Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა თოფურია მეექვსე ფანჯრის ძიებაში


რაც რადიო თავისუფლებაში რუბრიკა "ბიბლიოთეკა" მიმყავს, თეა თოფურიას ორ წიგნზე ვისაუბრე, ორივე ზღაპრების წიგნი იყო. ახლა პროზაული კრებულის დრო დადგა. პოეზიის განხილვა ჯერაც წინაა. აი, ასეა: ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში თეა თოფურია ნამდვილი იოჰან კრუიფია, ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს, შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით იდგეს, როცა საჭიროა, ამ პოზიციებს ცვლიდეს, მერე ისევ ძველ პოზიციას უბრუნდებოდეს... წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" იოჰან კრუიფის "ორი ოთახი კაიროში" დაბეჭდა, რომელშიც 12 მოთხრობაა შესული (თუმცა ანოტაციაში 10 წერია, არასწორად დათვალეს "ცხვრები", ან შეიძლება ისე მოხდა, რომ კრუიფმა ბოლო მომენტში დაამატა წიგნს ორი "ცხვარი" და ანოტაციაში ძველი რაოდენობა დარჩა). ისე, "ცხვრები" ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოთხრობაა ამ კრებულში. ამაზე ცოტა ქვემოთ პოეტი ალეკო ცქიტიშვილი ილაპარაკებს. ალეკო ის ადამიანია, რომელმაც მე კაი ხნის წინ, როცა "ალტერნატივას" მთავარი რედაქტორი ვიყავი, მისი ლექსები მომიტანა თავისი პატარა წინათქმით და მომავალი კრუიფის ლიტერატურული დებიუტიც მაშინ შედგა. ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ წიგნზე კომენტარის გაკეთებაც მას ვთხოვე. მოვუსმინოთ ალეკო ცქიტიშვილს.

ალეკო ცქიტიშვილი: „დავიწყოთ იმით, საიდანაც დაიწყო თვითონ თეა თოფურიამ, ეს იყო, დაახლოებით, 15 წლის წინ, როდესაც მე წავიკითხე მისი პირველი ლექსები. ერთი შეხედვით, მარტივი ლექსები იყო. ფორმამ მიიქცია ყურადღება, რომ ჰგავდა ერთგვარად ხალხური პოეზიის ნიმუშებს, მაგრამ სრულიად ორიგინალური, ავტორისეული მეტაფორები, შედარებები, მხატვრული სახეები ხაზს უსვამდა, რომ ეს იყო სწორედ საავტორო პოეზია. მაშინ ვწერდი კიდეც, რომ ამ ლექსებს ჰქონდა იმპულსები ქართული ზღაპრებიდან, მითოსიდან, ქართული ზეპირსიტყვიერებიდან. შემდეგში თვისება ამ, ერთი შეხედვით, მარტივი ლექსების განივრცო თეა თოფურიას მთელ შემოქმედებაზე. ჯერ ერთი, მან თვითონ დაიწყო ზღაპრების წერა. აქაც ორი ნაკადი არის მის საბავშვო ნაწარმოებებში. ერთია, რაც ეფუძნება ქართულ ხალხურ ზღაპრებს თუ მითოსს და მეორე მიმართულება არის სრულიად ინტერნაციონალური, დაახლოებით ისეთი ტიპის, რაც ზოგადად ევროპული საბავშვო პროზისთვის არის დამახასიათებელი. და ეს მრავალპლანიანობა ზოგადად ახასიათებს თეას შემოქმედებას. ამ კრებულში, შეიძლება შევაჯამოთ ერთგვარად, რომ ეს მიმართება ქართულ მითოსთან უფრო დახვეწილად არის გამოხატული. შეიძლება ვახსენოთ ფენტეზიც, თუმცა, ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ, ფაქტობრივად, ეს არის ქართული მაგიური რეალიზმი.

