Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუმორჩილებელი უელბეკის "მორჩილება"


არაა ბოლომდე საინტერესო, მორჩილი რომ მორჩილებაზე წერს ან დაუმორჩილებელი -დაუმორჩილებლობაზე. რაც უნდა საინტერესოდ წერდეს, მაინც რაღაც წინასწარგანსაზღვრულობა ძევს ამაში, სწორხაზოვნება. ჯობს, მორჩილი დაუმორჩილებლობაზე წერდეს, დაუმორჩილებელი კი მორჩილებაზე. ლიტერატურის ისტორიამ არცთუ ცოტა შემოგვინახა მორჩილი, საბოლო ჯამში, დაუმორჩილებლობის ეტალონად რომ იქცა. და, ალბათ, პირიქითაც. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ამ სიუჟეტის გმირი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაუმორჩილებელია, რომელმაც შარშან მორჩილებაზე დაწერა წიგნი და ასევე დაარქვა - არც არაფერი შეუნიღბავს და არც ევფემიზმები გამოუყენებია. მიშელ უელბეკის ბოლო რომანი, „მორჩილება“, თავიდანვე ეპიცენტრში მოექცა, და, რაც მთავარია, არა, უბრალოდ, ლიტერატურულში, არამედ ცხოვრებისეულში, პოლიტიკურში... - და ყოველივე ამაში რაღაც ფატალური და მისტიკური იკითხებოდა, ვინაიდან ფრანგმა მწერალმა ამ ტექსტში პოლიტოლოგის, სოციოლოგის, წინასწარმეტყველის, ღვთისმეტყველის, ათეისტის და ა.შ. ჰიპოსტასები ერთმანეთში აზილა, აქედან ახალი სამყაროს მოდელი გამოადნო და წიგნის გამოცემის დღეს „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს დაამთხვია. ანუ, უფრო ზუსტად, არც მან დაამთხვია და, სავარაუდოდ, არც ტერორისტებს დაუმთხვევიათ. უბრალოდ, ეს ორი მოვლენა პარიზის ცენტრში, რაღაც მიღმიერი კანონების შესაბამისად, ერთდროულად მოხდა, რათა ურთიერთდახმარებით საკუთარი აქცენტები გაეორმაგებინათ თუ გაეათმაგებინათ.

2015 წლის 7 იანვარს გამოსული წიგნი 2015-შივე გამოსცა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ეკატერინე სუმბათაშვილის თარგმანით. ოპერატიულობა მისასალმებელია, მით უმეტეს, როცა ისეთ წიგნზეა ლაპარაკი, რომელზეც უკვე ორღობეებშიც ჭორაობენ, მაგრამ ნაჩქარეობის კვალი წიგნს ალაგ-ალაგ ატყვია: სტილის გამართვა, ფრანგული თუ არაბული მასალის უფრო მეტად დაზუსტება და ტექსტის ქსოვილში ორგანულად ჩასმა აშკარად უკეთ შეიძლებოდა.

წიგნზე საუბარი ვთხოვე ახალგაზრდა მწერალ ბექა ყორშიას, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს.

