ცხოველთა სიჭარბეა, სად - დაავადებულები, სიტუაციის მართვა გაგვიჭირდება! უკვე ვიცით, რომ ეს ერთი თავშესაფარი, რომელიც ახლა გვაქვს და 120 ძაღლზეა გათვლილი და სინამდვილეში 200-250 ძაღლი შედის, არასაკმარისია. თბილისს სჭირდება 3-4 თავშესაფარი, ასევე სჭირდება სტერილიზაციის აქტიური პროგრამები და სჭირდება ცხოველთა დაცვის კანონმდებლობა, რომელიც, ფაქტობრივად, არ გვაქვს“.

მიუსაფარი ცხოველები რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემაა, ამას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, რომლის წარმომადგენელმა ეკა ქავთარაძამე სააგენტო „კავკაზ-პრესს“ განუცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში ლიდერობს ერთ სულ მოსახლეზე გამოყენებული ანტირაბიული ვაქცინის რაოდენობით:

თავშესაფარში შეყვანისთანავე ცხოველს უტარდება ლაბორატორიული კვლევა. თუ ჯანმრთელია და არ არის აგრესიული, მაშინ სქესის მიხედვით უტარდება სტერილიზაცია ან კასტრაცია, ვაქცინაცია. ყურზე უკეთდება შესაბამისი ბირკა, რის შემდეგაც უსაფრთხო ცხოველი ბრუნდება პირვანდელ არეალში...
თემურ ფხალაძე

„ჩვენი სტატისტიკით, ძირითადი წილი ვაქცინირებული ბენეფიციარებისა მოდის უშუალოდ სახლის ძაღლებისა და კატების ნაკბენებით, ნაკაწრით, დორბლით და ა.შ. და არა მაწანწალა ძაღლებზე. საქართველოში ყოველთვე საშუალოდ 14 ათასი ადამიანი იტარებს ვაქცინაციას. აქედან 1800 არის მძიმედ დაკბენილი. ვაქცინაციების რაოდენობა მზარდია, თუმცა ეს ცნობიერების მატებასაც უკავშირდება“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დაკბენილი და დაკაწრული პაციენტების საერთო რიცხვიდან მხოლოდ 28,4 პროცენტი მოდის მაწანწალა ძაღლებზე. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ხელმძღვანელი თემურ ფხალაძეც ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება, ამის მიზეზი კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებული მუშაობაა. თემურ ფხალაძის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-ზე, დატოვოს შეტყობინება, რომლის საფუძველზე ცხოველს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ:

„თავშესაფარში შეყვანისთანავე ცხოველს უტარდება ლაბორატორიული კვლევა. თუ ჯანმრთელია და არ არის აგრესიული, მაშინ სქესის მიხედვით უტარდება სტერილიზაცია ან კასტრაცია, ვაქცინაცია. ყურზე უკეთდება შესაბამისი ბირკა, რის შემდეგაც უსაფრთხო ცხოველი ბრუნდება პირვანდელ არეალში ან მიკედლების სტატუსით აბრუნებენ პირთა ჯგუფთან ან კონკრეტულ ადამიანთან, რომელმაც განცხადებით მოგვმართა“.

თუმცა, თემურ ფხალაძის თქმით, ამგვარი ვითარება მხოლოდ თბილისის მასშტაბითაა, ქუჩის ცხოველთა მონიტორინგიც კი მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე ჩატარდება. არადა, როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურ წიქორიძე ამბობს, პროცესმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას.

„საერთოდ არ ჩატარებულა მონიტორინგი და აღრიცხვა... და მარტო რიცხოვნებაზე არაა ლაპარაკი, სხვა პრობლემებიცაა. ვიცით, რომ ადამიანის სისასტიკე ცხოველების მიმართ განუზომელია ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ დასადგენია ისიც, თუ რომელ რაიონში რამდენად სასტიკი ხალხი ცხოვრობს“, უთხრა თეიმურაზ წიქორიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG