Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა რეჟიმი, 18 მწერლის თვალით


ყოველი ახალი რაკურსი შესაძლებლობას იძლევა შენი ლიტერატურის ხაზი, მისი ისტორია ახლებურად დაინახო. და პირიქით: თუ ლიტერატურის კონკრეტული ხაზი ვიღაცამ კარგად გამოკვეთა, ეს ამ რაკურსს სხვა ელფერს, სიღრმეს ანიჭებს. დღეს კრიტიკოს თამაზ ვასაძის მიერ შედგენილ წიგნზე მინდა გესაუბროთ. "ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია" ჰქვია ამ თავისებურ ანთოლოგიას, ხოლო მისი ქვესათაური თუ მეორე სათაურია "მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე". იგი შარშან დაბეჭდა გამომცემლობა "ინტელექტმა" და მასში 18 მწერლის მოთხრობაა შესული. თამაზ ვასაძემ ანთოლოგია 5 ნაწილად დაყო. ეს ნაწილებია: საბჭოეთის გამოჩენა, სალტეების შემოჭერა, ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრება, "უძრაობიდან" ფინალისკენ და დანატოვარი. ანუ შემდგენელი შეეცადა ტექსტები ისე შეერჩია, რომ საბჭოური ცხოვრების ყველა ეტაპი არეკლილიყო. "ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია" კი რეზო ჭეიშვილის ის მოთხრობაა, რომელიც შემდგენელმა წიგნის სახელწოდებად გამოიტანა. თამაზ ვასაძე დღეს ჩვენი სტუმარია. მოვუსმინოთ.

თამაზ ვასაძე: ეს საბჭოთა ისტორია ერთნაირი კი იყო ბევრი რამით, მაგრამ ეტაპების მომცველია, თავისებურად ევოლუციას განიცდიდა და დავინახე, რომ ძალიან საჭირო იყო ეს ეტაპებიც გამოჩენილიყო, ამ საშინელების რაღაც გრადაცია, აღმასვლა-დაღმასვლა. ეს არ არის დისიდენტური ლიტერატურა. ყველაფერი თავის დროზე გამოქვეყნებულია. მანდ დისიდენტური შეიძლება უწოდო შოთა ჩანტლაძის პატარა მოთხრობას და გურამ რჩეულიშვილის პატარა მოთხრობას. დანარჩენი უკვე, ბოლო პერიოდი ხომ რაღაც ლიბერალიზმი იყო, - ამ სფეროში იყო, ყოველ შემთხვევაში, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, -იგივე, ვთქვათ, ვოვა სიხარულიძის "მეათე მოწმე". სხვათა შორის, გიორგი ლეონიძემაც ხომ გვიან გამოაქვეყნა და სწორედ მაგ პერიოდში, 60-იან წლებში. სხვა დროს ვერ დაიბეჭდებოდა. ის არის ძალიან მძაფრი მოთხრობა, "სამთო საბალახე" ჰქვია. არისტოკრატი კაცი, უბრალოდ, უნდა მოკვდეს იმის გამო, რომ არისტოკრატები იყვნენ მისი წინაპრები. თვითონ არაფერი დაუშავებია, არც წინაპრებს არაფერი დაუშავებიათ, კაცმა რომ თქვას, - რაღაც სისტემა იყო, აღარ არის. ამ კაცის ტრაგედიაც ის არის, რომ რატომ უნდა აგოს მან პასუხი სხვების მაგივრად. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ თავის თავში ეძებს დანაშაულს. იქნებ იპოვოს და ეს თავისი ტრაგედია როგორღაც გამართლებული გახადოს. აზრიანს ხომ უფრო ეგუება ადამიანი და იტანს.

