ამ წიგნში, რომელსაც ქართული პასპორტის იერსახე აქვს მიცემული, ერთადერთი ვიზაა ჩაკრული: გერმანიის საკონსულოში აღებული. თუ კარგად ჩაფურცლავთ, შეიძლება რაღაც შტამპებიც აღმოაჩინოთ: ტრანზიტის დროს რომ ჩაგირტყამენ სხვადასხვა ქალაქებში, ვთქვათ, პრაღაში, მაგრამ ეგ მეათეხარისხოვანია. მთავარია, რომ ესაა ქართული პასპორტი, რომელშიც მწერალ ზაზა ბურჭულაძეს მრავალწლიანი ვიზა ჩაურტყეს გერმანელებმა და ისიც წავიდა და თავისთვის ბერლინში ცხოვრობს, თავისი ოჯახური ცხოვრებით, ფიქრებით, შერყეული ჯანმრთელობით... "ტურისტის საუზმე", 2015 წელს გამოცემული "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ, დოკუმენტური, ავტობიოგრაფიული პროზის ათვისების ნიმუშია, თუმცა კი, როგორც კარგ შემთხვევებში ამ დროს ხდება ხოლმე, სიმართლის დიდ დოზას როდის შეუშხაპუნებს ხოლმე ავტორი თავის ფანტაზიას წამალივით, ეს ბოლომდე ცხადი არასდროსაა, ან ამის ამოცნობა მხოლოდ მკითხველის ალღოზეა დამოკიდებული. პრინციპში, ზაზა ბურჭულაძე თავის ბოლო ტექსტში მსგავს ამოცანებს არც აყენებს მკითხველის წინაშე. პირიქით, ეუბნება მას, მოეშვი და გამომყევი, გემო გაუსინჯე იმ მსუბუქ საუზმეს, რომელსაც გთავაზობო. თუ რა პროდუქტისგანაა ეს საუზმე მომზადებული და მერე შეკმაზული, ამაში გასარკვევად დახმარება კი მწერალ ლაშა ბუღაძეს ვთხოვე.
ლაშა ბუღაძე: "რაღაცნაირად სხვანაირი ზაზაა. მართალია, ჩვენ ვიცნობთ მის სტილს, მის საავტორო პოზიციას, გვესმის ზაზას ხმა, ჯერ ერთი აქვს მართლაც საოცარი ენა, პოეტიკა, სიცხადე აზრის და იქ არის, მაგალითად, ეპიზოდები, რომელიც ზღვარზეა კულტუროლოგიურ ცნობიერების ნაკადთან, როდესაც ის საუბრობს თბილისზე და, პრინციპში, ამ წიგნში ძალიან ბევრია ისეთი რამ, რაც მიგვანიშნებს ზაზას იმ პერიოდის ცხოვრებაზე, როდესაც ის თბილისში ცხოვრობდა და საქართველოში და, საერთოდ, ნოსტალგიური წიგნია, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ. უეცრად იჭრება ამ თხრობაში სიმღერების ტექსტები, რომლებიც დაკავშირებულია თბილისთან ან საქართველოსთან და ეს იმდენად არის გადაჯაჭვული ძალიან სასაცილოდ და ძალიან სევდიანად, ამავდროულად, და თან რაღაცნაირი სიცხიანის ბოდვაც არის, იმიტომ რომ თვითონ ავტორი მკურნალობს თხრობის პერიოდში, ინტერფერონს და მსგავს წამლებს იღებს და როცა მაღალი სიცხე უწევს, ამ მაღალ სიცხეს მოჰყვება ძალიან უცნაური, ნოსტალგიური და, პრინციპში, ეგზისტენციური ბოდვები. ოღონდ ეს ბოდვები რაციონალურია, ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ უეცრად სრულიად ბერლინურ ნარატივში იჭრება რაღაც სიმღერა, რომელიც ჩვენი ბავშვობიდან არის ამომხტარი - მულტფილმის სიმღერა, ანსამბლ "მზიურის" შემოქმედებიდან რაღაცა და სხვა და სხვა“.
