Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობი ძველი ბათუმი


დღეს ორ უნიკალურ გამოცემაზე მინდა მოგითხროთ, რომლებიც ძველი ბათუმის ისტორიას აღწერს. "მოგზაურობა ძველ ბათუმში" 2014 წელს გამოიცა, ხოლო "ბათომი" - 2015-ში. ეს გამოცემები შედეგია იმ წერილების სერიისა, რომელთა ბეჭდვაც გაზეთ "ბათუმელებში" 2010 წელს დაიწყო. როგორც წინასიტყვაობაში წერია, ძალიან მალე რუბრიკა "ძველი ბათუმი" გაზეთის ერთ-ერთი პოპულარული გვერდი გახდა. რედაქციაში რეკავდნენ მკითხველები, აწვდიდნენ ისტორიებსა და ფოტომასალებს, იძლეოდნენ შენიშვნებს... სტატიების დიდი ნაწილის ავტორები არიან შოთა გუჯაბიძე, ნანა კვაჭაძე და ფრიდონ ქარდავა. ფრიდონ ქარდავამ, რომელიც აჭარის საარქივო სამმართველოში მუშაობს, გახსნა ბრიტანული არქივები და აქამდე უცნობი მიმოწერისა და ფაქტების შესახებ მოამზადა წერილები. კინორეჟისორის, ფოტოხელოვანის და ფოტოკოლექციონერის, შოთა გუჯაბიძის დამსახურებაა, რომ ეს წიგნები ასე მდიდარია ვიზუალური მასალით. დიდი ნაწილი იმ ძველი ფოტოებისა, რომლებიც ამ გამოცემებშია დაბეჭდილი, მის არქივშია დაცული. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ორი ტომი, პოლიგრაფიულად შესანიშნავად დაბეჭდილი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ყველა ამბავს თავისი ფოტოისტორია თან მოსდევს. ეს ამბები იწყება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როცა ბათუმი ჯერ კიდევ ერთი პატარა, ჭაობში ჩაფლული სოფელი იყო ზღვის პირას და თანდათან იწყო ზრდა და ქალაქად გადაქცევა და გრძელდება მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლომდე. ამ ორ წიგნზე საუბარი ვთხოვე მწერალ დათო ტურაშვილს და ეს არ ყოფილა შემთხვევითი, ვინაიდან მას დიდი ინტერესი აქვს ასეთი მიმართულების წიგნებისადმი და თავადაც უმუშავია ამ ჟანრში.

დათო ტურაშვილი: ნამდვილად მიყვარს ისტორია და ,მით უმეტეს, მიყვარს ქალაქების ფოტოისტორია. მე ამ წიგნს სიამოვნებით ვაჩვენებდი სხვა ქალაქების პატრიოტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ თავისი ქუთაისი იქნება, თავისი ჭიათურა თუ თავისი თელავი, რომ მათაც გააკეთონ იგივე. თბილისს ამ შემთხვევაში ცოტა უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ რამდენიმე ალბომი არსებობს, ფოტოისტორია, და თბილისის ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ გაეცნონ ასეთ წიგნებს, დანარჩენ სხვა ადგილებს კი ნაკლები აღწერა აქვთ წიგნებში - ფოტოწიგნებს ვგულისხმობ. ამიტომ ძალიან მიხარია, ძალიან მისასალმებელი ამბავია და ისეთი ისტორიებია, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დღევანდელმა ბევრმა ბათუმელმა არ იცის. ბათუმს აქვს ანტიკური ხანის ისტორია, მაგრამ ბოლო ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც დამთავრდა ომი რუსეთის იმპერიასა და მაშინდელ ოსმალეთის იმპერიას შორის და სამშობლოს დაუბრუნდა ბათუმი. ათი წლის მანძილზე იყო პორტო-ფრანკო, ამიტომაც მოხდა, სხვათა შორის, ბათუმის ძალიან სწრაფად დაწინაურება და უცებ გახდა ძალიან მაგარი ქალაქი, ძალიან თანამედროვე, ძალიან ევროპული, სადაც ყველაფერი იყო ერთად. ბუნებრივია, ოსმალეთის გავლენას ასე ადვილად ვერ გაექცეოდა, და ეს იყო კარგახანს ქალაქი, რომელიც იყო სინთეზი ერთგვარი, იანუსივით, ორივე - ევროპული და აზიური - საწყისები და სუნთქვა იგრძნობოდა და, სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა. ასეთი ფრაზაც მაქვს წაკითხული: ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის ბოლოს უკვე ისეთი ატელიეები იყო, სადაც ტანსაცმელს, სამოსს კერავდნენ ისე თანამედროვეს და მოდურს, რომ ევროპიდანაც კი ჩამოდიოდნენ იმ ტანსაცმლის შესაძენადო.