კრებული ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბათი" იწყება. შეიძლება ითქვას, რომ ადრეული პერიოდის მოთხრობები გაცილებით მძაფრი და სულისშემძვრელია. და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ მოთხრობებს რეჟიმის სასტიკ კლანჭებში მოქცეული მწერლები წერდნენ. ნიკოლო მიწიშვილის "თებერვალის" ფრაგმენტი ბათუმში საბჭოთა ხელისუფლების შესვლის პირველ დღეს აღწერს და რიგითი ადამიანების ფსიქიკას გვაჩვენებს: თუ როგორ გროვდება ხელად რევკომის შენობასთან თითქმის მთელი ქალაქი და რას ფიქრობენ ისინი, როგორ ცდილობენ რამენაირად ახალი მმართველების გული მოიგონ, რათა გადარჩნენ. "ფიქრობდა მოქალაქე, რომ არ სჭირდეს (მთავრობას) დახვრეტა ამდენი ხალხის, მაგრამ ჯერჯერობით არ იცოდა მოქალაქემ - რა სჭირდება მთავრობას და ეშინოდა ამიტომ. თუმცა ამხნევებდა მოქალაქეს ის იმედი, რომ სრულის ერთგულებით მოვიდა რევკომთან, გულწრფელის თანაგრძნობით და ერთგულებით. (ღმერთია მოწამე - გულწრფელის ერთგულებით. ყველა)". მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან თამაზ ვასაძემ "დამპატიჟე" აარჩია, მოთხრობა, რომელიც "განკულაკების" პროცესს აღწერს და აჩვენებს, თუ რა ცუდად უტრიალდება ბედი იმას, ვინც ამ პროცესისგან თავდაპირველად ხეირს იღებს. გვიანდელი დაწერილია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და შემზარავი მოთხრობაა ოთარ ჩხეიძის "პაგანინის თითები", რომელიც ასევე საბჭოთა რეჟიმის შემოსვლის პირველ წლებს ასახავს.

მოვუსმინოთ კვლავ თამაზ ვასაძეს.

თამაზ ვასაძე
თამაზ ვასაძე

თამაზ ვასაძე: ზოგი რამ უკვე „პერესტროიკის“ დროსაა დაწერილი. აი, ჯემალ ქარჩხაძის "ბიძაჩემი იონა". ამ მოთხრობაში ძალიან მაგარია, რომ არ უნდა იყო ავანტიურისტი, სისტემა ისეთი ავანტიურისტია, რომ ყოველთვის მოგატყუებს მაინც. ანუ ვერ აჯობებ შენ მას თაღლითობაში და ტყუილში. 60-იან წლებშია დაწერილი "ბარკლაი დე ტოლის სიზმრები" ნოდარ წულეისკირის. ძალიან ფაქიზი მოთხრობაა, ტრაგიკომიკულია და შეგნებულადაც დაყრუებულია იქ რაღაცები, მაგრამ მაინც ჩანს ყველაფერი. საბჭოთა ჰეროიზმიდან რა დარჩა? ტარანისთვის ბრძოლა. გმირული წარსულიდან - ომის ვეტერანია კაცი და ტარანისთვის იბრძვის ახლა გმირულად. ჰეროიკული ძალისხმევით მოიპოვებენ ტარანს და, ბოლოს, ტარანთან ბრძოლაში იღუპება სიზმარში. ის ტარანიც რაღაც სიმბოლოა უკვე, დეგრადირებული სინამდვილის, მატერიალისტურის. მთავარია ის, რაც იჭმევა. რეზო ჭეიშვილის მოთხრობაა. მაგალითად, ხშირად ტრაგიკომიკურია, შეიძლება ჩვენი ნაციონალური მსოფლაღქმის თვისებაც არის, რომ იუმორით უნდა შევხედოთ რაღაცებს, თუნდაც იმ საშინელი, შავი იუმორით, რომელიც არის ჭეიშვილთან... ოთარ ჩხეიძესთანაც არის... დუმბაძესთან, მაგალითად, ჩანს ის, რომ ეს რეჟიმი დისიდენტებს კი არ ერჩოდა, ადამიანს ერჩოდა, იმიტომ რომ ამ მოთხრობის გმირები აბსოლუტურად არ არიან საშიშები რეჟიმისთვის. უბრალოდ, წესიერი, კარგი ხალხია. იმათაც ერჩის, იმიტომ რომ ირაციონალური უნდა ყოფილიყო. ახლა შენ თუ გამოიცანი იქ ლოგიკა, რომ იმას ერჩის, ამას არ ერჩის და მე გადავრჩები, თუ ამ სქემაში ჩავჯექი, გიშველია თავისთვის და ეგ არის. ეგ არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, ყველას უნდა შინებოდა.