ესაა სურათ-ხატების, დეტალების წიგნი. და ასევე - პერსონების. ზაზა ბურჭულაძე ხატავს გარემოს, ნივთებს, ადამიანებს ხან კეთილი იუმორით, ხან სარკაზმით, მაგრამ, რაც მთავარია, მუდამაა მოულოდნელობის ეფექტი, მეტაფორის ძალა სულ იგრძნობა. ის ხომ მაშინაა ძლიერი, როცა თითქოსდა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ორ მოვლენას საერთო მნიშვნელს უძებნის ავტორი, როცა, მაგალითად, შეუძლია თქვას, ხაჭაპურიდან ცხელი ყველი ისე გამოჟონავს, როგორც მუწუკიდან ჩირქიო, და ასეთ ფრაზაზე მავანი, პრინციპში, ისევე უკიდურესად აღშფოთდება, როგორც მის ადრინდელ ტექსტებზე, როცა ზაზა რაღაც ტაბუებს არღვევდა და რაღაც გაუგონარი დასცდებოდა ხოლმე. არადა, სულ ასეთი სახეებითაა გაჯერებული ტექსტი, სულ ასეთი „მაზალო დაკვირვებებია“. და ესაა ამ წიგნის ესთეტიკის განმსაზღვრელი. რაც აღნიშნა ლაშა ბუღაძემაც.
ლაშა ბუღაძე: „აი, რომ გგონია, რომ აქ არაფერი არ ხდება, საერთოდ, ზაზამ რაღაც დაინახა. დაინახა, რასაკვირველია, ისე, როგორც ზაზამ შეიძლება დაინახოს და არავინ სხვამ. არც ვიცი, რომელი ეპიზოდი გავიხსენო, იმიტომ რომ, პრინციპში, ეს არის დღიური. დღიური არის კონცეპტუალური თვალსაზრისითაც: ეს არის წიგნაკი, ბლოკნოტი და ეს არის ჩანაწერები. ამიტომ თითქოსდა სპონტანურად ახსენდება მას რაღაც ამბები, მაგრამ ექვემდებარება ეს ტექსტი გარკვეულ სისტემას. სისტემა კი გულისხმობს ბერლინურ ჩაკეტილობას. ისე ჩანს, რომ ზაზამ რაღაცნაირად მიუსაჯა საკუთარ თავს ბერლინში ყოფნა. ესეც მისი პოეტიკის შემადგენელი ნაწილია: ბერლინური ქუჩების სახელები, ბერლინური პარკები, ეს ესთეტიკა ბერლინის, მაგრამ ამ ბერლინში ის მაინც რაღაცნაირად კლაუსტროფობიურ სივრცეშია, კამერულია მისი სივრცე“...
და ეს კამერულობა მას სჭირდება იმისათვის, რომ სრულიად არაკამერულ, კოლექტიური ზრახვებითა და ვნებებით აღჭურვილ საქართველოს ახალი თვალით დააკვირდეს. გული ისევ ისე ქართულად უძგერდეს, მაგრამ თვალი უკვე სხვანაირი ჰქონდეს. მისი ქვეყანა რამდენიმე რაკურსიდან ჩანს. ხან საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიული მოვლენების საკუთარ ქრონიკას გვთავაზობს, ხან ისეთ ფენომენებს აკვირდება, როგორიცაა, ვთქვათ, ქართული პანაშვიდი და გასვენება, ხან საკუთარ თავგადასავლებს ჰყვება, ხან კი კონკრეტული ადამიანების თითქოსდა დაუდევრად, ერთი ხელის მოსმით მოხაზულ პორტრეტებს გვთავაზობს. არაქართველი რეალური პერსონაჟებიც ჩნდებიან, თუმცა მხოლოდ ჩნდებიან, რათა ავტორს რაღაც ასოციაცია გაუჩინონ და მაშინვე ქრებიან. მაგალითად, ზაზა წერს, რომ გიჟური ყავის სმა ჰქონდა რუს მწერალ სოროკინთან და ეს ერთ საბჭოთა ტიპიურ სასადილოს ახსენებს და რამდენიმე გვერდის განმავლობაში მის დეტალურ აღწერას გვთავაზობს, ბოლოს კი ამოიხვნეშებს, ამასობაში სულ გადამავიწყდა სოროკინიო, ან იხსენებს, ფრანკფურტის ბაზრობაზე რომელიღაც ფოტოგრაფმა უკრაინელ მწერალ ანდრუხოვიჩთან როგორ დააყენა ფოტოს გადასაღებად და მისგან უცებ სოფელში მცხოვრები ქეთო ბებოს სუნი მიუვიდა. და ისიც ამ სუნს გაჰყვება და ქეთო ბებოს იხსენებს და იხსენებს, სანამ ფოტოგრაფი „საკმარისია!“-ს არ დაიძახებს. ასეთი მონტაჟური ეფექტები წიგნს დინამიკურს ხდის. თუმცა ერთიცაა, მე მომეჩვენა, რომ უკეთესი იქნებოდა, იგივე მეთოდი გამოეყენებინა იქაც, სადაც ქართული ქრონიკების საკუთარ ვერსიებს თხზავს. თუნდაც პატარა, ერთაბზაციანი „ინფორმაციული მასალები“ რაღაცნაირად ზედმეტია და ტექსტი მათი ამოჭრით, ვფიქრობ, მოიგებდა.