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში მაინცდამაინც ქართული მაგიური რეალიზმი, როგორც ასეთი, არ არის. გამონაკლისი ავტორი შეიძლება გოდერძი ჩოხელი დავასახელოთ, რომელიც ანალოგიურად იყენებს ამ ესთეტიკურ ტექნიკას, როცა მაგიური, გამოგონილი ელემენტები ერევა რეალურ სამყაროს. ასეთსავე შერწყმას ვხედავთ ჩვენ თეა თოფურიას მოთხრობებში. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ "ცხვრები", როდესაც ცხვრები ფერს იცვლიან და ეს ხდება იმიტომ, რომ მეცხვარეს სადღაც შორს დატოვებული ცოლი ღალატობს და ზუსტად იმ მომენტებში ეს ცხვრები შავდებიან. არათუ შავდებიან, სისხლიც ეწამლებათ იმგვარად, რომ შემდეგ, როდესაც მეცხვარე დატოვებს ამ მგლებს და მათ მგლები შეჭამენ, მგლებიც იხოცებიან. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს მაგიურ რეალიზმთან საქმე, თუმცა არის კიდევ სხვა შრე, დაფუძნებული მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოცდილებაზე, როდესაც პერსონაჟი ჟურნალისტურ დავალებას ასრულებს. ეს არის მოთხრობა გაუჩინარებულებზე ("Disapperance") და ასევე მოთხრობა "ოთახი", სადაც ჩანს ჟურნალისტი, როგორც პერსონაჟი, მაგრამ იქ არ არის ასეთი ფანტასტიკური ელემენტები წინა პლანზე, როგორც, ვთქვათ, "იაკობის ჭაში", სადაც არის ისეთი გარემო, რომელიც შეიძლება ფენტეზიში შეგხვდეს, მაგრამ აქ უფრო სიღრმისეული პლასტებია, ფსიქოლოგიური იმპულსებია დაჭერილი ისეთი, რომ დიდ ლიტერატურულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ანუ ფენტეზით ვერ შემოვფარგლავთ“.

მე კი დავამატებდი, რომ თეა თოფურია კონცეპტუალისტი მწერალია. ის ხშირად თავის მოდელებს ქმნის და ამ მოდელებში აცხოვრებს, ამოქმედებს, აფიქრებს ადამიანებს. ავიღოთ "ორი ოთახი კაიროში". აი, ამ მოთხრობის მოდელი: "როდესაც ფიქრობ, თუ რას ჰგავს სამყარო, მიდიხარ დასკვნამდე, რომ სამყარო ყველაზე მეტად მიტოვებულ კაიროს ჰგავს. ანუ წარმოიდგინეთ ეს ჩვიდმეტმილიონიანი ქალაქი თავისი სახლებით, ინფრასტრუქტურით, მოედნებით, მაგრამ ამ ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ მთელ კაიროში მხოლოდ ათი კაცი ცხოვრობს და ყველა ერთ-ერთი კორპუსის ოროთახიან ბინაში, სხვაგან კი სიცარიელეა". მოთხრობა ამ ათ კაცზე გვიყვება, რომლებიც 5 წყვილად არიან დაყოფილნი, თავიანთი ფუნქციები აქვთ მინიჭებული და ორ ოთახში შეკეტილები ამ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ. მთავარ გმირს ერთ ბიჭთან, რიკისთან ერთად ყველაზე "ელიტარული" დავალება აქვს მიცემული: იფიქროს ფანჯარაზე. ბინაში ხუთი ფანჯარაა და მათ უნდა გაარკვიონ, არსებობს თუ არა მეექვსე ფანჯარა და, თუ არსებობს, - სად. ამ მეექვსე ფანჯარაზე ფიქრი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა რიკისთან საინტერესო კონცეფციების რიგს ბადებს. მოთხრობას პარალელური ხაზიც აქვს - რეალისტური, სადაც ჟურნალისტი თეა საბერძნეთში მიემგზავრება ჟურნალისტურ სემინარზე. ამ რეალურ სივრცეშიც ჩნდება მოდელები. აი, მაგალითად: სასტუმროში, სადაც თეა ცხოვრობს, დენის ჩამრთველს რაღაც პრობლემები აქვს და ამიტომ დენი სააბაზანოში 8 წუთის შემდეგ ინთება. ეს კი ზუსტად ის დროა, რა დროც სინათლის სხივს სჭირდება მთვარემდე მისაღწევად. ამიტომ, როდესაც თეა სააბაზანოში შხაპის მისაღებად შედის, თავი მთვარეზე ჰგონია. ერთი მოთხრობიდან მოყვანილი ეს ნიმუშები, ვფიქრობ, ასე თუ ისე თვალსაჩინოს ხდის ავტორის აზროვნების წყობას, მის უნარს, შექმნას სქემები და, ამავე დროს, ეს სქემები იყოს არა მშრალი, არამედ შთამბეჭდავი, მძაფრად განცდილი და ამიტომ მკითხველის გონებასა და გულში ღრმად ჩაბეჭდილი.

