ეკა ქევანიშვილის ლექსებში სულ რაღაც (თუ ვიღაც) ფეთქდება: ხან ადამიანი, ხან ბომბი, ხან მურაბა... ჰო, მის ბოლო კრებულში, "ევაკუაციის გეგმა", რომელიც ახლახან დაბეჭდა გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში", ერთ ლექსში მართლა ფეთქდებიან მაყვლის და ჟოლოს მურაბები. და როცა ასეა საქმე, რა გასაკვირია, რომ პოეტს თავისი ევაკუაციის გეგმაც აქვს შემუშავებული, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,
"მოითხოვს სიფრთხილეს:
სულის ყელიდან ამოსვლისას და სუნის ცხვირიდან ამოგლეჯისას
და სუნთქვის ფილტვებიდან გაპარვისას და გემოს ენიდან აფხეკისას.
ამ გეგმით, ნელ-ნელა გავდივართ ხერხემლის უღელტეხილით
და ვეშვებით ბარში.
ამ გეგმით, ვიღებთ საკუთარ თავს და მოვისვრით მუცლის დაღმართზე.
შემდეგ კი შეგვიძლია ავფეთქდეთ".
თუკი პოეტს მართლა სურს ამ აფეთქებებს გაექცეს, ევაკუაცია წიგნის დასაწყისშივე უნდა განახორციელოს, მაგრამ მასთან ევაკუაცია წიგნის ბოლოსაა, როცა უკვე ყველაფერი მომხდარი და განცდილია და, ცოტა არ იყოს, საეჭვოდ ჟღერს ლექსის ასეთი ფინალიც: "როცა ჩემს თავს დიდი ამბები ხდება, / მე - დიდი ხნის გაქცეული ვარ". ანუ ეს თითქოს თავად ეკა ქევანიშვილის ევაკუაციის გეგმა არაა. ის თითქოს არსად გარბის, ის მუდამ ეპიცენტრშია და სწორედ ამ ეპიცენტრიდან ხედავს იმ ადამიანებს, გაქცევაზე რომ უჭირავთ თვალი. წერს იგი კიდეც თავის ანოტაციაში, რომ "სინამდვილეში, ეს წიგნი არ არის გაქცევის მცდელობაზე", რომ "ეს წიგნი უხერხულობების აღიარებაზეა. ეს წიგნი დარჩენასა და სინამდვილისთვის დიდხანს თვალებში ყურებაზეა". დიდი ხანია, რაც ეკას პოეზია ასეთია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი პოეზიისა. კარგ პოეზიას კი სჭირდება სხვადასხვა რაკურსიდან შეხედო. ამაში კი მე დღეს პოეტი შალვა ბაკურაძე დამეხმარება.
შალვა ბაკურაძე: "ეკაზე ძალიან დიდი ხანია მსურს საუბარი, თუმცა ახლა, ზუსტად იმ დღეს მომიწია ეკას შემოქმედებაზე საუბარი, როდესაც საერთოდ არ ვიყავი მზად და იმისათვის, რომ მე ამ თემაზე მესაუბრა, არ დავიწყე მოძიება ეკას ტექსტების, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი წაკითხული მაქვს, არამედ ჩავრთეNat Geo WILD-ი და ერთ-ერთ გადაცემას ვუყურე. და მინდოდა რაღაც პარალელი გამევლო, იმიტომ რომ პარალელები არსებობს ყველგან, მთავარია მოინდომოს ადამიანმა. ჰოდა, იყო გადაცემა უცნაური პროფესიის ადამიანებზე: ზოგი ეძებს ჭიებს, იმისათვის რომ 67 ცენტად მიყიდოს მეთევზეებს. ზოგი აგროვებს მიქლიოსოკოებს, რომელსაც რაჭაში, ეკას სამშობლოში, ქათამბარკალას ეძახიან, ზოგი ალიგატორებზე ნადირობს და ალიგატორებს აბარებს... - ზუსტად აი, ეს სურნელები მოედინება ეკას ლექსებიდან, აი, ეს ეგზოტიკური სურნელები, ეს დავიწყებული ბავშვობის ანდა ბავშვობაში არგანცდილი, მაგრამ სასურველი სურნელები... შემდეგ მონუსხული ჯდები და საერთოდ ივიწყებ იმას, რომ ეკა ქევანიშვილის პოეტიკაში არაფერი არ განვითარებულა და, ალბათ, ძალიან კარგი, თუ არ განვითარებულა, სხვანაირად ჩვენ, ალბათ, ამ სუნებს დავკარგავდით. და ეკა ინარჩუნებს ამ ენას, ამ სუფთა ენას, რომელიც ყოველთვის არის ყველაზე გულთან ახლოს მისატანი.
არის ხშირად ისეთი შემთხვევებიც, როცა ეკას უნდა, რომ წეროს გლახა სუნებზე, წეროს ტრაგედიებზე და ყოველთვის მახსენდება ლექსი ბესლანის ტრაგედიაზე, იმიტომ რომ ეს ავტორმაც თავად ძალიან განიცადა და ტექსტიც ძალიან დატვირთულია ემოციებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლექსი ძალიან ბავშვობიდან, ძალიან შორიდან წამოსულ სასიამოვნო სუნებზეა... კარგია, რომ სუნებზე დავიწყეთ ლაპარაკი. ეკა ქევანიშვილის პოეზია ყნოსვით უნდა შეიგრძნოს ადამიანმა".
