Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 მარტს ბათუმში ქალაქის გათავისუფლებისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს


1990 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 1921 წელს ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპული 50 მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს.
1990 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 1921 წელს ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპული 50 მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს.

ეს თარიღი უკავშირდება 1921 წლის მოვლენებს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმის პორტიდან ტოვებს ქვეყანას, საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის გენერალი კი, გიორგი მაზნიაშვილი, თავის მებრძოლებთან ერთად რუსეთის წითელ არმიასთან მარცხდება. ამ დროს თურქეთის არმიის პოლკოვნიკი ბათუმსა და მის შემოგარენს იკავებს და თავს აცხადებს ქალაქის გენერალ-გუბერნატორად. დამოუკიდებელი საქართველოს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დამარცხებულ თანამებრძოლებთან ერთად ბათუმში ბრუნდება და ქალაქის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთვება თურქეთის არმიის წინააღმდეგ. ბათუმის დასაცავად ჯარისკაცებს მთელი ქალაქი უერთდება.

„რეგულარული ჯარის ნაწილი, მოხალისეები, დოცენტი იყო, მაგალითად, ერთი მონაწილე, გვარად ვადაჭკორია, რომელსაც იარაღთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ყველა დაირაზმა და გაერთიანდა ბათუმის დასაცავად. მაშინ განსაკუთრებული პოლიტიკური სიჭრელე იყო, ხშირად ერთ ოჯახში 5 სხვადასხვა პარტიის წევრიც კი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ როდესაც დადგა აუცილებლობა, გარდაუვალობა, რომ ბათუმი დაიკარგებოდა, თუკი ჩვენ ერთად არ დავდგებითო, აი, სწორედ ასეთი ფაქტი მოხდა და სწორედ ამან გამოიღო თუნდაც ის შედეგი, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ ქალაქის მთავარ მოედანზე და ამ თემაზე ვლაპარაკობთ“, - თქვა შოთა გუჯაბიძემ.

გენერალს მოჰყავს 1 500 მოხალისე გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და მათ შორის აღმოჩდნენ ძუკუ ლოლუას მომღერლები. სწორედ მაგიტომაა აქ მებრძოლთა საფლავები აფხაზური გვარებით...
გოგი ფირცხალაიშვილი

როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბათუმის განმათავისუფლებელ ბრძოლებში რუსეთის წითელი არმია არ მონაწილეობდა. მარტის ბრძოლებში ქალაქის დასაცავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეები და მებრძოლები ჩამოვიდნენ. ქალაქის დამცველთა ბრძოლა ბათუმის ქუჩებსა და სტრატეგიულ შენობებთან სამი დღე გაგრძელდა და გამარჯვებით დასრულდა. დაიღუპა 84 ადამიანი. მათი ნაწილი 23 მარტს ბათუმში პატივით დაკრძალეს დღევანდელ გმირთა მოედანზე. ამ თარიღს ადგილობრივები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აღნიშნავენ და მებრძოლებს პატივს მიაგებენ. მათ შორისაა ისტორიკოსი გოგი ფირცხალაიშვილი:

„არის ვარაუდი, რომ აქ იბრძოდა დიდი ლოტბარის, ძუკუ ლოლუას, მომღერალთა რაზმი. საიდან მოხვდნენ ისინი აქ? მამისონი გადმოიარეს და მოდიოდნენ, აფხაზეთის გავლით, სოხუმიდან და გაგრიდან მას შემდეგ, რაც ქართველი გენერლის, ართმელაძის, ხელმძღვანელობით, ქართული საჯარისო ნაწილი მეცხრე და მეცამეტე რუსულ წითელ არმიასთან ბრძოლაში დამარცხდა. გენერალს მოჰყავს 1 500 მოხალისე გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და მათ შორის აღმოჩდნენ ძუკუ ლოლუას მომღერლები. სწორედ მაგიტომაა აქ მებრძოლთა საფლავები აფხაზური გვარებით - ემხვარი და ანჩაბაძე. ვარაუდია, რომ ესენი იყვნენ იმ მომღერალთა ჯგუფში, რომლებიც, როგორც მაჩაბლის გუნდი კრწანისის ველზე, ისე იბძოდნენ ესენიც ბათუმის გათავისუფლებისთვის... აი, ერთიანი საქართველო სად უნდა დავინახოთ“...

საბჭოთა ეპოქის ობელისკი
საბჭოთა ეპოქის ობელისკი

ბათუმის გათავისუფლების ისტორია და ბრძოლებში დაღუპულ მეომართა სახელები საბჭოთა კავშირის დროს დავიწყებას მიეცა. თავდაპირველად აქ წითელვარსკვლავიანი ობელისკი აღმართეს, რომელიც იუწყებოდა, რომ ამ ადგილას არა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის, არამედ რუსეთის წითელი არმიის ჯარისკაცები იბრძოდნენ, შემდეგ კი აქ ლენინის ძეგლი აღიმართა და მოედანსაც მისი სახელი ეწოდა, ხოლო აქვე არსებული დაღუპული მეომრების საფლავები ასფალტის ფენებით დაიფარა. ისტორიკოსი გიორგი ირემაძე ამბობს, რომ საბჭოთა რუსეთი ისტორიის გაყალბებას განგებ შეეცადა:

არქეოლოგიური გათხრები
არქეოლოგიური გათხრები

„ბუნებრივია, უნდა ეთქვათ, რომ ეს იყო საქართველოს დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მებრძოლთა საფლავი, რომლებიც იბრძოდნენ დამპყრობთა წინააღმდეგ და რომლებმაც გაათავისუფლეს ბათუმი იმ დროს თურქი დამპყრობლებისაგან. ეს არ იყო მისაღები კომუნისტური რეჟიმისთვის, იმიტომ რომ ყველა დადებითი მოვლენა, დაკავშირებული გათავისუფლებასთან და გამარჯვებასთან, უნდა ყოფილიყო წითელი და ბოლშევიკური იდეოლოგიით გაჟღენთილი“.

საბჭოთა უშიშროების ერთ-ერთმა გენერალმა პირადად გამორთო ჩვენი პნევმატური ჩაქუჩი. მოვიტანეთ ლომები და ხელსაწყოები და ასე დავიწყეთ ასფალტის ფენების აყრა, რაც არ იყო იოლი საქმე...
ირაკლი ჩავლეიშვილი

ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლების ისტორიის შესწავლა 90-იან წლებში განახლდა. 1990 წელს ეროვნული მოძრაობით შთაგონებულმა ადგილობრივებმა საფლავების მოძიებაც გადაწყვიტეს და ისტორიულ წყაროებში მითითებულ ადგილას არქეოლოგიური გათხრებიც კი დაიწყეს. ამ დროს ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი და საკითხით დაინტერესებულ არქეოლოგთა ჯგუფს არ მისცეს გათხრების ოფიციალური ნებართვა, თუმცა, როგორც ამ ექსპედიციის ერთ-ერთი ინიციატორი, არქეოლოგი ირაკლი ჩავლეიშვილი იხსენებს, მსგავსად 1921 წლისა, როდესაც მთელი ქალაქი ბათუმის დასაცავად გაერთიანდა, 1990 წელს ადგილობრივთა გაერთიანება ქალაქის დაღუპულ დამცველთა საფლავების მოძიების სურვილმა შეძლო:

„მართალი გითხრათ, ძალიან სარისკო საქმე იყო იმ დროს. რომ დავიწყეთ გათხრები, მოედანზე მოვიდა საბჭოთა მილიცია და საბჭოთა უშიშროების წარმომადგენლები და გაგვიჩერეს საქმე. საბჭოთა უშიშროების ერთ-ერთმა გენერალმა პირადად გამორთო ჩვენი პნევმატური ჩაქუჩი. მოვიტანეთ ლომები და ხელსაწყოები და ასე დავიწყეთ ასფალტის ფენების აყრა, რაც არ იყო იოლი საქმე და შედეგიც არ მოგვცა, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ქალაქელები, ბათუმში გავარდა ხმა, რომ მოედანზე საფლავებს ეძებენო და“...

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბათუმისათვის ბრძოლებში 50 დაღუპული მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს, მათ შორის კი ერთადერთი ქალის, რომელიც იყო 19 წლის მოწყალების და, მაყვალა ყანჩაველი. 1921წლის 23 მარტს ისინი მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინ, აზიზიეს მოედანზე, მხედრული პატივით დაკრძალეს.1990 წელს, მათი საფლავების პოვნის შემდეგ, ისინი ხელმეორედ დაკრძალეს, ადგილს კი გმირთა ხეივანი უწოდეს.

XS
SM
MD
LG