Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვადასხვანაირად გადმოქართულებული მსოფლიო პოეზიის შედევრები


პოეზიის თარგმნა რომ მეტად რთული და სპეციფიკური საქმეა, ყველას კარგად მოეხსენება, ხოლო როცა საქმე პოეტურ შედევრს ეხება, ეს სირთულე და სპეციფიკურობა ერთიათად იზრდება. შესაბამისად, იზრდება მთარგმნელების ინტერესიც ასეთი ტექსტებისადმი: მათ უჩნდებათ ჟინი, დაძლიონ რთული პოეტური ფორმები და ახალ და ორგანულ, ადეკვატურ ყალიბში მოაქციონ ისინი. ამიტომ დროთა განმავლობაში ჩნდება ასეთი ტექსტების თარგმანების სხვადასხვა ვარიაციები. დროის ცვლილებას ენის, დამოკიდებულებების, ესთეტიკის ცვლილება მოაქვს და ყოველივე ეს ირეკლება ამ თარგმანებზეც. მაგრამ, როგორც წესი, სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ეს ვარიანტები გაფანტული რჩება წიგნებსა და ლიტერატურულ პერიოდიკაში და მკითხველს, თუკი იგი განსაკუთრებულ ძალისხმევას არ გამოიჩენს, არა აქვს შესაძლებლობა ისინი ერთმანეთს შეადაროს, თვალი მიადევნოს კონკრეტული პოეტური ნიმუშის თარგმნის დინამიკას. ამის შესაძლებლობა რომ გაჩნდეს, ლიტერატურული გამოცემის ან გამომცემლობის ძალისხმევაა საჭირო. ასეთი გამომცემლობა ამჯერად „ინტელექტი“ აღმოჩნდა. მან ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და უკვე 8 კრებული გამოსცა, სადაც მსოფლიო პოეზიის თითო შედევრის სხვადასხვა ქართული ვერსიაა დაბეჭდილი. სულ ცოტა ხნის წინ კი გამომცემლობამ გადაწყვიტა ეს კრებულები ნაწილობრივ ერთ მთლიანობაში მოექცია. იმ წიგნში, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, შესულია უილიამ შექსპირის „სამოცდამეექვსე სონეტის“, უოლტ უიტმენის „ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“-ს, რადიარდ კიპლინგის „თუ“-ს, მარინა ცვეტაევას „მე მომწონს ის, რომ თქვენ არა ხართ სნეული ჩემით“ და ბორის პასტერნაკის „ზამთრის ღამის“ თარგმანები. კრებულში ვერ მოხვდა ედგარ პოს „ყორანის“, გოეთეს „მგზავრის ღამეული სიმღერის“ და ფრანსუა ვიიონის „ოთხტაეპედი, სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული“-ს თარგმანები. სავარაუდოდ, ასე იმის გამო მოხდა, რომ ამ შემთხვევაში წიგნის მოცულობა ძალიან გაიზრდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ „ყორანი“ თავისთავად გრძელი ლექსია და კრებულში მისი 21 გადმოქართულებული ვარიანტია შესული, ხოლო გოეთეს ლექსის - არც მეტი, არც ნაკლები - 70 ვერსია არსებობს. თუმცა სამომავლოდ მე მაინც ვისურვებდი, რომ ამ ყველა შედევრის თარგმანები ორ ყდას შუა მეხილა. არადა, მეორე მხრივ, თუკი გამომცემლობა „ინტელექტი“ ამ მეტად საჭირო საქმეს გააგრძელებს და ასეთი ტიპის ახალ კრებულებსაც შემოგვთავაზებს, ორ ყდას შუა ეს ყველაფერი ალბათ უკვე ვერანაირად ვერ ჩაეტევა და ძალიანაც კარგი, თუ ვერ ჩაეტევა.

კრებულზე საუბარი ვთხოვეთ მთარგმნელ ანი კოპალიანს.

