დიანა ანფიმიადი ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია. ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ მისი ახალი წიგნი გამოსცა. „ჩრდილის ამოჭრა“ დიანას მეოთხე პოეტური კრებულია. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ავტორის ის ხელწერა, რომელიც თანდათანობით იკვეთებოდა, ყალიბდებოდა და დამოუკიდებელ ჟღერადობას იძენდა, აქ თავის ფორმირებას განაგრძობს, ხოლო, მეორე მხრივ, ბევრი თვალსაზრისით, ეს წიგნი ცოტა მოულოდნელიცაა და დამაბნეველიც. დიანა ანფიმიადის პოეზიას მუდამ ახასიათებდა თემატური სიცხადე და კომპოზიციური სიმწყობრე, „ჩრდილის ამოჭრაში“ კი იგი ამ მახასიათებლებს, ჩემი აზრით, გაექცა. აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირები მოირღვა, ლექსები აბსტრაქტულობისკენ გადაიხარა, პოეტში ფორმალიზმის ვნებამ აშკარად იმძლავრა. ენაში ჩხირკედელაობა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი ხდება და ტექსტებს ამ ენობრივი აღმოჩენების ალი-კვალზე აწყობს. ამის გამო სათქმელი ხშირად ხელიდან სხლტება, მერე კვლავ ცდილობს დაბრუნდეს, თან ენის ეფექტები მუდამ მუშაობენ, ამიტომ ძალიან ყურადღებიანი კითხვისასაც კი ცნობიერება იხლიჩება: ჟღერადობას სულ უკვირდები, მიჰყვები, გითრევს, თან, ამავე დროს, ცდილობ ლექსის კონცეპტი დაიჭირო, რომელიც ენის შუქ-ჩრდილებმა შენიღბა. ცხადია, ეს აღქმა სუბიექტურია. მე მოგითხრობთ იმას, რაც მართლა მემართებოდა წიგნის კითხვისას. რათა ობიექტური სურათი უკეთ დავინახოთ, ამისათვის სხვა მკითხველის თვალი თუ ყურიცაა საჭირო. ამიტომ, დიანა ანფიმიადის „ჩრდილის ამოჭრაზე“ საუბარი პოეტ გიორგი კეკელიძეს ვთხოვე.
გიორგი კეკელიძე: დიანას ენა და მისი დამოკიდებულება და განცდა ლექსის მიმართ ჩემთვის არის ძალიან ახლო და ძალიან მისაღები რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი, რომ ძალიან კარგად და ზუსტად ფლობს ენას. შეიძლება ეს განაპირობა, მათ შორის, იმანაც, რომ დიანა ლინგვისტი გახლავთ; მეორე, რომ ამ ენის ინსტრუმენტალიზაცია მის ხელში არის ძალიან მრავალფეროვანი - ის არ ერიდება როგორც ზოგად ინტერპრეტაციებს, ასევე ბგერწერულ თამაშებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მგონია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ სიტყვას ვეხებით, და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ დიანა ძალიან მაღალ დონეზე ფლობს ტროპის ხელოვნებას, რაც ასევე მგონია პოეზიის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი. მას ძალიან კარგად შეუძლია მეტაფორული მეტყველება არაგამაღიზიანებლად. აქ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ბეწვის ხიდის მომენტი, რომ, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტი ეპითეტები, ზედმეტი შედარებები ზედმეტადვე ამსუყებს ლექსს და რაღაც სხვა მიმართულებით გადაჰყავს. დიანამ - ამ შემთხვევაში, კარგი გაგებით - იცის ზომიერების დაცვა. ერთი ასევე მნიშვნელოვანი ამბავი დიანას პოეზიაში არის ის, რომ მას კარგად აქვს გააზრებული წარსული, სადაც თავი აქვს მოყრილი მსოფლიო კლასიკას - დაწყებული მითოლოგიით, დასრულებული თანამედროვე ავტორებით. შესაბამისად, ის ძალიან ეფექტურ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.
და მაინც, რა ენობრივ ქსოვილზეა აქ ლაპარაკი? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დიანა ანფიმიადის ამ კრებულის ლექსები კონვენციურია, მაგრამ ეს არაა თვალსაჩინო, მკაფიო კონვენციურობა გარითმვის ზუსტი წესებით, დადგენილი სალექსო ფორმებით და მყარი ზომებით. ხშირ შემთხვევაში, პოეტური თხრობის მანერა გარეგნულად ვერლიბრის ქარგაზეა აწყობილი; ორიგინალური რითმები, როგორც წესი, არაზუსტია, ასონანსურიც, დისონანსურიც, კონსონანსურიც, არის ექო-რითმებიც, და ეს რითმები სადღაც ჩნდებიან, ხანდახან ერთმანეთისგან საკმაო მოშორებითაც, ხან თითქოს ქრებიან, მერე რაღაც მომენტში მოულოდნელ ადგილებში წამოყოფენ ხოლმე კვლავ თავს... თუმცა ისინი თითქოსდა სულ ცდილობენ უჩინმაჩინის ქუდი დაიხურონ და ვერლიბრის ფორმატში აწყობილ ლექსებს საკუთარი ესთეტიკა თავს არ მოახვიონ. ასეთი ტექსტების ვერსიფიკაციული კვლევა, ცხადია, ფრიად საინტერესოა. ამაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი კეკელიძემაც.
