Bidzina Ivanishvili & Media ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფეისბუკგვერდია, რომელიც სოციალურ ქსელში შეიქმნა და 2011 წლიდან "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. გვერდმა სახელი დღეს დილით შეიცვალა და Bidzina Ivanishvili & Media-ს ნაცვლად Gakharia & Media გახდა. ამას წინ უსწრებდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაზე.
დეტალურ ინფორმაციას ამ ფეისბუკგვერდის შესახებ "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს. გვერდმა 2011 წლიდან დღემდე 5631 პოსტი გამოაქვეყნდა, რასაც 2 042 736 ინტერაქცია ჰქონდა (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება). ბოლო მონაცემებით გვერდს 97,7 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
გვერდი გაბრიელ წულაიამ შექმნა. "სამართლიანი არჩევნების" მონაცემებით ის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:
- 2013 წლიდან 2015 წლამდე წულაიას საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა;
- 2015 წელს იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა;
- 2017 წლის დეკემბერში გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა;
- 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა;
- მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა.
გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო.
რადიო თავისუფლებას სურდა გაბრიელ წულაიასთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.