ახლა მოვუსმინოთ მწერალ ნინო თარხნიშვილს.

ნინო თარხნიშვილი
ნინო თარხნიშვილი

ნინო თარხნიშვილი: "ეს ბოლო პერიოდია, სხვადასხვა მწერალზე, აქაურებსა თუ უცხოელებზე, ზოგჯერ ისეთ შეფასებას ვისმენ, ისეთ ბუმბერაზ კლასიკოსებს ადარებენ მათ, რომ არც მეტი და არც ნაკლები, პიდაპირი მნიშვნელობით, პირი ღია მრჩება. მერე ვიწყებ ამ ავტორების შესწავლას, ქექვას, კირკიტს და აღმოვაჩენ, რომ ჰო, ისინი მართლა საინტერესო ავტორები არიან, სიტყვაც მოსდევთ, წერის ტექნიკაც მოქნილი აქვთ, მოკლედ, როგორც იტყვიან ხოლმე, კალამი უჭრით, მაგრამ იქვე ერთი შეგრძნება მიჩნდება: რაღაცნაირად ყველასნაირია - ყველა რომ დაწერს, ისეთი. აი, თეა თოფურია ისეთია, ეს შეგრძნება ვერაფრით რომ ვერ გაგიჩნდება. მისი მისტიკა, მისი სევდიანი იუმორი, მისი მკვდრები თუ ცოცხლები ისე თანაარსებობენ ერთ სივრცეში, რომ ვეღარც იმას ხვდები, ვინ მკვდარია და ვინ ცოცხალი და ვეღარც იმას, ეს პერსონაჟები სახლობენ მისტიკაში თუ იქნებ სულაც შენ ხარ მისტიკა და ისინი რეალურები - ისინი, რომლებიც დაცლილ სოფელში მარტო კვდებიან; ისინი, რომლებიც სიბერეს ეძებენ; ისინი, რომლებსაც მკვდარი ქმრები ჩემოდნებს ულაგებენ; ისინი, რომლებსაც მეზობლები მკვდრებს უტოვებენ; ისინი, რომლებიც მკვდარი ბაბუის გამოკეტილ ოთახში ოქროს ეძებენ; ისინი, რომლებიც კაიროში ორ ოთახში ცხოვრობენ და ა.შ.
ამ 164-გვერდიან კრებულში თეა ახერხებს ისე გამოგზაუროს მთელ გალაქტიკაში, -მთვარიდან დაწყებული, ჯოჯოხეთის ერთი პატარა ქუჩით დამთავრებული, - რომ არც კი დაიღალო, თვალიც არ დაახამხამო, ჰა, ჰა, იმიტომ დაახამხამო, რომ წამწამზე ჩამოკიდებული ცრემლი ჩამოაგდო.
თეა კოსმოპილიტი მწერალია, რომლის პროზა ისევეა ჩვენი, როგორც ვინმე პოლონელის, ფრანგის, ინგლისელის, ამერიკელის, ახალზელანდიელის თუ სკანდინავიელის.
ჰოდა, მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ავტორები უნდა ვთარგმნოთ, რომ ჩვენს გარდა, სხვებმაც გაიცნონ თეას ცოცხლები და მკვდრები“…

კიდევ ბევრის თქმა მინდოდა თეა თოფურიას ამ წიგნზე, მაგრამ დრო და ადგილი აღარ მრჩება. ამიტომ დაგემშვიდობებით და ამჯერად მის პოეზიის კრებულს დაველოდები.

XS
SM
MD
LG