გიორგი კეკელიძე: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს ვერლიბრის გააზრებისას, რადგან ხელაღებით ვლაპარაკობთ კონვენციურ და არაკონვენციურ ლექსებზე. კონვენცია არის მოცემულობა, რომელიც გულისხმობს რაღაც სქემებს, რაღაც რიტმში და ბგერწერაში ჩასმულს. შეიძლება ტექსტი იყოს გარითმული, მაგრამ კონვენციისგან ძალიან დაშორებული, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება ტექსტი სრულებითაც არ იყოს რითმებზე დამოკიდებული, მაგრამ ის რაღაც კონვენციას ეფუძნებოდეს. მით უმეტეს, რომ ქართული ენა და ლექსი, თავისი სილაბიკის და ტონურობის მონაცვლეობით და ერთიანობით, ამის ძალიან შესანიშნავ საფუძველს იძლევა.
ბევრ ლექსში, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თემატიკა ბუნდოვნად მაინც მოჩანს, სინამდვილეში დიანა ანფიმიადი ენაზე წერს ამ ტექსტებს, მათი მეტათემატიკა მაინც ენაა, მისი ბუნება, მისი ბედისწერა, ადამიანისა და ენის ურთიერთობა... „ადამიანი შევინახე სიტყვებში - / ცეცხლში - / სციოდა, ალში გავახვიე“. ან: „გეპატიჟები ჩემი ენის სიკვდილზე, ღმერთო...“ ან: „სიტყვების, როგორც თმის ღერა-ღერა კარგვა ვარ - / გავქაჩლდი, / მცვივა ხან თანხმოვანი, / ხან ხმოვანი“. ან: „თითები - დიალექტებია, / მკერდისკენ - იცვლება მახვილები, კისერთან - ხმოვნები გრძელდებიან, / თვალებით შევკვეცე თანხმოვნები“ და ა.შ. ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება. წიგნის სათაური შეიძლება ასეც გავიგოთ: მთელ კრებულს ენის ჩრდილი სცემს და ავტორი ცდილობს ეს ჩრდილი ამოჭრას და დამოუკიდებლად მოგვაწოდოს. ოღონდ მე მაინც მგონია, რომ ამ ჩრდილის ამოჭრა მაინც ვერ ხერხდება, ეს პოეზია მაინც რაღაცნაირად დაჩრდილული რჩება, ენით დაჩრდილული. და ამ ჩრდილს თავისი პოზიტივიცა აქვს და ნეგატივიც: ზაფხულის ხვატში ჩრდილს არაფერი სჯობს, მაგრამ აჩრდილების, ლანდების სამყარო სულ სხვაა. ესაა სამყარო, როცა რაღაცას ხედავ, მაგრამ მაინც ვერ ხედავ. მოვუსმინოთ გიორგი კეკელიძეს.
გიორგი კეკელიძე: ამ წიგნში, განსხვავებით წინა წიგნებისა, დიანას ინტერპრეტაციები, ერთი შეხედვით მაინც, არ არის ხილული. ვგულისხმობ იმას, რომ ის პირდაპირ აღარ წერს რაღაც კონკრეტულ ამბებზე, თუნდაც ეს იყოს ბერძნული მითოლოგია და პირდაპირ არ ათანამედროვებს ამ მითებს, როგორც ეს მის წინა, ასევე ძალიან კარგ კრებულებში იყო, არამედ ის რაღაც ირიბი გზებით, რომელიც ასევე არის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და დანიშნულება, ახერხებს იმას, რომ, თუნდაც ერთი შეხედვით მითოლოგიასთან არაფერ შუაში მყოფ თემებზე საუბრისას, მოგვითხროს რაღაც მოდელები, რაღაც სქემები და ეს თხრობა მხოლოდ ამ საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანისთვის იყოს შესამჩნევი. ანუ ორი პლანი აქვს ამ ტექსტებს, როგორც ყველა კარგ ტექსტს: ეს ლექსები იკითხება ჩვეულებრივ, როგორც კარგად საკითხავი ესთეტიკური ნიმუშები და, მეორე მხრივ, მას აქვს ინტელექტუალური ფლანგიც და ჭრილიც, რაც მე მაინც მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ ავტორი, რომელიც არ კითხულობს სხვას, მე მგონია, რომ დღეს ვერ იარსებებს.
თუკი ზემოთქმულს შევაჯამებთ, მე მაინც მგონია, რომ ეს კრებული დიანა ანფიმიადისთვის რაღაც ახალი პოეტური ხერხების მოსასინჯი ასპარეზი აღმოჩნდა. ეს, ალბათ, საჭირო იყო, მაგრამ აქ ჩარჩენას მე მას მაინც არ ვურჩევდი. სურათ-ხატები, ინტონაციები, ტექსტების ქსოვილი საინტერესოა, მაგრამ სათქმელი თითქოს დაიკარგა, გაიფანტა, გადაიფარა... ესაა ლექსები-კონსტრუქციები, სადაც მთავარ როლს სიტყვა თამაშობს და მისი მორჯულებაა ერთადერთი გამჭოლი თემა. ამის შესახებ ვკითხე ბოლოს გიორგი კეკელიძესაც.
გიორგი კეკელიძე: ის, რომ ეს მოცულობით პატარა კრებული დღეს შეიძლება, თემატიკის თვალსაზრისით, არ იყოს ძალიან მრავალფეროვანი, ბუნებრივია, ეს შესამჩნევია, მაგრამ მე არ მგონია ეს ამ ყველაფრის ტრაგიკული მხარე და, მეტიც, მე მგონია, რომ შეიძლება ამ ტიპის პოეზიას ჰყავდეს გარკვეული ტიპის მკითხველი, რომელთათვისაც ეს შეიძლება საერთოდაც ჯიბის წიგნად იქცეს, იმიტომ რომ განწყობის წიგნია. შეიძლება ბევრ განწყობას არ ესადაგებოდეს ზუსტად ამ თემატიკის არასიფართოვის გამო, მაგრამ რომელიღაც განწყობისთვის ეს არის ზედგამოჭრილი კრებული.