ანი კოპალიანი: პოეზიის თარგმანებს ცოტას გამოსცემენ ამ ბოლო დროს ქართული გამომცემლობები. ამ მხრივ ეს გამონაკლისია, იმიტომ რომ „ინტელექტი“ საკმაოდ ხშირად გამოსცემს თარგმნილ პოეზიას, და ეს არის განსაკუთრებით საინტერესო პოეტური კრებული, ანუ ძალიან ცნობილი, ქრესტომათიული და საკულტო ლექსია ყველა. თითოეულ ლექსს წინ უძღვის რომელიმე წარსულში ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის, გარდაცვლილის, კლასიკოსად ქცეულის თარგმანი, მაგალითად, შექსპირის სამოცდამეექვსე სონეტს - რეზო თაბუკაშვილის, და მერე უკვე მოსდევს თანამედროვე მთარგმნელების მცდელობები კონკრეტული ლექსების თარგმნისა. ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა მთარგმნელისათვის, იმიტომ რომ, მაგალითად, თუნდაც იგივე რეზო თაბუკაშვილის თარგმანი ძალიან პოპულარულია, და ეს არა მარტო იმიტომ, რომ კარგი თარგმანია, არამედ იმიტომაც, რომ „მონანიებაში“ კითხულობს მთავარი გმირი აბელ არავიძე ამ ლექსს და ამან, რა თქმა უნდა, ძალიან შეუწყო ხელი ლექსის პოპულარობას და ამის შემდეგ მთარგმნელისთვის ამ ლექსისთვის ხელის მოკიდება რთულია. თან მკითხველი ადარებს, აქვს აზარტი, ინტერესი, აბა რომელი თარგმანი სჯობს, რომელი უფრო კარგია, შეძლო რომელიმემ რეზო თაბუკაშვილის დონეზე ეთარგმნა? ფიქრობს, ალბათ, არა, მე რეზო თაბუკაშვილი უფრო მომწონს, იმიტომ რომ გონებაში აქვს გამჯდარი ეს თარგმანი, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში ის კლასიკურად მიჩნეული თარგმანი არის ყველაზე უკეთესი. სადავო საკითხია საკმაოდ, შეიძლება ითქვას. თარგმანების ხარისხი აქ არის ძალიან ეკლექტური, მაგრამ, რაც მთავარია, მკითხველს აქვს საშუალება იმისა, რომ გვერდიგვერდ წაიკითხოს, ნახოს, როგორი უცნაური რამ არის ლექსის თარგმნა, როგორი განსხვავებული ვარიანტები შეიძლება გამოვიდეს... მე, მაგალითად, როცა ვკითხულობ ფრანსუა ვიიონის ლექსებს, დავით წერედიანის და გივი გეგეჭკორის მიერ ნათარგმნს, ვფიქრობ ხოლმე, რომ რომელიღაცა მატყუებს, იმიტომ რომ ორივე ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ძალიან კარგად იკითხება ქართულად...

ანი კოპალიანი
ანი კოპალიანი

უნდა აღინიშნოს, რომ ამ თარგმანებს ერთვის სხვადასხვა ავტორების შემაჯამებელი წერილები. ისინი სხვადასხვანაირად უდგებიან იმ საკითხს, თუ რაზე გააკეთონ აქცენტი. მაგალითად, პაატა ჩხეიძე სტრიქონ-სტრიქონ მიუყვება 66-ე სონეტს, განმარტავს ყოველ ფრაზას, ხოლო შემდეგ ცალკეული თარგმანების მოკლე ანალიზს აკეთებს, ორიგინალთან არსებით აცდენებს უსვამს ხაზს. თამარ კოტრიკაძე თავის წერილში გვაჩვენებს იმ კონტექსტს, რამაც უბიძგა უიტმენს „კაპიტანო“-ს დასაწერად, გვიყვება, თუ როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ამ ლექსისადმი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ეპოქებში და კონკრეტული თარგმანებისადმი საკუთარ დამოკიდებულებასაც გაკვრით აფიქსირებს. მედეა ზაალიშვილიც მოგვითხრობს იმ გარემოებებზე, რამაც კიპლინგს „თუ“ დააწერინა და შემდეგ, მსგავსად პაატა ჩხეიძისა, თითოეულ თარგმანს თანმიმდევრულად განიხილავს. ზაზა აბზიანიძე კი, რომელიც ცვეტაევასა და პასტერნაკის შესახებ წერს, საერთოდ თავს არიდებს თარგმანების შეფასებას და წერს მხოლოდ პოეტების ბედისწერაზე და მოცემული ლექსების გადაჯაჭვულობაზე მათ ბედისწერასთან. არადა, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა, მასაც გამოეხატა საკუთარი აზრი კონკრეტული თარგმანების შესახებ.

