ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი 50 წლის წინ მხატვარმა ნიკოლოზ მეტონიძემ დააარსა. დღეს იქ ცნობილი და შედარებით ნაკლებად ცნობილი მხატვრების 600-მდე ნამუშევარია დაცული, მდიდარი კოლექცია - ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება... ეს ნამუშევრები დაკარგვას და განადგურებას 1991 წლის რაჭის მიწისძვრის დროსაც გადაურჩა. დღეს მუდმივმოქმედ გამოფენას სამი დარბაზი ეთმობა, ნამუშევრების დიდი ნაწილი კი საცავშია დაცული. მუზეუმს შესაბამისი კლიმატური პირობების დაცვა და ექსპონატებისთვის საჭირო განათება სჭირდება.
ამბროლაური პატარა ქალაქია. ნაქერალას უღელტეხილს რომ გადაივლი, ნიკორწმინდას რომ გასცდები, კიდევ სამიოდ სოფელს გაივლი და დაღმართზე დაეშვები, მთებით გარშემორტყმულ დასახლებას მიადგები: ეგაა ამბროლაური - ქვემო რაჭის პატარა გული, ერთი მთავარი მოედნით, რამდენიმე ქუჩით, ტირიფების სანაპიროთი და ნაძვების ხეივნით. პატარა ამბროლაურის პატარა მთავარ მოედანზე კულტურის სახლის თაღებიანი შენობა დგას - ამ შენობაშია ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც 600-მდე ექსპონატია დაცული. მხატვარი ბესო კობახიძე ბოლო რამდენიმე წელია მუზეუმის დირექტორია, მისი კოლეგა ნინო ლაიშვილიც მუზეუმში მუშაობს.
ბესო კობახიძე: დღეს მუზეუმში აღრიცხული და დაცულია 593 ნამუშევარი - ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
ნინო ლაიშვილი: მართლა მდიდარი კოლექცია გვაქვს - მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე.
არც კი ელი, ისეთი მდიდარი კოლექციაა. იქნებ იმიტომ, რომ დედაქალაქიდან ასე მოშორებით მდებარე მთებში ჩაკარგულ ქალაქში არ ელოდები, რომ ერთ დარბაზში გამოფენილ ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, ნათელა იანქოშვილის, ავთო ვარაზის, ედმონდ კალანდაძის, ჯიბსონ ხუნდაძის, გოგი ჩაგელიშვილის, დავით კაკაბაძის, ნიკოლოზ მეტონიძის, მამუკა ცეცხლაძის, კარლო კაჭარავას სხვადასხვა დროის ნამუშევრებს ნახავ. კიდევ ბევრი ცნობილი და საინტერესო მხატვრის სახელის ჩამოთვლა შეიძლება, ვისი ნამუშევრებიც ამ მუზეუმშია დაცული.
ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მხატვარმა ნიკოლოზ მეტონიძემ 1965 წელს დააარსა. წარმოშობით ისიც რაჭიდან იყო. მეტონიძის ტილოები დღესაც ინახება მუზეუმში. როგორც ნინო ლაიშვილიც მოგვითხრობს, მეტონიძის დახმარებით მუზეუმს არაერთი მხატვრის ნამუშევარი შეემატა. კოლექცია მაშინდელი მხატვართა სახლის დახმარებითაც ივსებოდა:
„ვინც ჩამოდის, ვერ წარმოუდგენია, რომ რეგიონში ასეთ დიდი კოლექციას შეიძლება წააწყდნენ ან ასე გამოჩენილი მხატვრების ტილოებს. ხანდახან გვეკითხებიან ხოლმე, აქ, ალბათ, რაჭველი მხატვრების ნამუშევრებიაო? და რომ ნახულობენ ამ კოლექციას, უკვირთ ხოლმე“.
მარტიდან იწყება შენობის რეაბილიტაცია, არქიტექტორიც იყო ჩამოსული, ნახა მუზეუმი და დაგვპირდა, რომ ყველაფერი, რაც მუზეუმისთვის და გალერეისთვის არის საჭირო, ისე გაკეთდება...ბესო კობახიძე
ზამთრობით მუზეუმში ძალიან ცივა, ზაფხულში კი - პირიქით. არც განათებაა საგამოფენო დარბაზებში შესაბამისი. ფონდში დაცული ნამუშევრების შესანახადაც სხვანაირი კლიმატური პირობებია საჭირო. მუზეუმის ადრინდელი ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში იცავდა და უფრთხილდებოდა ამ ნამუშევრებს, 1991 წლის რაჭის მიწისძვრის მერე განსაკუთრებით დიდი საფრთხე იყო მათი დაკარგვის ან სულაც განადგურების. მაშინ მუზეუმს ლუიზა ქემოკლიძე იცავდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩავწერეთ. მაშინ გვითხრა, წლების განმავლობაში ამ ნახატებთან ერთად მეც ვიყინებოდი და აქამდე მოვიტანე, არაფერი დაკარგულაო.
მუზეუმის დღევანდელი ქომაგი და დირექტორი ბესო კობახიძე მოლოდინის რეჟიმშია - ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუზეუმს შენობის გარემონტებას დაჰპირდა. იმედი აქვს, რომ ყველა დეტალს გაითვალისწინებენ:
„ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა ვერ არის დაცული. ძველი შენობაა და ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ, როგორც გვპირდებიან, და ეს ამბავი უკვე ოფიციალურადაც გახდა ცნობილი, მარტიდან იწყება შენობის რეაბილიტაცია, არქიტექტორიც იყო ჩამოსული, ნახა მუზეუმი და დაგვპირდა, რომ ყველაფერი, რაც მუზეუმისთვის და გალერეისთვის არის საჭირო, ისე გაკეთდება“.
მუზეუმს ბოლო სამ წელიწადში 16 ახალი ნამუშევარი შეემატა - ესეც მეგობრების თანადგომით. გია ქემოკლიძეც წარმოშობით რაჭველი მხატვარია და, როგორც ბესო კობახიძე მოგვითხრობს, მუზეუმის კოლექცია სწორედ მისი და მისი მეგობრების დახმარებით შეივსო. ბევრმა მხატვარმა გამოხატა თავისი ნამუშევრის რაჭის მუზეუმისათვის ჩუქების სურვილი:
„ასე შემოგვემატა კაკო თოფურია, ლია შველიძე, მაია სუმბაძე, კარლო კაჭარავა, მიშა გოგრიჭიანი, გია ბუღაძე და სხვები“...
დღეს ამბროლაურის მუზეუმში სამ დარბაზშია მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ახლდება ხოლმე, თუმცა, როგორც ბესოც გვეუბნება, დროდადრო თემატური გამოფენებიც იმართება ხოლმე - ხან თეატრის დღეა, ხან გაზაფხულის მოსვლას უძღვნიან... მნახველი უფრო ზაფხულობითაა, როცა რაჭაში ხალხიც მეტია, დამსვენებლები, უცხოელი ტურისტები. შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო, რამდენიმე ერთობლივი პროექტიც გაკეთდა სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, იხსენებს ბესო კობახიძე:
„შარშანწინ, შაბათ დღეს, მუზეუმში მნახველები მოვიდნენ, გოგონები იყვნენ უნივერსიტეტიდან და სამხატვრო აკადემიიდან. დაათვალიერეს ნამუშევრები და იმდენად მოეწონათ ჩვენი მუზეუმი, რომ მაშინვე მითხრეს, მოდით, ერთად რამე პროექტი გავაკეთოთო. ისე გამიხარდა! და, მართლაც, მას მერე რაღაც პროექტში გაიმარჯვეს და მთელი ზაფხული ვმუშაობდით ერთად. ასეთი დღეები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახლში წასვლა აღარ გვინდოდა ხოლმე“.
რაც უნდა ძვირფასი იყოს ძველი კოლექცია, სიახლე მუდამ საჭიროა, გვეუბნება ნინო ლაიშვილი, ასეთი მუზეუმი გვაქვს და გვინდა, რომ უფრო ცოცხალი იყოსო. ადგილობრივ მხატვრებს თავადაც ძალიან სჭირდებათ კონტაქტი დედაქალაქში და საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრებ მხატვრებთან - ახალი ინფორმაცია, გაზიარება, შეფასება, კრიტიკა.
ბესო კობახიძე: „მხატვარი კოტე ჯინჭარაძე რომ გავიცანი, მაშინვე ის ვუთხარი, იქნებ ერთობლივად რამე გავაკეთოთ-მეთქი. მერე მოვიფიქრეთ, რომ რასაც მხატვრები გააკეთებდნენ, არტელი რაჭის რეზიდენციაში, ის გამოგვეფინა მუზეუმში - დღესასწაული იყო“.
ნინო ლაიშვილი: „ურთიერთობებიც უფრო გათბა. თითქოს, რაღაც ბარიერი მოიხსნა და ის შეგრძნებაც, რომ ჩვენ, აქაური მხატვრები, მოწყვეტილები ვართ რაღაც პროცესს. ასეთი ურთიერთობები ჩვენც ძალიან გვჭირდება“.
მუზეუმი ცოცხლდება, როცა რაიმე ახალი გამოფენა იხსნება, - ამბობს ბესო კობახიძე, - როცა თბილისიდან ჩამოდიან მხატვრები და რაღაც ერთობლივი კეთდება. ასეთი იყო პროექტ „ალგორითმი F 5“-ის ფარგლებში ჩატარებული გამოფენა „მონიშვნა“.
ამბროლაური პატარა ქალაქია. ხანდახან თვეები ისე გაივლის, განსაკუთრებით ზამთრობით, რომ შეიძლება არაფერი მოხდეს. შეიძლება ბევრმა ისიც არ იცის, რომ მათ ქალაქში ასეთი მუზეუმი არსებობს, რომ ამ მუზეუმში ასეთი მხატვრების ნამუშევრებია დაცული, რომ ამ მუზეუმში ხანდახან, მაგრამ მაინც, საინტერესო რამეები ხდება.