მოვუსმინოთ კვლავ ლაშა ბუღაძეს.
ლაშა ბუღაძე: „ჰერმან ჰესეს აქვს ერთ-ერთ მიმოწერაში ნახსენები, რომ, ალბათ, გერმანული რომანტიზმი, - საერთოდ, გერმანული ლიტერატურა - არ შეიქმნებოდა, რომ არ ყოფილიყო გერმანული სეირნობის ტრადიცია: ეკერმანისა და გოეთეს საუბრებში მუდამ ასეა: გოეთეს გავუარე, ჩავსხედით ეტლში, ან ფეხით გავისეირნეთ... და მშვენიერი ამინდი იყო... ყველა სეირნობს. სეირნობს ჰაინე, სეირნობს შილერი, თომას მანი, ყველა, ყველა... აი, ზაზაც სეირნობს. გერმანულ კულტურაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სეირნობების, ამ ბოდიალის დროს მას ახსენდება, საკმაოდ თანმიმდევრულად და ლოგიკურად, ეტაპები თავისი ქართული ბიოგრაფიისა და, ასევე, არა მხოლოდ თავისი, არამედ თაობის, ეპოქის... მას ახსენდება 80-იანი წლები, მას ახსენდება 90-იანი წლები, აი, ასე, ფრაგმენტულად. მას ახსენდება შარშანდელი ამბებიც, მაგალითად, წყალდიდობა თბილისური და სხვა და სხვა.
ერთმა მკითხველმა ისიც კი თქვა, რომ ზოგჯერ მაგონებს სოციალურ ქსელებში დადებულ პოსტებსო. მე ნამდვილად არ მომეჩვენა ასე და, ასეც რომ იყოს, ეს, პირიქით, საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ზღვარს არღვევს ეს წიგნი ლიტერატურულ ჩარჩოსა და ძალიან სოციალურ ტექსტს შორის, სადაც არანაირი გამიჯვნა არ ხდება: რას ჰქვია წიგნისთვის განკუთვნილი ტექსტი და სოციალური სივრცისთვის განკუთვნილი ტექსტი! ასე რომ, ბევრ რამეს გაახსენებს ადამიანებს. ჯერ ერთი, გაახსენებს ზაზას, რომელიც, ნამდვილად ვფიქრობ, რომ მკითხველს მოენატრა, და მე ძალიან მომეწონა, რომ ზაზამ არ დაწერა ხმაურიანი წიგნი ბერლინში გადასვლის შემდეგ - განდევნილი მწერლის რაღაც ტრაგიკული ამბავი. ის მოჰყვა თავის ცხოვრებას: ძალიან ბევრი რამ ჰქონია ამ კამერულ სივრცეში მოსაყოლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს აკვირდება საკუთარ თავში, უპირველეს ყოვლისა. ერთი სიტყვით, მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და მე ვფიქრობ, რომ როგორც ზაზას ყველა წიგნი, ესეც ძალიან განსხვავებულია“.
ზოგჯერ რა საყვარელი ვარო, - აღმოხდება ზაზას ერთგან და მართლაც ასეა: ამ წიგნში ის ძალიან საყვარელია - თავისი გულწრფელობით, თავისი აზროვნების წყობით, თავისი უცებ გაჩენილი იუმორითა და სილაღით და, რა თქმა უნდა, თავისი მწარე კბენებით, ამ იუმორსა თუ სილაღეში რომ გამოსხლტება ხოლმე.