ამ ორ, როგორც დათო ტურაშვილმა უწოდა, ფოტოწიგნში ყველა კუთხიდანაა დანახული ბათუმი: პოლიტიკური ვნებათაღელვები, ინტრიგები, მკვლელობები, ქალაქის გაშენების სხვადასხვა ეტაპები, არქიტექტურა, რომელიც თავის ისტორიას ინახავს, ქოლერასა თუ მალარიასთან ბრძოლა, სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების ცხოვრების წესი, ქალაქის კოლორიტული ფიგურები, კულტურული ცხოვრება, კრიმინალური წარსული, თვით განუხორციელებელი პროექტებიც კი - რად ღირს თუნდაც ის, რომ უკვე 1913 წელს ბათუმში თვითმფრინავების სადგურის, ანუ აეროპორტის, აშენება იყო დაგეგმილი. თუ რამდენად სწრაფად შედიოდა ტექნიკური პროგრესი ბათუმში, აჩვენებს ისიც, რომ პირველი ლიტერატურული საღამო, რომელიც 1894 წელს ბათუმის საკრებულოში გაიმართა და რომელზეც აკაკი წერეთელი გამოვიდა, ელექტროდენით იყო გაჩახჩახებული და საღამომ, რომელიც მერე ცეკვებში გადაიზარდა, დილის 6 საათამდე გასტანა, სანამ შუქი არ ჩააქრეს. შეგიძლიათ ნახოთ იმ "რკინის თეატრის" გეგმაც, რომელიც ოთარ ჭილაძემ უკვდავყო თავის რომანში, და თვალი მიადევნოთ, როგორ გადაიქცა რკინის საწყობი თეატრად და მერე თოვლმა როგორ დაიტანა და დაანგრია. ბათუმის ბულვარის ცნობილი კოლონადების ისტორიასაც გაიგებთ - თუ როგორ გაუხერხა მაქსიმ გორკიმ ბათუმელ მეგობარს ერთი იტალიური ზღვისპირა ქალაქის კოლონადების პროექტი და მერე როგორ დაიხვეწა და საბოლოო სახე მიეცა. მოკლედ, ასეთი ისტორია ძალიან ბევრია, მაგრამ, რაც მთავარია, ამ წიგნებში ადამიანები ცოცხლობენ, მათი სახეები ჩანს, რიგითი ბათუმელებისაც და, რა თქმა უნდა, იმათიც, ვინც ბათუმზე ზრუნავდა, რაღაც კვალი დაამჩნია მას. ხანდახან ძალიან ტრაგიკული და გულისმომკვლელია ეს ისტორიები. აი, მაგალითად, ექიმი ტრიანდიფილისი, რომელიც ეპიდემიებს ებრძოდა ქალაქში და დაამარცხა, "ბათუმის ექიმთა საზოგადოება" ჩამოაყალიბა, მერე კი სახლიდან გაიტაცეს, 30 000 მანეთი მოსთხოვეს ოჯახს გამოსასყიდად და რაკი ოჯახს ამდენი ფული არ ჰქონდა, მოკლეს და მისი ცხედარი ქუჩაში დააგდეს. ერთი სიტყვით, სულ ლამაზი და კეთილი არაა ბათუმური ამბები და ვერც იქნება, რადგან ყველანაირ ისტორიას თავისი უსამართლობები და სისასტიკეები თან სდევს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს წიგნები სასიყვარულო ამბებითაცაა გაძეძგილი.

დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილი

მოვუსმინოთ კვლავ დათო ტურაშვილს.