ამ კრებულში ჩვენი სტუმრის, ანი კოპალიანის, სამი თარგმანია დაბეჭდილი. თავისთავად გაჩნდა კითხვა, თუ როგორ მუშაობდა ის ახალი ვერსიების შექმნაზე.

ანი კოპალიანი: მართალი გითხრა, არც მაინტერესებდა ძველი თარგმანები, იმ თვალსაზრისით, რომ რას მომცემდა გავლენის მეტს. ჯობდა, ორიგინალთან დავრჩენილიყავი მარტო და, როგორც ვთვლიდი სწორად და მეგონა, რომ რაღაც უნდა შენარჩუნდეს, აი, ის მთავარი შემენარჩუნებინა. ამის მერე უკვე ვკითხულობდი სხვა თარგმანებს.

დიაპაზონი თარგმანებისა ძალიან ფართოა: შალვა დადიანიდან დაწყებული, თანამედროვე პოეტებით, პაატა შამუგიათი, ლელა სამნიაშვილით, სალომე ბენიძით და ა. შ. დასრულებული. თანამედროვე მთარგმნელების სიუხვეც გამომცემლობა „ინტელექტის“ დამსახურებაა, რადგან ის აცხადებდა კონკურსებს და შემდეგ საუკეთესო ნიმუშები მოცემულ კრებულებში შეჰქონდა. ცხადია, ამ სიუჟეტში შეუძლებელია კონკრეტული ტექსტების ანალიზი და შეფასება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის მომენტები გამოვყოთ, თუ რა მხრივაა მნიშვნელოვანი ასეთი გამოცემები ლიტერატურული პროცესისათვის.

მოვუსმინოთ კვლავ ანი კოპალიანს.

ანი კოპალიანი: უკვე მრავალი წელია ვიყენებთ უნივერსიტეტში, რათა სტუდენტებს მივცეთ საშუალება, შეადარონ თარგმანები ერთმანეთს და ამ დაკვირვების შედეგად თავიანთი აზრი გამოთქვან, თუ როგორ ითარგმნება ლექსი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რა არის მთავარი, რომ შეინარჩუნო ლექსში, რა შეიძლება დაკარგო და ა.შ. სტუდენტებსაც ყოველთვის აქვთ ეს აზარტი: აბა ვისი სჯობდა, და აუცილებლად იტყვიან, ვისი უფრო მოეწონათ და ვისი არ მოეწონათ - ამას აუცილებლად აღნიშნავენ. ასეთი კრებული ძალიან გამოსადეგი არის თარგმანის თეორიის სწავლებისთვის.

მოკლედ, ვისთვის - როგორ. სტუდენტებს - პოეზიის ბუნებაში უკეთ გასარკვევად, ლექტორებს - თარგმანის თეორიის სწავლებისთვის, კრიტიკოსებს - ანალიზისთვის, პოეზიის მკითხველს კი - იმ თარგმანების მოსაძებნად, მათ გულთან ყველაზე ახლოს რომ მივა და ორიგინალის სათქმელს და ძალას ყველაზე უკეთ აგრძნობინებს.

XS
SM
MD
LG