ერთ-ერთი მთავარი განცდა, რაც წიგნის კითხვის დროს არ გშორდება, არის ის საოცრად მდიდარი ქართული ენა, რა ენითაც აღწერენ სხვადასხვა ავტორები საბჭოთა საქართველოს ცხოვრებას. სტილი, ლექსიკა, სახეობრივი აზროვნება მოთხრობიდან მოთხრობისკენ კარდინალურად იცვლება და ეფექტი საოცრად ძლიერია. წაკითხული მოთხრობების თავიდან გადაკითხვაც კი გინდება, რათა ჟღერადობათა ამ მრავალფეროვნებაში თითოეული ავტორის თუ ტექსტის უნიკალურობა თავიდან დაიჭირო. ამ წიგნის კითხვა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის გაღარიბებაზე, სიმწირეზეც გაფიქრებს. გაფიქრებს იმაზე, რომ აუცილებელია მწერალი საკუთარ უახლოეს კლასიკას განუწყვეტლივ უბრუნდებოდეს და უტრიალებდეს. თუმცა სიტყვა "კლასიკა" საკმაოდ პირობითი რამაა. არც ისე დიდი ხნის წინ კლასიკა არ იყო შოთა ჩანტლაძე, არც ჯემალ ქარჩხაძე... დღემდე ცოტამ იცის ვლადიმერ სიხარულიძის შედევრი "მეათე მოწმე". პრინციპში, ეს მოთხრობა პირდაპირ საბჭოთა საქართველოზე არც ლაპარაკობს, მაგრამ ის, რასაც იგავის ფორმით ამბობს, გაცილებით ბევრის მთქმელია, ვიდრე სწორხაზოვნად საბჭოთა ყოფის თუნდაც კრიტიკულად აღწერის უთვალავი მცდელობა. ფორმების და თემების ამ მონაცვლეობაზე, მრავალფეროვნებაზე ყურადღება გაამახვილა თამაზ ვასაძემაც.

თამაზ ვასაძე: დიალოგია, პოლიფონიაა. ამ პოლიფონიაში, როგორ ვთქვი, რაღაც საშინელი სიმფონია იქმნება, იმიტომ რომ ყველა მოთხრობა, პრინციპში, ტრაგიკულია და განსხვავებულია ყველგან რაკურსი. აი, "დამპატიჟე". რა უყვეს გლეხს. როცა დაპირდნენ მიწას, ათას რამეს, სინამდვილეში აღადგინეს ბატონყმობა. გამსახურდიასთან - რელიგია. როგორ ებრძოდნენ რელიგიას. ჩანს, რა ბედი ეწია ინტელიგენციას, არისტოკრატიას. ინტერნაციონალური თემის ელემენტიც შემოვიდა. რჩეულიშვილის მოთხრობაში აფხაზების ბედზეა, რომელიც დღეს უფრო აქტუალურია. ხედავს, რომ ეს ქვეყანა, მისი მხარე, მთელი საქართველო არის რუსის ხელში. პრიმიტიული კაცია, ინტუიტიურად გრძნობს, ინსტინქტით გრძნობს, შესანიშნავად არის გამოხატული ამ კაცში ეს ინსტინქტური პროტესტი. აი, მაგალითად, შოთა ჩანტლაძის პატარა მოთხრობა ეხება 1956 წლის 9 მარტის ამბებს, რომელიც იყო ორმაგად ტრაგიკული, იმიტომ რომ ხალხი დაიხოცა ამდენი და, ამავე დროს, იყო ტრაგიკული შეცდომის შედეგი: დაბნევის, მზერის დაბინდვის...

დაბოლოს, დამაკლდა ვითომ რამე? არის მოთხრობა, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო და შემდგენელს გამორჩა? კონკრეტულად ასე არაფერი მახსენდება, თუმცა ნაკლოვანების გრძნობა ბოლო ნაწილთან მიმართებაში მაინც გამიჩნდა: "დანატოვარში", რომელიც საბჭოთა სისტემის ნანგრევებს უნდა ასახავდეს, ორი მოთხრობაა: ირაკლი ქასრაშვილის და ნუგზარ შატაიძის. ვფიქრობ, უკეთ და ცოტა უფრო მრავალფეროვნად შეიძლებოდა აქ მასალის შერჩევა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG