ამ წიგნის კოპირაიტებს რომ ჩახედოთ, თუ საქმის კურსში არა ხართ, გეგონებათ, რომ შეცდომაა გაპარული. აბა, სხვა რა უნდა იფიქროთ, როცა ავტორის, ჯულიან ბარნსის, კოპირაიტი 2016 წელს გიჩვენებთ, გამომცემლობა "დიოგენესი" კი - 2015-ს. არადა, ყველაფერი სწორად წერია.
ბარნსის ეს რომანი დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 28 იანვარს გამოიცა, თვე-ნახევრით ადრე კი მას ქართველი მკითხველი უკვე კითხულობდა: ბეჭდური სახითაც და ელექტრონული წიგნების მაღაზია "საბაზეც". რანაირად მოხერხდა ამ ექსკლუზივის აღება, ამ საკითხებს არ ჩავღრმავებივარ, მით უმეტეს, რომ თავად ამით არ მისარგებლია, მხოლოდ ახლა წავიკითხე "დროის ხმაური" - ბიოგრაფიული წიგნი, დაწერილი დიმიტრი შოსტაკოვიჩზე და შესანიშნავად გადმოქართულებული ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის მიერ. ერთი შეხედვით, "დროის ხმაური" ჩვეულებრივი ბიოგრაფიული რომანია, განსაკუთრებული ნიშნების გარეშე. მაგრამ ეს - ერთი შეხედვით. ცხადია, რომ როცა ბარნსის დონის კალმის ოსტატი წერს, ეს ტექსტზე აუცილებლად აისახება.
სწორედ ამაზე დავიწყე საუბარი პროზაიკოს თეონა დოლენჯაშვილთანაც. რა არის ის, რაც ამ წიგნს განსაკუთრებულობას ანიჭებს?
თეონა დოლენჯაშვილი: "მე ვფიქრობ, რომ ბარნსი საერთოდ არის ძალიან საინტერესო ავტორი. ამ თავისი სიმშრალით, რეპორტაჟულობით, ნაკლებად მეტაფორული, მაგრამ თან სწორედ ეს არის მისი ძალა და რაც წამიკითხავს ბარნსის, ძალიან დიდ დამაჯერებლობას სდებს ამ ყველაფერს. ამიტომ, ავტობიოგრაფიული ტექსტები, ალბათ, მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე უნდა იყოს. ვიდრე წავიკითხავდი, ეგ შეგრძნება მქონდა და ამიტომ დამაინტერესა ამ წიგნმა. საინტერესოა ბევრი სხვადასხვა კუთხით. ჯერ, თუ რატომ აირჩია მაინცდამაინც ეს კომპოზიტორი - უფრო დიდი მსხვერპლნი ჰყავს საბჭოთა რეჟიმს, მათ შორის, ხელოვანები. საიდან გაუჩნდა ეს იდეა, უკვე ბოლოთქმაში აქვს და კარგად ხსნის. ცალკე არის, თუ როგორ აუღო ალღო. მეგონა, საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანია, ეგეც ცალკე ამბავია. ძალიან კარგი დამაჯერებლობა აქვს ყველაფერს აბსოლუტურად: ადგილებს, დროს, ნივთებს, სიგარეტის კოლოფებს. რაც, საერთო ჯამში, ქმნის იმ განწყობას, იმ დროს და იმ „დროის ხმაურს“ სწორედ ყველაზე კარგად გაგრძნობინებს. მოკლედ, ჩვენთვის ძალიან ახლოა და გასაგებია და ამიტომ განსაკუთრებით კარგია, როდესაც ამას წერს თანამედროვე ბრიტანელი მწერალი, ასე მშობლიურ და ასეთ შინაურულ ატმოსფეროში გამყოფებს საბჭოთა მკითხველს. ძალიან საინტერესო იქნებოდა, ევგენი მიქელაძეზე რომ დაეწერა ვინმეს ასე".
რომანი სამი ნაწილისგან შედგება: "ლიფტის მოლოდინში", "თვითმფრინავში", და "მანქანაში". ეს სამი ნაწილი კომპოზიტორის ცხოვრების სამ ეტაპს აღწერს. უფრო სწორად, ამ სხვადასხვა ეტაპზე მის ფიქრებს კონკრეტულ სივრცეებში უყრის თავს. "ლიფტის მოლოდინში" რეპრესიების პერიოდია, ის მომენტი, როდესაც შოსტაკოვიჩი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ დღე-დღეზე სახლში თავს დაადგებიან და იქ წაიყვანენ, საიდანაც თითქმის აღარავინ უკან არ ბრუნდება. "ამიტომ, ბინიდან პიჟამას ამარა რომ არ გაეთრიათ", ჩაცმულ-დახურული და ხელჩანთიანი, რამდენიმე ღამე ლიფტთან დგას, "ენკავედეს" თანამშრომლებს ელის და თავის განვლილ ხანმოკლე ცხოვრებას იხსენებს: ახალგაზრდულ გატაცებებს, პირველ მუსიკალურ მცდელობებს, ფორმალიზმში დადანაშაულების პროცესს. "თვითმფრინავში" ომის შემდგომი პერიოდია აღწერილი. 1949 წელს სტალინის სურვილით შოსტაკოვიჩი მსოფლიო სამშვიდობო კონგრესზე იყო აშშ-ში. მას იქ უცრუვდება იმედი, თავისი სათაყვანებელი კომპოზიტორი, სტრავინსკი ნახოს, და მეტიც, უწევს ოფიციალურ პოზიციას დაუჭიროს მხარი და საკუთარი სურვილის წინააღმდეგ სტრავინსკი გააკრიტიკოს. ამ თავში ის ამერიკიდან უკან მოფრინავს და იქ გადამხდარზე ფიქრობს. აქ ჩნდება ტიხონ ხრენნიკოვიც - უნიკალური მედროვე ადამიანი, რომელმაც მოახერხა, ყველა რეჟიმს მორგებოდა და 1948 წლიდან 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ყოფილიყო. რა გითხრათ, ეს ხრენნიკოვი მეც კი მწარედ მახსოვს, თავისი ზორბა ტანით და ბრტყელ-ბრტყელი გამოსვლებით. მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა მისი უსახური სიმფონიების ფონზე მიდიოდა. ტელევიზიით გადმოცემულ კონცერტებში ბეთჰოვენსა თუ იმავე შოსტაკოვიჩს შორის მუდამ ხრენნიკოვი იყო ჩაკვეხებული.
რაც შეეხება მესამე თავს, აქ უკვე ხრუშჩოვის პერიოდია ნაჩვენები. როცა კომპოზიტორს სიკვდილის შიში ეხსნება, გარემო უფრო შემწყნარებელი ხდება, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სწორედ ამ დროს დგება ყველაზე მძიმე პერიოდი მისთვის: ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და ისიც ნელ-ნელა კომპრომისების ჭაობში ეფლობა. განიცდის სულიერ დეგრადაციას, თუმცა ხანდახან მაინც ცდილობს ამას თავისი გამართლება მოუძებნოს. აი, როგორია მისი ფიქრები:
"არც ლაჩრობა იყო იოლი. გმირობა ბევრად ადვილი გახლდათ - მხოლოდ იმწამიერი სიმამაცე სჭირდებოდა, ხელში იარაღის აღება, ხელყუმბარის ტყორცნა, ამბრაზურაზე გადაფარება, თვითშეწირვის ფასად ტირანის მოკვლა... აი, ლაჩრობა კი უსასრულო, გაძაღლებულ ყოფას გულისხმობდა. თან სულ ფხიზლად უნდა ყოფილიყავი, წამითაც ვერ მოდუნდებოდი იმის განუწყვეტელ მოლოდინში, კიდევ როდის მოგიწევდა საკუთარი საქციელის გამო მობოდიშება, ჭირის ოფლში გაწურვა, თვითგვემა, რეზინის ლანჩების ლოკვა და წელში მოკაკვა. ლაჩრობა სიმტკიცეს, გამძლეობას, ნებისმიერ ცვლილებაზე უარს ითხოვდა, რაც მას, გარკვეულწილად, სიმამაცესთან აახლოებდა".
მოვუსმინოთ კვლავ თეონა დოლენჯაშვილს.
მთავარი, ალბათ, მაინც იყო გადარჩენა და გადარჩენა იმ შემოქმედების. ძალიან ადამიანური წიგნია, ეს არის ყველაზე მთავარი და, ალბათ, ამიტომაც შეიძლება გამოტოვა ის წარმატების ამბავიც. მისი სულის ისტორია უფროა, ვიდრე შემოქმედების...თეონა დოლენჯაშვილი
თეონა დოლენჯაშვილი: „მწერლის დასკვნები პირდაპირ მიეწერება მის პერსონაჟს, იმიტომ რომ მისი რაღაც ცხოვრებისეული განცდები, რაღაც მეტაფორები, რაღაც რეზიუმეები, მერე ამ ყველაფრის ანალიზი, არის ძალიან ოსტატურად ამბავში ჩაქსოვილი, იმ ისტორიაში, რასაც ვუყურებთ. ერთი ამოსუნთქვითაც იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრამატული, აფეთქებების, მძაფრსიუჟეტიანი თუ თავბრუდამხვევი ისტორიების მოწმე აქ ჩვენ არ ვხდებით. ეს შიგნით ნაღმივით წიკწიკებს და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ სიბერემდე იცხოვრა, რაღაცას ელოდები, რაღაც საშინელს, რაღაც მძიმეს. ასე არ ხდება კომპოზიტორის კომპრომისის ხარჯზე, რაც, პრინციპში, იქცა მისი ცხოვრების მთავარ სიმძიმედ და მთავარ ტკივილად. ბევრგან შეიძლება იგრძნო მისი ეს დარდი, თუნდაც, ახმატოვასთან მისი შეხვედრა, სადაც ორივენი მდუმარედ სრულ სიჩუმეში სხედან. ორივე იბრძოდა როგორც შემოქმედი და "სულის ინჟინერი" ადამიანების გადარჩენისთვის, თან საკუთარი შემოქმედების გადარჩენისთვის - და სწორედ ამ სიჩუმეში იბადება ყველაზე დიდი ხმაური, პრინციპში, გამაყრუებელი და დამანგრეველი. ის, რამაც შეიწირა თაობები არამხოლოდ ფიზიკურად. შეიძლება ფიზიკურად გადარჩე, მაგრამ ეს არ ნიშნავდეს ბევრს არაფერს“.
საინტერესოა, რომ ამ რომანში ბარნსმა, ფაქტობრივად, გვერდი აუქცია შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიას, ომის დროს, 1941 წელს, შეთხზულს, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებს. არ ჰყვება, თუ როგორ იქმნებოდა იგი, როგორ შესრულდა, რა მოჰყვა ყოველივე ამას. ერთი მხრივ, ეს ძალიან უცნაურად ჩანს, თუმცა, თუ დავუკვირდებით, ბარნსის მიდგომა იოლად შეიძლება აიხსნას.
თეონა დოლენჯაშვილი: „იქნებ სწორედ ამ წარმატების გამოფენა არ უნდოდა ავტორს, იმიტომ რომ დრამატურგიულად იმდენად სწორად არის დალაგებული წიგნი, რომ აღარც გთხოვს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე წარმატებული ამბავი, ასე რომ ვთქვათ, არის ამოჭრილი. მთავარი, ალბათ, მაინც იყო გადარჩენა და გადარჩენა იმ შემოქმედების. ძალიან ადამიანური წიგნია, ეს არის ყველაზე მთავარი და, ალბათ, ამიტომაც შეიძლება გამოტოვა ის წარმატების ამბავიც. მისი სულის ისტორია უფროა, ვიდრე შემოქმედების“.