ლექსში "გაჩერება. ზაფხული", პოეტი ხრიოკ მიკრორაიონებს შორის შემთხვევით შემორჩენილ აყვავებულ ხესთან ჩერდება და თეთრ ყვავილებს ცხვირს ადებს. შვილი მას ამ "უეცარ ურბანულ რომანტიკას" ვერ უგებს. არადა, ეს ყველაფერი ხომ სწორედ ისაა, რაზეც ახლა ილაპარაკა შალვა ბაკურაძემ. ეკა ქევანიშვილის ლექსებიდან პასტორალური ფერები და არომატები სულ მოდიოდა, ბოლო წიგნში კი მეტი სიმძაფრე და სევდა სდევს ამ განწყობებს თან. ეს სევდა ძირითადად ორ ადამიანს შემოაქვს - დედას და მამას, რომლებიც უკვე მოხუცდნენ, ჯანი აღარ მოსდევთ, მაგრამ მიწის ერთგულები არიან ჯიუტად, ბოლომდე. ერთგულები არიან ცხოვრების ძველი, ჯანსაღი წესის... რეალურად, თუკი ევაკუაციაზე ვილაპარაკებთ, პოეტი ამ წიგნში მხოლოდ ერთი ტიპის ევაკუაციას ახორციელებს: აფეთქებების, უსამართლობების, სიყალბეების ეპიცენტრიდან დროდადრო თავისი მოხუცი მშობლების სამყაროში, თავის ბავშვობის მოგონებებში გარბის, იქ სულს ითქვამს და მერე ისევ უკან ბრუნდება, რათა ამ სიმახინჯეებთან განწირული ბრძოლა კვლავ გააგრძელოს. ზოგან პასტორალური სამყარო ცალკე არსებობს, თითქოს არანაირ შეხებაში არაა დღევანდელობასთან, მაგრამ უფრო ხშირად ეს ორი სამყარო ერთმანეთში იჭრება, პასტორალი თუ პირადი ინტიმური სივრცე სისასტიკესა და აგრესიაში ილუფხება. და, ცხადია, არის მესამე ტიპის ლექსებიც, სადაც პოეტი პოლიტიკური თუ სოციალური დანაშაულებების ველს იკვლევს. მხატვრული შთამბეჭდაობის თვალსაზრისით, ზოგიერთი ლექსი განსაკუთრებით გამოირჩევა: "მეშახტის ცოლის სიმღერა", "ღორის თავის საჩივარი", "ცივად და საქმიანად. უსისხლოდ"... ეს ლექსები სახეებით, ცვალებადი ინტონაციებით, ზუსტად დაჭერილი ენით ძლიერ ეფექტს ახდენენ. არის ძალიან მტკივნეულ თემატიკაზე დაწერილი ისეთი ლექსებიც, ეს მხატვრული ატრიბუტიკა რომ აკლია, ჩემი აზრით, მეტისმეტი პირდაპირობითაა დაწერილი. ანუ ცხელ გულზე თითქოს ავტორმა ზედმეტად ჩათვალა მეტაფორულ გაფორმებაზე და ტექსტის პოეტურად "გაკეთილშობილებაზე" ეზრუნა. შესაძლოა, ეს მისი პოზიციაცაა - თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჯობს მკითხველს სათქმელი შიშვლად, შუბლში აჯახოს. თუმცა ამ დროს, ჩემი აზრით, უკვე აღარ რჩება პოეტური იდუმალება, მიზანმიმართულად სადღაც გაწყვეტილი, ბოლომდე არგაშიფრული სათქმელი, რომელსაც მკითხველმა თავად უნდა მისცეს დასრულებული სახე. ამის შესახებ ვკითხე შალვა ბაკურაძესაც.
შალვა ბაკურაძე: იდუმალების ადგილს არ გიტოვებს, ფაქტობრივად, ეკა. ეკა შენთან ერთად ხსნის ამ საიდუმლოს, უფრო სწორად, შენ თვითონ ხარ ამ საიდუმლოს ამხსნელი ტექსტის კითხვის დროს და შენ ხარ აღმომჩენი, და ეს აღმოჩენა განიჭებს ბედნიერებას... ეკამ აღზარდა მთელი თაობა არა მარტო პოეტების, არამედ ადამიანების. ასწავლის, ცხოვრებას ასწავლის, როგორ უნდა დააღწიოს თანამედროვე ქალმა ან, თუნდაც, კაცმა, რომელსაც აქვს თავისუფლების დიდი სურვილი გულში, ამ ცხოვრების ორღობეებს და როგორ გრძნობებს და ფიქრებს უნდა მოუხმოს საკუთარ გულში და გონებაში იმისათვის, რომ დაამარცხოს ჩვენი მახინჯი ყოფა.
"ყველა ამბავი იმ დღესვე დაძველდა. / ყველას ყველაფერი დაავიწყდა" - წერს ეკა ქევანიშვილი ლექსში "პროფესიის გამო. და ცოტა მსოფლიო სევდებიც". ბევრი ის ამბავი, რამაც ეკას ამ კრებულის ლექსები დააწერინა, შეიძლება გარეგნულად მართლა დაძველდა, მაგრამ იმ ამბებიდან წამოსული სატკივარი არანაირად არ დაძველებულა, სამწუხაროდ, არც მალე დაძველდება და ამიტომ ეს ლექსებიც მხოლოდ და მხოლოდ იმ კარგი ღვინოსავით თუ დაძველდება, რომელსაც მოხუცი მამამისი ჯიუტად აყენებს ხოლმე თავის სოფელში და რომლის სუნიც აგრესიის სუნებთან ერთად მოდის ამ წიგნიდან და მათ განეიტრალებას ცდილობს.