ბექა ყორშია: "უელბეკი არის მიზანთროპი, რომელიც თავის ლიტერატურულ სკალპელს თანამედროვე საფრანგეთის კანქვეშ აცურებს, - ასე ახასიათებს "გარდიანსის" ერთ-ერთი ლიტერატურული კორესპონდენტი მას და, პრინციპში, უელბეკი არ გაურბის მის შესახებ მსგავს შეხედულებას, თუ გავიხსენებთ "ფაბლიკ ენემის", რომელიც აერთიანებს წერილებს, რომლებიც მისწერა უელბეკმა თავის მეგობარს, ფილოსოფოსს, ბერნარ-ანრი ლევის: "ბერნარ, მე ვარ რასისტი, ქსენოფობი, მიზანთროპი და უსირცხვილო ქალთმოძულე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სპეციფიკური წერის სტილი და არ არის გამორჩეული ავტორი". რაც შეეხება ამ წიგნს, იმავე სტრიმს მიჰყვება, რომელიც არის მის წინა წიგნებში. ის აქტუალური ჯერ კიდევ გამოცემამდე გახდა, იმდენად რამდენადაც ფრანგულმა საზოგადოებამ და მთლიანად არაბულმა სამყარომ უკვე კარგად იცოდა, რა თემატიკას შეეხებოდა ეს წიგნი, და უელბეკი 2002 წელს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, შემჩნეული იყო ისლამოფობიაში. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, სადაც ჟურნალისტი უსვამს მას შეკითხვას, არის თუ არა ის ისლამოფობი, უელბეკი პასუხობს, რომ ის არ არის ისლამოფობი, მაგრამ სრული უფლება აქვს, რომ წეროს ისლამოფობიური ტექსტები და, ასევე, იყოს ისლამოფობი. ჩემი აზრით, უელბეკი "მორჩილებაში" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თანამედროვე სეკულარულ იდეებზე დაფუძნებულ ფრანგულ საზოგადოებას და ჰგონია, რომ ის განწირულია ხანმოკლე არსებობისთვის. უელბეკის დამოკიდებულება, ჩემი აზრით, ნათლად არ ჩანს, მაგრამ, ჩემი აზრით, ისლამოფობიურია ეს ტექსტი, იმდენად, რამდენადაც კითხვის დასრულების შემდეგ თავად მკითხველი ხდება ისლამოფობი, როდესაც მის თვალწინ ნადგურდება არსებული საფრანგეთი, ნადგურდება სიყვარულისა და თავისუფლების ქალაქი და ის ხდება მკაცრად სისტემატიზებული და შარიათის კანონებზე დაქვემდებარებული სახელმწიფო“.

ბექა ყორშია
ბექა ყორშია

მოვლენები 2022 წელს ვითარდება. საფრანგეთის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს მუსლიმი კანდიდატი, რომელიც ინტელექტუალია და ქარიზმატულია. ის ახერხებს საერთო ენა მოძებნოს მემარჯვენეებთანაც, მემარცხენეებთანაც, ფაქტობრივად, ყველასთან. როცა საჭიროა, შებორკოს აღმოსავლეთის მუსლიმური ქვეყნები და, როცა საჭიროა, ფინანსური ძალაუფლების გამოვლენის სრული შესაძლებლობა მისცეს მათ. მას აქვს ახალი რომის აშენების იდეა, რომელიც თანდათან იკვეთება: ევროკავშირის საზღვრების გაფართოება ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმური ქვეყნების შემოერთებით. ეს რომანის ორი სიტყვით მოთხრობილი პოლიტიკური ნარატივია, რომელიც სორბონის უნივერსიტეტის ლექტორის, ფრანსუას, პირადი ცხოვრების, ვნებების თუ ფიქრების ჭრილიდან მოჩანს. უელბეკი ამ კარდინალური პოლიტიკური ცვლილებების ეპიცენტრში ინტელექტუალებს აყენებს და შემთხვევით არა. მისი დაკვირვების საგანი ხდება ადამიანი, აღჭურვილი ცოდნით, რომელსაც ძალისხმევის უნარი უკვე წართმეული აქვს. ადამიანი, რომელსაც კონსიუმერულ-ლიბერალური მუტაციები ფიტავს და ახალი ტიპის, ახალი დონის კონფორმისტად აყალიბებს. საუნივერსიტეტო სივრცე, რომელიც თავისი არსით ყველაზე ჰერმეტული უნდა იყოს და ძნელად უნდა ექვემდებარებოდეს გარე მოვლენებს, სინამდვილეში, სრულიად მოწყვლადი აღმოჩნდება. მოვუსმინოთ კვლავ ბექა ყორშიას.

ბექა ყორშია: „რეალურად იქ ჩანს, რომ საუდის არაბეთი ცდილობს, სორბონის უნივერსიტეტი ჩაიგდოს ხელში. და იქვე არის ნახსენები ჰარვარდის უნივერსიტეტიც, ოქსფორდის უნივერსიტეტიც, რეალურად მსოფლიო განათლების კერები. ძალიან დიდ გამარჯვებად თვლის საუდის არაბეთის წარმომადგენელი, როდესაც სორბონის უნივერსიტეტში ერთ-ერთი მთავარი ენა ხდება არაბული, ერთ-ერთ დიდ ისლამურ მედრესედ გადაკეთდება არჩევნების შემდეგ, და მოძღვრავს საზოგადოებას ყურანის მიხედვით და, რეალურად, ეს არის გზა ისლამიზაციისკენ: განათლების ხელში ჩაგდება, კონტროლი განათლებაზე“.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია სორბონის ახალი რექტორი რობერ რედიჟე, რომელმაც მიიღო ისლამი, ცხოვრობს პოლიგამიურად და, ფაქტობრივად, ახალი რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგია. ეს რწმენა მასში ჭეშმარიტია თუ პრაგმატული მოსაზრებებით არსებობს, რთული გასარკვევია, თუმცა, რაც მთავარია, მასში არის მომხიბვლელობა და იგი ახერხებს, დაარწმუნოს კოლეგები, ითანამშრომლონ მასთან, გააგრძელონ პედაგოგიური მოღვაწეობა ისლამიზებულ უნივერსიტეტში. რედიჟე ფრანსუას გადაბირებასაც ახერხებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ იგი ერთგვარად ახალ ჰორიზონტებს უხსნის მას - გადაღეჭილი იდეებით და მოყირჭებული ვნებებით გაქვავებული ადამიანი ეშმაკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეჰყავს ახალი ფიქრებისა და სიტკბოებების სამყაროში, მორჩილების ისლამურ წესრიგში აძებნინებს შვებას. აღსანიშნავია, რომ აქამდე ფრანსუა ცდილობს ეს შვება მორჩილების კათოლიკურ წესრიგში იპოვოს, მაგრამ არ გამოსდის. უელბეკი ყოველივე ამას ისე ხატავს, რომ ფრანსუასა და მისი კოლეგების სიწრფელეში რაღაც მომენტში თითქოს ეჭვიც არ გეპარება, თუმცა ხშირად აჩენს კლანჭებსაც და ულმობელ სარკაზმში ატარებს იმ ადამიანთა გრძნობებს, რომლებმაც ასე იოლად მოახერხეს ისლამის მიღება და ახალი პრინციპებითა და წეს-კანონებით ცხოვრების დაწყება. ამის ნიმუშია რექტორ რედიჟეს მონათხრობი: ის ცხოვრობდა ბრიუსელში და მისი საყვარელი ადგილი იყო არტ-ნუვოს სტილში აგებული სასტუმრო „მეტროპოლის“ ბარი. 2013 წლის 30 მარტს იგი შეიტყობს, რომ ბარი საბოლოოდ იხურება და ეს თავზარს დასცემს. ის მიხვდება, რომ რაკი ევროპის შუაგულში ხელოვნების ეს შედევრი თავისი შესანიშნავი სენდვიჩებით, ლუდებით, ვენური შოკოლადებით შეიძლება ერთი ხელის დაკვრით გაქრეს, ეს ნიშნავს, რომ ევროპამ თავისი სუიციდი უკვე განახორციელა. ის ბოლო საღამოს ატარებს ამ ბარში, მეორე დღეს კი მიდის და ისლამს იღებს.

აი, ასეთი მწერალია უელბეკი, თან გაშინებს და თან გაცინებს. და მაინც, რა ტიპის წიგნი დაწერა მან? წინასწარმეტყველური, პროვოკაციული თუ პრევენციული? აი, რა მიპასუხა ამ შეკითხვაზე ბექა ყორშიამ.

ბექა ყორშია: "გარდიანის" კორესპონდენტმა თქვა, რომ ეს არის ლიტერატურული სტილი not yet, ანუ "ჯერ არ", მაგრამ შეიძლება მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი პრევენციული სახის გამოსვლა და "ღონისძიება" უელბეკის მხრიდან, რომელსაც შეიძლება რეალურად ეშინია კიდეც...“

XS
SM
MD
LG