დათო ტურაშვილი: თქვენ ვერ ნახავთ იმ პერიოდის ვერც ერთ არამხოლოდ რუს და რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების დიდ მწერლებს (ქართველზე არცაა ლაპარაკი), ევროპელებიც კი ცდილობდნენ ამ ქალაქში მოხვედრას, რადგან ამ ქალაქის დიდება და ლეგენდა იყო დიდი. კნუტ ჰამსუნიდან დაწყებული, ბულგაკოვით დამთავრებული... ბულგაკოვის პიესას პირდაპირ ასე ჰქვია - "ბათუმი", და ამ "ბათუმში" აღწერილი ჰქონდა სტალინის ცხოვრება, ოღონდ სიჭაბუკიდან იწყებოდა (ის სახლი არსებობს ახლაც, სადაც სტალინი ცხოვრობდა, მე ნამყოფი ვარ იმ სახლში), მაგრამ სტალინს არ მოეწონა იდეა. თითქოს გადაწყვეტილი იყო ამ პიესის დადგმა და დიდი ამბავი იყო, დიდი მზადება, მთელი პარტია იყო ჩაბმული... წარმოგიდგენიათ? სტალინზე პიესა უნდა დაედგათ!...უკვე ყველაფერი რომ გადაწყვეტილი იყო, ბულგაკოვი ჩამოვიდა საქართველოში, მანამდეც ნამყოფი იყო, და ეს პიესაც აიკრძალა...

ესენინს ორი ქალი შეუყვარდა ბათუმში. ახლა დეტალები ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ის ცნობილი სერია, რომელიც შაგანეს ეძღვნება, ამის გამო, ბათუმშია შექმნილი. თუმცა "ზაპოი" დაეწყო. ისე ცუდად იყო, რომ ბათუმის ბულვარში იჯდა ხოლმე და ფეხსაცმელს უწმინდავდა გამვლელებს. ისეთ მდგომარეობაში იყო უკვე... ნიკოს კაზანძაკისს, დიდ ბერძენ მწერალს, ასევე ბათუმში ქალი შეუყვარდა, მერე დაბრუნდა, იმ ქალმა უარი უთხრა... მოკლედ, ბევრი ვერსიაა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ქალი არ გაჰყვა ნიკოს კაზანძაკისს და მთელი ცხოვრება იმ ქალზე ოცნებაში გაატარა. არსებობს გარდაცვალებიდან ცოტა ხნის წინ დაწერილი მისი წერილი, სადაც ისევ იმ ქალზე წერს.

დაბოლოს: დედაჩემი ბათუმელია და ბავშვობიდან ყოველ წელს ბათუმში ჩავდიოდი. ძალიან მიყვარს და მეგონა, რომ კარგადაც ვიცოდი ეს ქალაქი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ორი ფოტოწიგნი წავიკითხე და დავათვალიერე, უკვე ვიცი, რომ ჩემი შემდგომი ჩასვლა ბათუმში ცოტა სხვანაირი იქნება. სადაც არ გავივლი, ალბათ ყველგან კონკრეტული ისტორია ამომიტივტივდება გონებაში, კონკრეტული შენობები მხოლოდ არქიტექტურის ნიმუშები კი აღარ იქნება, არამედ უფრო მეტი. და, მთლიანობაში, ბათუმი უკვე თავის წარსულთან ერთად დამხვდება, იმ ძველ წარსულთან ერთად, რომელზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და ახლა კი მას უფრო ცხადად ვხედავ.

მოვუსმინოთ ისევ დათო ტურაშვილს

დათო ტურაშვილი: თერთმეტი თვე რომ წვიმს, იქ კურორტი რანაირად უნდა გამოვიდეს. პირიქით, გავაკეთოთ ისე, რომ იყოს მთავარი საფესტივალო ქალაქი. წარმოიდგინე, მთელი ზამთარი, შემოდგომა, გარეთ რა ამინდი იქნება, მნიშვნელობა არ ექნება, სულ ფესტივალები უნდა იყოს, ეგეთია ბათუმი. ბათუმელ პოეტს, ვახტანგ ღლონტს აქვს ეგეთი ლექსი: "ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა". მე კი ვიძახი, პირიქით, ყველაფერია, წვიმის გარდა. პირიქით გამოვიყენოთ, რა! კურორტი არ არის, თორემ დანარჩენი ყველაფერია ბათუმი.

XS
SM
MD
LG