Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიის ოპოზიცია და კრემლი - რატომ გადადგა ჯუკანოვიჩი 


მილო ჯუკანოვიჩი
მილო ჯუკანოვიჩი

რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც გამოაცხადა – საფიქრებელია, რომ „ძლიერი უცხოური ფაქტორი“ მოქმედებდა ჩერნოგორიის 16 ოქტომბრის არჩევნების დროსო, – გადადგა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, რომელმაც ადრე არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია მოსკოვთან, კრემლთან თანამშრომლობაში.

ჯუკანოვიჩმა გადადგომა გამოაცხადა 25 ოქტომბერს და იქვე თქვა: „ჩერნოგორიის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ჩარეული იყო „ძლიერი უცხოური ფაქტორი“. ამასთან, უწინაც გვითქვამს, რომ ისინი მიმართავდნენ უკანონო საშუალებებს, უკანონო სახსრებს, კანონით დაუშვებელ მეთოდებს“, – განაცხადა ჯუკანოვიჩმა, რომლის ნატოსკენ სწრაფვას რუსეთი თავგამოდებული უწევდა წინააღმდეგობას.

გადმოწერა

მოსკოვს არ სურს ასევე, დაუახლოვდეს ევროპის კავშირს ჯუკანოვიჩის პატარა ქვეყანა, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა, ჩერნოგორია, რომელიც მონტენეგროს სახელითაა ცნობილი ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და ინგლისურენოვან სამყაროში.

ჩერნოგორიის პოლიტიკური ოპოზიცია პრორუსულია, მისი წარმომადგენლები არჩევნების წინ ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე მოსკოვს. სერბიამ დააპატიმრა ეჭვმიტანილები, რომლებიც ჩერნოგორიის არჩევნების შედეგების წინაღმდეგ აპირებდნენ მოქმედებას, – ამის თაობაზე სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გამოაცხადა 24 ოქტომბერს. 20 ადამიანი დააკავეს. ისინი სერბიის მოქალაქეები არიან, მაგრამ არ აქვთ კავშირი სერბიის მთავრობასთან ან პოლიტიკურ პარტიებთანო, – თქვა ვუჩიჩმა და იქვე დასძინა, რომ დაკავებულებს მესამე ქვეყანასთან და დანაშაულებრივ ჯგუფებთან აქვთ კონტაქტი, თუმცა არ დაუსახელებია ეს, მესამე ქვეყანა კონკრეტულად.

დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ჯუკანოვიჩსა და მის მომხრეებზე შეიარაღებული თავდასხმის დაგეგმვაში მას მერე, რაც გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ჩერნოგორიის პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ მას შემდეგ, რაც გამოცხადდა არჩევნების შედეგები, დაკავებული პირები გეგმავდნენ, პარლამენტის შენობის წინ თავდასხმა მოეწყოთ იქ მყოფ ადამიანებზე და შენობაში შეჭრილიყვნენ, დაეპატიმრებინათ ჯუკანოვიჩი, რომელსაც მეტი სამხილის მოპოვების იმედი აქვს და ამბობს: „განა შეიძლება უბრალო დამთხვევა ყოფილიყო, რომ ისინი, ვინც პარლამენტის ასაღებად მოვიდა და ხალხს ესროლა, მხოლოდ იმის იმედად იყვნენ, რომ ვიღაც უცნობი შეძლებდა იქ რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრებას. ამ ფონზე, ვინ დაიჯერებს, რომ არავითარი კავშირი არა აქვს დემოკრატიული ფრონტის ლიდერთა მოწოდებას ხალხისადმი, სწორედ ეს გაეკეთებინათ, ანუ პარლამენტთან შეკრებილიყვნენ“.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ეს დემოკრატიული ფრონტი, ამტკიცებენ, რომ ჯუკანოვიჩმა, რომლის პროდასავლურმა პარტიამ, მართალია, არჩევნები მოიგო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, თვითონ მოაწყო გადატრიალების მცდელობის ინსცენირება, რათა საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა.

ჯუკანოვიჩის მიერ გადადგომის გამოცხადებას მოჰყვა ცნობის გავრცელება, რომ მისი, სოციალისტების დემოკრატიული პარტია, მის მოადგილეს, დუშკო მარკოვიჩს დაასახელებს პრემიერის თანამდებობაზე. მარკოვიჩი უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. ამასთან, არაა ცხადი, არის თუ არა კავშირი მის გადადგომასა და „გადატრიალების მცდელობასთან“. დაკავებულებს შორის არის სერბიის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური. ჯუკანოვიჩმა ერთი თქვა კიდევ: გამოძიება გაარკვევს, რამდენად იყვნენ გადატრიალების მცდელობაში ჩართული რუსეთი და სერბიაო. ჩერნოგორია 2006 წლამდე სერბიის შემადგენლობაში იყო და რეფერენდუმის ძალით გამოეყო მას. რუსეთი ცდილობს ორივე ქვეყანა, სერბიაც და ჩერნოგორიაც, მართლმადიდებელი ქრისტიანი სახელმწიფოები, თავისი გავლენის ორბიტაში დაიტოვოს. ორივე, ამასთან, ესწრაფვის ევროპის კავშირთან დაახლოებას და ჩერნოგორია – ნატოს წევრობასაც.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG