დღეს, 30 ოქტომბერს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება როგორც „რკინის აბრეშუმის გზა“. მას ეკონომიკურ წინსვლასა და რეგიონის სტაბილურობის ხელშეწყობაზე მიმართულ პროექტად მიიჩნევენ,თუმცა როდიდან დაიტვირთება რკინიგზა სრულად, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ცერემონიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ბაკიტჟან საგინტაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი მონაწილეობდნენ. მათ სიმბოლურად გადაიყვანეს ისრები, გახსნეს მემორიალური დაფა და იმგზავრეს მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.
„დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკასა და სავაჭრო პოტენციალს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან“, - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სურს თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ინიციატივის განხორციელების საქმეში:
“ბაქო-თბილისი-ყარისის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო სატრანსპორტო რუკაზე ეს მარშრუტი იკავებს „შუა კორიდორის“ ადგილს, როგორც ამ კორიდორს უწოდა პრეზიდენტმა ერდოანმა სულ ცოტა ხნის წინ გამართულ აბრეშუმის გზის სამიტზე. დღეს საკონტეინერო მატარებელს ჩინეთიდან საქართველომდე, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით, 8 დღე სჭირდება“.
ამ პროექტით შესაძლებელი გახდება ბევრად იაფად და ბევრად სწრაფად დაუკავშირდეს ევროპა აზიას, რითაც ჩვენ ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ თუნდაც იმით, რომ ბევრი ქვეყანა იქნება დაინტერესებული ჩვენთან სტაბილურობით და ამას დაემატება, ვთქვათ, ეკონომიკური სარგებელი - ინვესტიციები მოჰყვება...მერაბ ჯანიაშვილი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის იანვარში გაიარა, 2017 წლის ივლისში კი პირველი მატარებელი ყარსიდან საქართველოს საზღვრამდე მივიდა. რკინიგზის ოფიციალურად გახსნის პირობებში 24 ოქტომბერს ყაზახეთის ქალაქ კორსტანაიდან თურქეთის ქალაქ მერსიანისკენ ხორბლით დატვირთული შემადგენლობა დაიძრა. როდიდან ამოქმედდება რკინიგზა სრული დატვირთვით და როდის შემოვა პირველი მატარებელი საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ სამ ქვეყანაზე გამავალი რკინიგზით, ეტაპობრივად, ყოველწლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და მილიონამდე მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გაზრდის და ამიტომ პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისთვის, ისე განვითარებისა და რეგიონალური სტაბილურობისთვის:
“ამ პროექტით შესაძლებელი გახდება ბევრად იაფად და ბევრად სწრაფად დაუკავშირდეს ევროპა აზიას, რითაც ჩვენ ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ თუნდაც იმით, რომ ბევრი ქვეყანა იქნება დაინტერესებული ჩვენთან სტაბილურობით და ამას დაემატება, ვთქვათ, ეკონომიკური სარგებელი - ინვესტიციები მოჰყვება, წესით და რიგით, ამ პროექტს და დასაქმებული ადამიანები“.
რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ინფორმაციით, 2 500 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით კი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო ხაზია და იგი აზიისა და ევროპის ბაზრებზე გასვლას შეუწყობს ხელს. საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე, არ იზიარებს რა სკეპტიკოსების აზრს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა საზღვაო პორტების კონკურენტად ჩამოყალიბდეს, ამბობს:
“იქიდან გამომდინარე, რომ 5-დან 17 მილიონამდე ტონა ტვირთი იქნება ტრანსპორტირებული აღნიშნული რკინიგზის მეშვეობით, რა თქმა უნდა, ეს გაზრდის გამტარუნარიანობას. დამატებით, რაც შეეხება ბათუმის და ფოთის პორტებს და, თუნდაც, იგივე ანაკლიის პორტს, ის დამატებითი მოცულობის ტვირთებს მიიღებს, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, მოხდება სარკინიგზო გადატვირთვა სხვადასხვა ტვირთის, მეორე მხრივ კი, საზღვაო გადაზიდვა და, პირიქით, მე ასე მგონია, რომ ისინი ერთმანეთს შეავსებენ და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გაიზრდება“.
აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის, თანახმად კი , სრულდება ეტაპი, რომელიც აყალიბებს სამხრეთ-კავკასიურ დერეფანს, რომელშიც იქნება ენერგო, სატრანზიტო და სატრანსპორტო კომუნიკაციები.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობასა და პოტენციალზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ თბილისშიც. 28-29 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.