ბესო კობახიძე ამბროლაურელი მხატვარია. სევდიანი კაცი ვარ, არც ლაპარაკი მეხერხება, ამიტომ სულ ვხატავ და ვხატავო, შეხვედრისას გვითხრა.
ბესო რაჭაში ცხოვრობს, სახელოსნო თავისი სახლის მეორე სართულზე აქვს მოწყობილი, სამსახურისგან თავისუფალ დროს (ის ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობს) შეიკეტება ხოლმე და საათობით ხატავს. თუ ნამუშევარი არ დაასრულა, ოთახიდან ძნელად გამოიყვან.
ბოლო სამი წელია, რაც მარიონეტებისა და თაბაშირის ქანდაკებების კეთება დაიწყო. უკვე ბევრი ნამუშევარი დაუგროვდა, თუმცა პერსონალური გამოფენა აქამდე არ გაუმართავს - თბილისში ნახატებისა და ქანდაკებების წამოღება და შემდეგ უკან, რაჭაში, დაბრუნება მისთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არადა, მნახველის აზრი, განსაკუთრებით კი, პროფესიონალი მხატვრებისა, ძალიან აინტერესებს.
რატომ სხედან ბესო კობახიძის ანგელოზები ქილებზე, რატომ აქვთ მის ქანდაკებებს ასე მოწყენილი სახეები, როგორია მხატვრის ცხოვრება სოფელში და რაზე ოცნებობს მხატვარი ბესო კობახიძე - ყველაფერ ამას ეკა ქევანიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.